Facebook Twitter

ას-961-999-2011 22 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ი-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბ.”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 10 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა სს ,,ბ.ს” წარმომადგენელმა ლ. გ-ნმა მოპასუხე მ. ი-შვილის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების და აღნიშნული თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ბ.ს” სარჩელი მ. ი-შვილის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების და დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ი-შვილს სს ,,ბ.ს” სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 20 ივნისის ¹თ/ს-145/08 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის _ 18 035,46 აშშ დოლარის, პროცენტის _ 2 800,72 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს _ 1 587,19 აშშ დოლარის, სულ – 22 423.37 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების გადახდევინების მიზნით დადგენიდა იპოთეკით დატვირთული, მ. ი-შვილის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: მდებარე ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი 21, ბინა ¹1, წილი: 28.00/1374,00, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ¹.... .

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტს, მ. ი-შვილს, დაევალა დაეზუსტებინა მოთხოვნა და განემარტა ახალი გადაწყვეტილების მიღებით რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდა, ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდეობით, რაც არ უნდა ყოფილიყო 150 ლარზე ნაკლები და 5000 ლარზე მეტი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ი-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილს განცხადებით მომართა მ. ი-შვილმა, რომელმაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პალატას ემსჯელა საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხზე, ამასთან, აპელანტმა არ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც ასევე დავალებული ჰქონდა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მ. ი-შვილს არა ჰქონდა საქმის განხილვის რეალური ინტერესი, რაც ცხადყოფდა, რომ ადგილი ჰქონდა საქმის განხილვის გაჭიანურებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა და უარი განუცხადა ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რითაც დაარღვია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით, იმის გათვალისწინებით, რომ მ. ი-შვილის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ ემყარებოდა შესაბამის მტკიცებულებებს, არ დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2011 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. ი-შვილმა, რომელმაც იშუამდგომლა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. აღნიშნული შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფი-, ვინაიდან მიიჩნია, რომ იგი არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებები იყო წარდგენილი.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი. ასეთი ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ასევე სასამართლოს ინიციატივით. მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს, კერძოდ, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას და არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა მისი და მისი ოჯახის მძიმე ეკონომიურმა მდგომარეობამ. საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მას არც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუზუსტებია, რაც ასევე დავალებული ჰქონდა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად მ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი. და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.