საქმე # 330100118002397165
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №810აპ-20 ქ. თბილისი
მ–ე დ., 810აპ-20 10 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, დ. მ–ე მივიდა ..........ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე ი. კ–ს საწყობში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სატვირთო ავტომანქანა „სკანიას“ ,,BOSCH-ის“ ფირმის რვაცილინდრიან საწვავის ტუმბოს. დ. მ–ს ქმედების შედეგად დაზარალებულ ი. კ–ს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის განაჩენით დ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა დ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 10 მარტის განჩინებით დ. მ–ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 2 000 ლარის სანაცვლოდ, ზ. გ–ს (პირადი №........) კუთვნილი უძრავი ქონების ეკვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ. ........., .......... , მე-.. მ/რაიონი, კორპუსი №..., დაზუსტებული ფართი 19851.00 კვ.მ., ავტოფარეხი, შენობა №.., ფართი №... კვ.მ., საკადასტრო კოდი ...............) დადებული ყადაღა.
დ. მ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და დ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ დ. მ–ს ბრალეულობა სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მათ უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მამხილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 2018 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, დ. მ–ე .........ში, ........ის ქუჩა N..-ში მდებარე ი. კ–ს საწყობიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სატვირთო ავტომანქანა „სკანიას“ ,,BOSCH-ის“ ფირმის რვაცილინდრიან საწვავის ტუმბოს, რითაც დაზარალებულს მიადგა 800 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
9. მოწმე დ. ო–ს ჩვენებით უტყუარად ვერ დადასტურდა დ. მ–ს ბრალეულობა. მითითებულმა მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს ავტონაწილების მაღაზიის საკუთრებაში არსებული ნივთის დაუფლების პროცესი, აგრეთვე, ფაქტი - თუ როგორ გარბოდა დ. მ–ე მაღაზიის ტერიტორიიდან. მან განმარტა, რომ გაიგო კედელზე გადახტომის ხმა, თუმცა დამნაშავე და ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ უცნობი პირი, რომელსაც ხელში ეჭირა ტომრის მსგავსი ნივთი და ჩაჯდა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიზე მდგარ „BMW-ს“ ფირმის ავტომანქანაში, რომელშიც ასევე ჩადო აღნიშნული ნივთიც. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ ავტომანქანა „სკანიას“,,BOSCH-ის“ ფირმის რვაცილინდრიანი საწვავის ტუმბო არ იყო ადგილზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მაღაზიის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა კარი იყო დაკეტილი. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას და მიუთითებს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ საწვავის ტუმბო აღმოჩნდა დ. მ–სთან, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს. მოწმე ი. კ–ს ჩვენება ქურდობის ჩადენის ნაწილში არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და ეყრდნობა მხოლოდ დ. ო–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას; არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ( მაგ. კვალი) რომელიც დაადასტურებდა დ. მ–ს მაღაზიის ტერიტორიაზე ყოფნას, ხოლო დ. მ–ს ჩვენება საწვავის ტუმბოს პოვნის შესახებ თანხვდენილია მოწმე გ. წ–ს ჩვენებასთან, რომელიც შემთხვევის დღეს ავტონაწილების მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ბრალდებულთან ერთად. მან დაბეჯითებით მიუთითა სასამართლოს, რომ შემთხვევის დღეს დ. მ–მ ტომარა და მასში მოთავსებული ნივთი იპოვა ქუჩაში.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე