Facebook Twitter

ას-960-998-2011 21 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-შვილი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “გ- 2008” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-შვილისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “გ- 2008-ის” მიმართ ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში სახელმწიფო ბაჟის _ 950 ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა, ასევე მითითება, თუ რატომ ითხოვდა სააპელაციო საჩივრით მოწმეთა დაკითხვას, მაშინ როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული არ ჰქონია და რა საპატიო მიზეზით ვერ შეძლო აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ასევე აპელანტს უნდა განემარტა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურება შეეძლოთ მოწმეებს.

2011 წლის 26 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა თ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საპროცესო ვადის 12 დღით გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა დაემთხვა დასვენების, უქმე დღეებს და არ იყო საკმარისი ხარვეზის შესავსებად. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ მოცემულ ვადაში მხარის მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად იქნებოდა აღმოფხვრილი, იგი წარმოადგენდა ყველა სახის დოკუმენტაციასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. ამავე წლის 2 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მიმართა პალატას, დაურთო ბ. მ-ძის საპენსიო მოწმობის ასლი და განმარტა, რომ აპელანტი არის პენსიონერი, რომელსაც სახელმწიფო ბაჟის ერთიანად გადახდის საშუალება არ გააჩნდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება.

აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაბარდა 2011 წლის 21 აპრილს, ხოლო განცხადებები (შუამდგომლობები) წარმოდგენილია ამავე წლის 26 აპრილსა და 2 მაისს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განჩინების (საპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) მიღებამდე აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ დადგენილი ხარვეზები თუნდაც ნაწილობრივ მაინც შეევსო, რაც მას არ განუხორციელებია. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არა აქვს საქმის განხილვის რეალური ინტერესი და ცდილობს საქმის განხილვის გაჭიანურებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ ბ. მ-ძემ ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის შევსება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. მ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის განაწილვადებაზე და დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლისა და 42 მუხლის პირველი ნაწილით მხარისათვის გარანტირებული უფლებები. ბ. მ-ძეს შეეზღუდა სასამართლო წესით თავისი კანონიერი უფლებების დაცვის შესაძლებლობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ბ. მ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს ჩაბარდა 2011 წლის 21 აპრილს, რაც სადავოდ არ გამხდარა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ბ. მ-ძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გაეწილვადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სასამართლოსათვის თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უდავოდ დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია და 2011 წლის 2 მაისის განცხადებით მან დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდას არ აპირებდა.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სასამართლო წესით მხარის კანონიერი ინტერესების დაცვის უფლების შეზღუდვად ვერ ჩაითვლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.