Facebook Twitter

ას-907-947-2011 29 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარე _ სადაზღვევო კომპანია შპს “...”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანია შპს “...ს” სარჩელი მოპასუხე შპს “...ს” მიმართ დაკმაყოფილდა: შპს “...ს” მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 23100 ლარი, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 843 ლარის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 112-117).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 122-131).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტ შპს “...ს” დირექტორი ი.ზ-ე გამოცხადებული იყო 2011 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული სხდომა გადაიდო ი.ზ-ის შუამდგომლობის გამო, 2011 წლის 19 აპრილს, 17.00 საათზე. სხდომის გადადების თაობაზე შპს “...ს” დირექტორს ეცნობა ხელწერილით, რომელზეც მითითებულია სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობისა და გამოუცხადებლობის თანმდევი შედეგების თაობაზე. ი.ზ-ემ ხელწერილის შინაარსის გაცნობა ხელმოწერით დაადასტურა. სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა აპელანტისათვის სასამართლოში დროულად გამოცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლზე, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, რომელთა თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო მოპასუხე არ შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები; სასამართლო, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სხდომის გადადების კანონისმიერი წინაპირობები. შესაბამისად, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საფუძვლიანად ჩათვალა (ტომი II, ს.ფ. 56-59).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განჩინება შპს “...მ” კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “...ს” წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნია საზოგადოების დირექტორ ი.ზ-ეს, რომელიც იყო კიდეც ჩართული შპს “...თან” არსებული პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. შესაბამისად, მასვე უნდა განეხორციელებინა აპელანტის წარმომადგენლობა სასამართლოში. სასამართლო სხდომის დღეს, რა დღესაც მიღებულ იქნა გასაჩივრებული განჩინება, ი.ზ-ე იმყოფებოდა საზოგადოებისათვის ძალზედ მნიშვნელოვან, გადაუდებელ შეხვედრაზე, რის გამოც მან ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე გამოცხადება. დირექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მითითებული სხდომის იგნორირების ფაქტს, დირექტორმა ფიზიკურად ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება და მასში მონაწილეობის მიღება დასახელებული მიზეზის გამო. საგულისხმოა, რომ დავის სასამართლოში მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში შპს “...ს” მხრიდან ადგილი ჰქონდა პირველ გამოუცხადებლობას. არსებულ ვითარებაში, შესაძლებელი იყო პირველივე შემთხვევაში არ მომხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მით უფრო როდესაც, როგორც თავად მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პრობლემის მოგვარების მიზნით (ტომი II, ს.ფ. 64-65).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

გასაჩივრებული განჩინებით შპს “...ს” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტი ორგანიზაციის _ შპს “...ს” დირექტორს ი.ზ-ეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის სხდომის დროისა და ადგილის, აგრეთვე, სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ ი.ზ-ე ესწრებოდა 2011 წლის 15 მარტის მთავარ სხდომას, რომელიც გადაიდო 2011 წლის 19 აპრილს. სხდომაზე შედგენილი ხელწერილით სააპელაციო სასამართლომ ი.ზ-ეს აცნობა ახალი სხდომის შესახებ და განუმარტა გამოუცხადებლობის შედეგები (ტომი 2, ს.ფ. 55).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო ხდომის დღეს შპს “...ს” დირექტორი ი.ზ-ე (რომელსაც გააჩნია საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და რომელიც უშუალოდ იყო ჩაბმული მოწინააღმდეგე მხარესთან არსებული დავის მოგვარების საქმეში) იმყოფებოდა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, გადაუდებელ შეხვედრაზე, რის გამოც მან ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე გამოცხადება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ მსჯელობას. ჯერ ერთი, საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებას, კერძოდ, მას საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მოცემული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103-ე მუხლებიდან გამომდინარე, მისი მტკიცების ტვირთში შედის. ამასთან, აპელანტის _ შპს “...ს” დირექტორის ყოფნა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან შეხვედრაზე, არ წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, თუ ეს არ არის გამოწვეული განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. მხარე ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, ამასთან, მოეთხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, რაც მას არ გაუკეთებია. 2011 წლის 19 აპრილის სხდომის შესახებ აპელანტს ეცნობა ჯერ კიდევ 2011 წლის 15 მარტს. აქედან გამომდინარე, მას საკმარისი დრო ჰქონდა თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. რაც მას არ გაუკეთებია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აპელანტს შეეძლო მიეღო ზომები, რომ სასამართლო სხდომაზე მისი უფლებების დაცვა უზრუნველეყო წარმომადგენელს, რაც ასევე არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.