ას-899-939-2011 11 ივლისი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჭ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ჭ-ძემ მოპასუხე მ. მ-შვილის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 4 მაისს მოპასუხეს ასესხა 7000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით თვეში 3%-ის დარიცხვით. მოპასუხემ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქუთაისში, ... გამზირის ¹17-ში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის ძირითადი თანხის 7000 აშშ დოლარისა და პროცენტის 210 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელი ბინის იძულებითი რეალიზაცია მოითხოვა.
მოპასუხე მ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: როდესაც გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რ. ჭ-ძემ გადასცა 5200 აშშ დოლარი, 800 აშშ დოლარი დაიტოვა მომსახურების საფასურად და იგი ყოველთვიურად იხდიდა 6000 აშშ დოლარის 8%-ს, გადახდილი აქვს 9600 აშშ დოლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. მ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად 210 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა თანხის საბოლოო გადახდამდე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-შვილმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 27 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი მ. ნ-ძე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. აპელანტს რაიმე შეტყობინებით გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოსთვის არ მიუმართავს. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და საქმის განხილვის გადადებაზე და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის და მესამე ნაწილის, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-შვილის წარმომადგენელმ მ. ნ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 27 აპრილს მონაწილეობას ღებულობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამოქალაქო საქმის განხილვაში, სადაც წარმოადგენდა მ. ა-იას ინტერესებს, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით, შესაბამისად ვერ შეძლო ქუთაისის სააპეალციო სასამართლოში გამოცხადება. ამასთან, სასამართლო სხდომამდე იყო წინასააღდგომო დასვენების დღეები და ვერ შესძლო წერილობით ეცნობებინა აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მ. მ-შვილის წარმომადგენელ მ. ნ-ძეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2011 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და სააპელაციო პალატას არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ აცნობა.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. მ-შვილის წარმომადგენელს სასამართლო პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუდასტურებია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ ის მონაწილებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 27 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე და ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მ. ნ-ძეს შეეძლო აღიშნულის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის ან როგორც აპელანტის წარმომადგენლის სტატუსით საქმის განხილვაში მონაწილე სუბიექტს, უნდა უზრუნველეყო თავისი მარწმუნებლის მ. მ-შვილის სასამართლო პროცესის თაობაზე გაფრთხილება, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მეორე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.