Facebook Twitter

ბს-1283-858(კ-05) 2 მარტი, 2006წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდური შრომის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ა-ამ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ 31.01.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო საგუშაგო « ........ « საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანებით განთავისუფლდა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ა. ა-ამ მისი ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური შრომის ანაზღაურება მოითხოვა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 25.03.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სადავო ადმინისტრაციული აქტი და მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ა-თვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.07.05წ. გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ა-ას სარჩელი და იგი აღდგენილ იქნა განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, მოპასუხეს იძულებით განაცდური შრომის ანაზღაურება დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ა-ას სამსახურიდან განთავისუფლებისას დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლი ავალდებულებდა ადმინისტრაციას მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებისას ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.07.05წ. გადაწყვეტილება საკასაცი წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორი აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. კასატორის განცხადებით, რეორგანიზაციის შემდეგ საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 საშტატო ერთეულით. აღნიშნული გარემოების გამო დაწესებულების ადმინისტრაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა ა. ა-თვის სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა. ადმინისტრაციამ იმსჯელა, თუ ვის ენიჭებოდა შტატების შემცირების დროს სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე მოხდა მათი დანიშვნა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. ა-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» რეორგანიზაცია, რასაც შტატების შემცირება მოჰყვა, მაგრამ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული შტატების რაოდენობა არ შემცირებულა საბაჟო-საგუშაგო « ........ « საბაჟო კონტროლის განყოფილებაში. ფინანსთა მინისტრის 08.07.04წ. ¹469 და 02.12.04წ. ¹775 ბრძანებებით დამტკიცებული რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო ნუსხების შედარებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო-საგუშაგო « ........ « საბაჟო კონტროლის განყოფილებაში ინსპექტორის 23 საშტატო ერთეულია.

ა. ა-ა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო საგუშაგო « ...... « საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანებით განთავისუფლდა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. განსახილველ შემთხვევაში შტატების შემცირებას და უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ადგილი არ ჰქონია. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა მოხელის გათავისუფლების დაუშვებლობას, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენდა არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო წესს. მიუხედავად ამისა, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადმინისტრაციას მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით არ გარკვეულა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ა. ა-ა უკანონოდ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹24-კ ბრძანება ა. ა-ას სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში მართებულად იქნა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადა არის მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.07.05წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.