ას-905-945-11 5 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ჩ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ზ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით ზ. ჩ-შვილს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შეთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. Uუწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. Uუწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2011 წლის 24 ივნისს მის შვილიშვილს გ. ქ-ავას (ს.ფ.46-47), შესაბამისად ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 27 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2011 წლის 29 ივნისს ზ. ჩ-შვილმა ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2 დღით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2011 წლის 27 ივნისს, ხოლო მის მიერ განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილ იქნა მიმდინარე წლის 29 ივნისს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-შვილის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ჩ-შვილის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.