ას-934-972-2011 29 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს “...”
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...ს” სარჩელი მოპასუხე სს “...ს” მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 94031 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2835 ლარის, აგრეთვე წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 69-74).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 79-88).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით სს “...ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში; სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად მოპასუხე სს “...ს” გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა 2011 წლის 13 აპრილს. მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის წლის 14 აპრილიდან და ამოიწურა 27 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი უნდა წარედგინა 2011 წლის 27 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით კი ირკვეოდა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა 2011 წლის 28 აპრილს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი კანონით გათვალისწინებული რაიმე ფორმით 27 აპრილს ვერ იქნებოდა წარდგენილი, ვინაიდან იგი ხელმოწერილი და დათარიღებულია 2011 წლის 28 აპრილით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ახვლედიანის ¹3 წარმოადგენს სს “...ს” იმ მისამართს, რომელსაც გარდა იმისა, რომ მოპასუხე შესაგებელში უთითებს, წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტის იურიდიულ მისამართს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და განმარტა, რომ ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საჭიროა, მისი მიღება დასტურდებოდეს საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. კორესპონდენციის მიღებისათვის პირდაპირ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კანცელარიის თანამშრომელი, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს, ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის მიერ კორესპონდენციის მიღებისას ეს უკანასკნელი ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად. ამავე მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებას და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით დაამოწმებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტში ითვლება “ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს”. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დ.ტ-ე (გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმომწერი პირი) ითვლება იმ უფლებამოსილ პირად, რომელმაც სს “...ს” სახელზე მისული კორესპონდენცია ჩაიბარა.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სს “...ს” სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, რადგან ადგილი ჰქონდა სააპელაციო საჩივრის წარდგენას კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 92-96).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “...მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საწარმოს იურიდიულ მისამართზე გზავნილის ნებისმიერი პირისათვის ჩაბარება ითვლება კანონით დადგენილი წესით გზავნილის ჩაბარებად. საქართველოს კანონმდებლობა სავალდებულო მოთხოვნად არ აწესებს, რომ საწარმომ ფაქტობრივი საქმიანობა განახორციელოს იმ მისამართზე, რომელიც სამეწარმეო რეესტრში მითითებულია მის ოფიციალურ მისამართად. შესაბამისად, საწარმო დაზღვეული ვერ იქნება იმისაგან, რომ მის მისამართზე გზავნილი ჩაბარდეს არაუფლებამოსილ პირს. გარდა ამისა, სრულიად შესაძლებელია, რომ ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირებული იყოს რამდენიმე კომპანია. უფრო მეტიც, სრულიად შესაძლებელია კომპანიის ყველა თანამშრომელმა არ იცოდეს, რომ იმავე მისამართზე სხვა კომპანიაცაა რეგისტრირებული და შემთხვევით ჩაიბაროს გზავნილი, რომელიც არ არის ადრესირებული მისი დამსაქმებლისათვის. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დ.ტ-ე, რომელმაც სს “...ს” სახელზე გაგზავნილი წერილი ჩაიბარა, არ არის ამ კომპანიის თანამშრომელი. ... ¹3-ში არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული, მათ შორისაა სს “...”. სს “...ს” თანამშრომლებს დ.ტ-ემ გზავნილი მოგვიანებით, 2011 წლის 20 აპრილს გადასცა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა მათთვის სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა აითვალოს (ს.ფ. 101-102).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “...ს” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება და სს “...ს” სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარება დ.ტ-ისათვის, რომელიც გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მითითებულია როგორც ოპერატორი. აღნიშნული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი დანაწესი, რომლის მიხედვით, გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის სამუშაო ადგილზე გაგზავნილი უწყება (განჩინება) უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს. ასეთ შემთხვევაში ჩაბარება დასტურდება მიმღების ხელმოწერით.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საწარმოს უფლებამოსილ პირს არ ჩაჰბარებია, კერძოდ, გზავნილის მიმღები სუბიექტი მ. ტ-ე არის ამავე მისამართზე რეგისტრირებული სს “...” ოპერატორი და არა სს “...ს” თანამშრომელი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქ.თბილისში, ... ¹3-ში რამდენიმე იურიდიული პირია რეგისტრირებული. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის იმ იურიდიული პირების შესახებ ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან, რომელთა იურიდიულ მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, .... ¹3, ანუ ის მისამართი, რომელზეც სადავო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა (ს.ფ. 108-113). დასახელებულ მისამართზე რეგისტრირებული იურიდიული პირებიდან ერთ-ერთია სს “...”. ამავდროულად, კერძო საჩივარზე თანდართულია სს “...” დირექტორის მიერ გაცემული 31.05.2011წ. ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ დ.ტ-ე აღნიშნულ საზოგადოებაში მუშაობს ოპერატორის თანამდებობაზე (ს.ფ. 114).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებები ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ პიროვნება, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სს “...სათვის” განკუთვნილი ასლი ჩაიბარა, არ წარმოადგენს ამ ორგანიზაციის თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ მოწინააღმდეგე მხარე შპს “...” თავის შესაგებელში გამოგონილს უწოდებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას, თუმცა ამ გარემოების გასაქარწყლებლად მას არნაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის 2011 წლის 13 აპრილს ჩაბარების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი სს “...ს” თანამშრომლებს დ.ტ-ემ გადასცა 2011 წლის 20 აპრილს. ამ მომენტიდან კი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა გასული არაა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 28 აპრილს, ანუ გასაჩივრების ვადის გასვლამდე. ამდენად, მითითებული საფუძვლით სს “...ს” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “...ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინება და საქმე სს “...ს” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.