ას-962-1000-2011 11 ივლისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ.ს-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ.მ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ.მ-მა მოპასუხე ნოტარიუს ნ.ბ-ს მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ექვსთვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და მამკვიდრებელ გ.მ-ის დანაშთი ქონების, კერძოდ, შპს “...” მამკვიდრებლის კუთვნილი 50% წილის მემკვიდრედ ცნობა (ტომი I, ს.ფ. 1-10).
ხარვეზის შევსების მიზნით 2008 წლის 12 ნოემბერს წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ნოტარიუსი ნ.ბ-ე და შპს “...”. (ტომი I, ს.ფ. 38-39, 99-100).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა გ.მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით გ.მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ვ.მ-ი, საქმის წარმოება განახლდა (ტომი I, ს.ფ. 83, 99-100).
2009 წლის 31 ივლისს ვ.მ-მა იმავე სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე მ.ს-იას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა გ.მ-ის მიერ მ.ს-იას სახელზე შედგენილი შინაურული ანდერძის ბათილად ცნობა (ტომი II, ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელებით აღძრული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი II, ს.ფ. 79-81).
საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელე ვ.მ-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ორივე სარჩელში მოპასუხედ უნდა დარჩენილიყო მხოლოდ მ.ს-ია, რამდენადაც მოთხოვნა გააჩნდა მხოლოდ მის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მან მიუთითა საქართველოს ... სამინისტრო და მ.რ-ი (ტომი III, ს.ფ. 31-34).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ვ.მ-ის სარჩელი მოპასუხე მ.ს-იას, მესამე პირების _ ...სამინისტროსა და მ.რ-ის მიმართ, დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი გ.მ-ის სახელით 2007 წლის 19 დეკემბერს შედგენილი ანდერძი; გ.მ-ის უფლებამონაცვლე ვ.მ-ს გაუგრძელდა 2007 წლის 24 დეკემბერს გარდაცვლილი გ.მ-ის დანაშთი სამკვიდროს მიღების ვადა; ვ.მ-ი ცნობილ იქნა სამეწარმეო რეესტრში გ.მ-ის სახელზე რიცხული შპს “...” 50% წილის მფლობელად; მ.ს-იას ვ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარის ანაზღაურება (ტომი III, ს.ფ. 107-115).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გ.მ-ის სახელით შედგენილი ანდერძი და ვ.მ-ი ცნობილ იქნა სამეწარმეო რეესტრში გ.მ-ის სახელზე რიცხული შპს “...” 50% წილის მფლობელად, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი III, ს.ფ. 123-132).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით მ.ს-იას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით აპელანტ მ.ს-იას დაევალა შპს “...” სადავო 50% წილის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების, აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული წილის ღირებულების 4%-ისა და 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა, ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში;
2011 წლის 2 მაისს მ.ს-იას წარმომადგენელმა დ.ღ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებითYმიმართა სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც წარადგინა 150 ლარის ოდენობით თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 მაისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით (იმის გამო, რომ მ.ს-იამ ხარვეზი სრულად არ გამოასწორა) და ამ ვადაში კვლავ დაევალა შპს “...” სადავო 50% წილის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული წილის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა;
2011 წლის 16 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა დ.ღ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებითYმიმართა სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც წარადგინა 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი იყო შპს “...” წესდება, ასევე ხელშეკრულება შპს “...” 50% წილის ნასყიდობის შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ შპს “...” კაპიტალი არის 2000 ლარი, ხოლო 50% წილის ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს. ამდენად, განმცხადებლის მითითებით აპელანტის მიერ ხარვეზი შევსებულად უნდა მიჩნეულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც ზემომითითებული ხარვეზის განჩინებებით დგინდება, აპელანტს ორჯერ დაევალა შპს “...” 50% წილის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. სასამართლომ აპელანტისათვის დასახელებული მტკიცებულების წარდგენის დავალდებულება მიზანშეწონილად მიიჩნია იმისათვის, რომ ზუსტად განესაზღვრა სადავო საგნის ღირებულება გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან. კანონის ამ ნორმის თანახმად, დავის საგნის ფასი ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი იყო 2005 წლის 28 აპრილის დათმობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს “...” 50% წილის ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას _ საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში წარდგენილ 2005 წლის 28 აპრილის დათმობის ხელშეკრულებაში აღნიშნული 50% წილის ფასი, რადგან აპელანტმა ვერ დაადასტურა რა ღირებულების ქონება გააჩნდა შპს “ხ-ს”, რაც განსაზღვრავდა წილის საბაზრო ღირებულებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხარვეზი სრულად ვერ გამოასწორა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ.ს-იას უნდა დაბრუნებოდა დ.ღ-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი დანაწესი (ტომი IV, ს.ფ. 18-20).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ს-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივარი შემდეგ არგუმენტებზეა დაფუძნებული:
