ას-927-965-2011 14 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ო. მ-ოვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ს-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. მ-ოვისა და კ. შ-იანის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ც. ს-ძეს აღუდგა საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ... ქ.¹17-ში მდებარე ქონებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. მ-იანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინების ასლი ო. მ-ოვს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მის შვილს _ რ.მ-ოვს 2011 წლის 27 აპრილს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის ჩაბარებას უთანაბრდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ო. მ-ოვის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაზე ო. მ-ოვმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: აპელანტს სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. მ-ოვი ხსენებულ მისამართზე ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს. ამდენად, მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. მ-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში ო. მ-ოვის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება.
საქმის მასალებით დასტურდება და მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განჩინება ხარვეზის ვადის განსაზღვრის შესახებ 2011 წლის 27 აპრილს ჩაბარდა აპელანტის შვილს. აღნიშნული კი სასამართლო გზავნილის თავად აპელანტისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლები). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 27 აპრილიდან და ამოიწურა 2011 წლის 7 მაისს, ანუ ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტს გააჩნდა 2010 წლის 7 მაისის ჩათვლით.
აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შემდგომ რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ იგი ქ.თბილისში, ... ქ.¹17-ში არ ცხოვრობს, ვინაიდან აღნიშნული მისამართი მხარემ მიუთითა არა მხოლოდ სააპელაციო, არამედ განსახილველ კერძო საჩივარშიც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო, სასამართლოსათვის მიეთითებინა ისეთი მისამართი, რომელზეც შესაძლებელი გახდებოდა საჭირო კორესპოდენციის გაგზავნა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გზავნილისა და სხვა სახის შეტყობინების ჩაუბარებლობაზე პასუხისმგებლობა თავად მხარეს ეკისრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. მ-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.