Facebook Twitter

ას-896-938-2011 18 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. გ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “.... ბანკი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “.... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ძის მიმართ 7909.31 აშშ დოლარის, 3255.59 ლარის, დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვამდე 5430.30 აშშ დოლარსა და 2524.31 ლარზე სარგებლის _ წლიური 18%-ის დარიცხვის მოთხოვნით.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი დაკისრებული თანხის ნაწილში ცნო და მოითხოვა თანხის გადახდის განაწილვადება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს “.... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. გ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7909.31 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 3255.59 ლარის, სესხის ძირითად თანხაზე _ 5430.30 აშშ დოლრსა და 2524.31 ლარზე დარიცხული სარგებლის _ წლიური 18 %-ის, ასევე სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მხოლოდ ძირითადი თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით დ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას, 2008 წლის 30 იანვარს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი დ. გ-ძე. სასამართლო გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და მოპასუხის საცხოვრებელი ადგილიდან _ ქ.ბათუმი, .... ქ¹5, ბინა ¹22-დან დაბრუნებული ჩაუბარებელი გზავნილის თანახმად, დ. გ-ძე მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. სასამართლომ ასევე ჩათვალა დადგენილად ის ფაქტი, რომ დ.გ-ძემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 27 აპრილს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით, 76-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ვინაიდან მისამართის შეცვლის თაობაზე დ.გ-ძეს სასამართლოსათვის არ უცნობებია, მას სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა გზავნილის მის მიერ მითითებულ მისამარზე მიტანის დღეს _ 2008 წლის 26 მაისს და ამ უკანასკნელმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა, რომლის დენაც ამოიწურა 2008 წლის 9 ივნისს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. გ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 26 მაისს. ამ დასკვნის გაკეთებისას სასამართლო არასწორად დაეყრდნო კურიერის მინაწერს, ამასთან, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას საცხოვრებელი მისამართი არასოდეს შეუცვლია, პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სასამართლოს კორესპოდენციას ის სწორედ მითითებულ მისამართზე იღებდა. კურიერის მინაწერი არასრულია, რადგანაც მითითებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული მეზობლებისა თუ სხვა პირთა მიერ, არაა მითითებული ადრესატის მისამართზე გამოცხადების საათი და სხვა. ამასთან, ვინაიდან 26 მაისი უქმე დღე იყო, მხარე შესაძლოა არც კი ყოფილიყო შინ. მისამართის შეუცვლელობის დასადასტურებლად მხარემ ასევე წარმოადგინა ელექტროენერგიის გადახდის ქვითრები.

დ.გ-ძის განმარტებით, სასამართლოს ასეთ დროს უნდა ეხელმძღვნელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2008 წლის მაისის მდგომარეობით მოქმედი 78-ე მუხლის რედაქციით და სასამართლო შეტყობინება გაევრცელებინა პრესის მეშვეობით, ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლსა და 264-ე მუხლზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ არის შესული კანონიერ ძალაში სასამართლო შეტყობინების გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქციით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, მხარისათვის ჩაუბარებლობის გამო. სააპელაციო საჩივრის განუხილველად არასწორად დატოვების შედეგად სააპელაციო პალატამ დაარღვია დ.გ-ძისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-390-ე და 414-ე მუხლების შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ.გ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლსა და 76-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ მხარემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ.გ-ძეს გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე _ ქ.ბათუმში, .... ქ¹5-ში მდებარე ბინა ¹22-ში. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის თანახმად, ადრესატი მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. დასახელებული ნორმის გამოყენება დასაშვებია სწორედ ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც სასამართლოსათვის ცნობილია მხარის მისამართი, მას სასამართლო შეტყობინება ბარდება ამ მისამართზე და მხარე ისე შეიცვლის მისამართს, რომ სასამართლოს არ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე.

მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ მას საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მას სასამართლო შეტყობინებები ბარდებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას დ.გ-ძე ესწრებოდა სასამართლო სხდომას.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 2008 წლის მაისში მოქმედი რედაქციის შესაბამისად და სასამართლო შეტყობინება გაევრცელებინა პრესის მეშვეობით, რადგანაც, ამ დროს მოქმედი 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი, ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნილი დანაწესით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობი იქნებოდა, სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე კი შეტყობინება არ ბარდებოდა და არა მაშინ, როდესაც მხარე შეიცვლიდა საცხოვრებელ მისამართს. მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, ვინაიდან მხარეს სასამართლოს სხვა კორესპოდენცია ბარდებოდა საქმეში არსებულ მისამართზე, სპეციალურ ნორმას წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 76-ე და არა 78-ე მუხლი. ამდენად, სააპელაციო პალატას არ დაურღვევია კანონი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ კურიერის აქტის ნამდვილობისათვის საჭიროა აქტი შეიცავდეს მითითებას გამოცხადების საათზე და მეზობელთა და სხვა პირთა დადასტურებას, რადგანაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აქტის ნამდვლობისათვის შესაბამის დანაწესს არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ.გ-ძე სათანადოდ იყო ინფორმირებული და ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან რომლისთვისაც ცნობილი იყო მისი გამოცხადების დროის თაობაზე და არ ბარდება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, გონივრული ვარაუდიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, მიაკითხოს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით. აღნიშნული, მართალია, არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ სასამართლოს ვალდებულებას მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპირადნ გამომდინარეობს მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის აქტიურად და არა პასიურად რეალიზება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აღსრულებაუნარიანი აქტია, რომელიც მიმართულია გადაწყვეტილებით დადგენილი მხარის უფლების რეალიზებისაკენ და კანონით დადგენილი დანაწესების გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. აღნიშნულითაა განპირობებული საპროცესო კოდექსის 369-ე და 397-ე მუხლების დებულებები, რომ გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის დანაწესით და სწორად ჩათვალა კურიერის მინაწერის საფუძველზე გადაწყვეტილების მოპასუხისათვის ჩაბარების დღედ 2008 წლის 26 მაისი, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2008 წლის 9 ივნისს, სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ შევიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

რაც შეეხება დ. გ-ძის მითითებას, რომ მას მისამართი არასოდეს შეუცვლია, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და ვერ ჩათვლის დადასტურებულად, რადგანაც მისამართის შეცვლაში უმთავრესად იგულისხმება არა რეგისტაციის ადგილი, არამედ, ფაქტობრივი მისამართის შეცვლა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

ამასთან, მისამართის არშეცვლის ფაქტი არ დასტურდება ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტიცებულებებით _ კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებითაც, ვიინაიდან მოდავე სუბიექტი დ. გ-ძეა, ხოლო სადავო მისამართზე, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დასტურდება, რომ რეგისტრირებულია გ. გ-ძე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. გ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.