ას-893-936-2011 22 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “...”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-ძემ სარჩელი აღძღა სასამართლოში სს “...” ადმინისტრაციის წინააღმდეგ და მოითხოვა ბრძანებების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა, ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ქონებრივი და მორალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით მ. მ-ძის სარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2011 წლის 4 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში განუხილველად დარჩა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2007 წლის 28 ივნისის ¹6 ბრძანების გაუქმებისა და შესაბამისი ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა მ. მ-აძემ და მოითხოვა მათი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
2011 წლის 10 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. მ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, მისი განმარტებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის 28 ივნისის ბრძანება ეხებოდა სამუშაოდან გათავისუფლებას, რაც არასწორია, ვინაიდან იგი ეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღნიშნული განცხადებით მ. მ-ძემ ასევე მოითხოვა დასახელებული განჩინების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებაში უსწორობის გასწორებისა და აღნიშნული განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და განჩინების განმარტების თაობაზე არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით განსაზღვრული უსწორობის გასწორებისა და გადაწყვეტილების განმარტების წესს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს რა სამართალწარმოების პროცესში საპროცესო დოკუმენტების შედგენისას გარკვეული უზუსტობის არსებობას, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები. ამავდროულად, აღნიშნული ნორმის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლიათYარსებითად იმოქმედონ საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგზე.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. მ-ძის მოთხოვნა არ შეესაბამება ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა მითითებული მუხლით გათვალისწინებულ უსწორობის გასწორების წინაპირობებს.
გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე მ. მ-ძის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად უთხრა უარი მის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო, ამ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელებული ან შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა), დაუშვებელია და აღსრულების ხელშეწყობის საჭიროებაც არ წარმოიშობა, რაც გადაწყვეტილების განმარტების მიზანს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან, ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს და არც თავად განცხადებელი უთითებს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაზე, არამედ მოითხოვს მხოლოდ გადაწყვეტილების განმარტებას იმგვარად “თუ რომელი მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, რომელზედაც დავა თითქოს გადაწყვეტილი იყოს და უდავოდ დასტურდებოდეს”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.