Facebook Twitter

ას-884-927-2011 15 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “...”, ნ.უ-ი, მ.ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 06 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “...ს” 2009 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 06 აპრილის განჩინებით ნ.ბ-ის საჩივარი შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “...ს” 2009 წლის 10 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, ნ.ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე 2007 წლის 06 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ.ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 06 მაისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ნ.ბ-ის საჩივარი შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “...ს” 2009 წლის 10 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული. ამავე განჩინებით ნ.ბ-ეს კერძო საჩივარზე გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე 2007 წლის 06 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ივნისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2011 წლის 20 ივნისს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე. საქართველოს ფოსტის 2011 წლის 12 ივლისის ¹... წერილით ირკვევა, რომ ხარვეზის განჩინება კერძო საჩივრის ავტორ ნ.ბ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 20 ივნისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ნ. ბ-ისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 21 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 23 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რომელიც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ.ბ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.