სააპელაციო სასამართლომ მ.ს-იას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 41-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შემდეგში მდგომარეობდა: აპელანტს სასამართლოსათვის უნდა წარედგინა შპს “...” სადავო 50% წილის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღნიშნული წილის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული ხარვეზის შეუვსებლობად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა ის გარემოება, რომ აპელანტმა ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინებით დადგენილ ვადაში შპს “...” 50% წილი შეაფასა 1000 ლარად და გადაიხადა შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლო,მ არსებული ფაქტობრივი გარემოება შეაფასა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. დასახელებული ნორმის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი. კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობას, ვინაიდან აპელანტმა განსაზღვრა სადავო მოთხოვნის ფასი და გადაიხადა შესაბამისი ბაჟი. ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს “...” სადავო 50% წილს აფასებდა 1000 ლარად, დღევანდელი მონაცემებით. მან აღნიშნული შეფასების საფუძვლად მიუთითა საქმეში არსებულ შპს-ს წესდებასა და წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებაზე;
მოსარჩელის მიერ დავის საგნის არასწორად განსაზღვრის შემთხვევაში სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვება არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლიდან. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა;
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც შპს “...” 50% წილის მესაკუთრედ ცნობის, ასევე ანდერძის ბათილად ცნობის ნაწილში. მეორე მოთხოვნაზე აპელანტმა ბაჟი სწორად გადაიხადა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში მაინც უნდა მიეღო წარმოებაში (ტომი IV, ს.ფ. 25-28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ს-იას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება და მ.ს-იას სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა. აღნიშნული ხარვეზი შემდეგში მდგომარეობდა: განჩინებით დადგენილ ვადაში მ.ს-იას სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა შპს “...” სადავო 50% წილის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული წილის ღირებულების 4%-ისა და 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ტომი 4, ს.ფ. 3-5).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც თან დაურთო 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ტომი 4, ს.ფ. 8-10).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 მაისის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს დადგენილი ხარვეზი სრულად არ შეუვსია, შესაბამისად, მას დაევალა შპს “...” სადავო 50% წილის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა (ტომი 4, ს.ფ. 11-12).
2011 წლის 16 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა წარადგინა ახალი განცხადება, რომელსაც თან დაურთო 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამავდროულად, განმცხადებელმა განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი იყო შპს “...” წესდება, ასევე ხელშეკრულება შპს “...” 50% წილის ნასყიდობის შესახებ, რომელთა თანახმად, შპს “...” საწესდებო კაპიტალი იყო 2000 ლარი, ხოლო შპს “...” 50% წილის ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 1000 ლარის 4%-ს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ვერ იქნებოდა 150 ლარზე ნაკლები. აქედან გამომდინარე, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 150 ლარი და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ტომი 4, ს.ფ. 15-17).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოება ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან ამ ნაწილში აპელანტმა შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება შპს “...” 50% წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი საჭიროებს დასაშვებობის ხელახლა შემოწმებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. აღნიშნული ნორმა ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც დავის საგნის (სარჩელის საგნის) ღირებულების განსაზღვრის მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო აღნიშნული ფასის სადავო ქონების რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამობის შემთხვევაში შემდგომ საპროცესო მოქმედებად გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ დავის საგნის ფასის თავად განსაზღვრა და არა სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვება. ასეთი რამ არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მიუთითა შპს “...” 50% წილის ღირებულებაზე, რაც მან განსაზღვრა საზოგადოებაში წილის დათმობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასით _ 1000 ლარით (ტომი 2, ს.ფ. 91-92). ამდენად, აპელანტმა ხარვეზის შესავსებად დადგენილ საპროცესო ვადაში შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით მის მიერ შესასრულებელი საპროცესო მოქმედება. თუკი სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ აპელანტის მიერ მითითებული დავის საგნის ღირებულება _ 1000 ლარი (შპს “...” 50% წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში) არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თავად უნდა განესაზღვრა დავის საგნის ღირებულება. ამდენად, ამ შემთხვევაში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება და საქმე მ.ს-იას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.