ას-922-961-2011 15 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ს-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ა. ც-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ს-ძეს შვილის _ მ. ს-ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის _ თვეში 150 ლარის გადახდა სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ასევე მოპასუხეს მ. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა დახმარების _ 1000 ლარის გადახდა, ბ. ს-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მიეცა უფლება მერცია ს-ძის მოსანახულებლად კვირაში ერთი დღე _ შაბათი, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ალიმენტისა და ერთდროული დახმარების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ალიმენტის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. ა-ძის სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ს-ძეს არასრულწლოვანი შვილის _ მერცია ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის _ თვეში 100 ლარის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტიილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ს-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარის დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2011 წლის 19 აპრილს მ. ა-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით მ. ა-ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაფიქსირებული პირობა: “დაეკისროს ბ. ს-ძეს მისი არასრულწლოვანი შვილის მერცია ს-ძის (დაბადებული 1997 წლის 30 მაისს) სასარგებლოდ გადასახდელად ალიმენტის თანხა თვეში 100 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე” განიმარტა შემდეგნაირად: “დაეკისროს ბ. ს-ძეს მისი არასრულწლოვანი შვილის მერცია ს-ძის (დაბადებული 1997 წლის 30 მაისს) სასარგებლოდ გადასახდელად ალიმენტის თანხა თვეში 100 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე, სარჩელის შეტანის დღიდან _ 2009 წლის 20 ოქტომბრიდან.”
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ს-ძის წარმომადგენელმა ა. ც-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 4 ივლისს ბ. ს-ძის წარმომადგენელმა ა. ც-ძემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საკასაციო პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით ბ. ს-ძის წარმომადგენელ ა. ც-ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს _ ა. ც-ძეს 2011 წლის 6 ივლისს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არც კერძოOსაჩივრის ავტორებმა და არც მათმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს-ძის წარმომადგენელ ა. ც-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ა. ც-ძეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 6 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ. 250).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 7 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 11 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ს-ძის წარმომადგენელ ა. ც-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.