Facebook Twitter

ას-970-1006-2011 4 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ნ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ნ-ძის მიმართ დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე საპროცესო ხარჯების, სულ 41462.45 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2010 წლის 21 აპრილს ქ.ბორჯომში მოპასუხემ მოსარჩელის შვილს მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა კ.გ-ძე.

დ.ნ-ძეს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

მოსარჩელის განმარტებით, მას აღნიშნული ქმედებით მიადგა ფიზიკური, ქონებრივი და მორალური ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხე დაეთანხმა სარჩელს იმ ნაწილში, სადაც მითითებულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფაქტი, ასევე საფლავის მოწყობა და ხარჯების გაწევა, თუმცა მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხები არ შეესაბამება რეალურად არსებულს, ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირი არ არის და არც ზიანის მიყენების ფაქტი არ დაუსაბუთებია კანონით დადგენილი წესით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებვერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. ნ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის _ კ. გ-ძის დაკრძალვისა და საფლავის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის _ 8636.8 ლარის, აუდიტის მომსახურების _ 50 ლარის, ადვოკატის მომსახურების _ 600 ლარის, სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადების _ 500 ლარის, სულ _ 978.8 ლარის ანაზღაურება, ხოლო მორალური ზიანის _ 5000 ლარის, ასევე გარდაცვლილის ვალის _ 1675.65 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ნ.გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ძემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინებით დ. ნ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა ასევე აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. დ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით დ.ნ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 392 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2011 წლის 6 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ.ნ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა (წარმომადგენელმა) კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან სხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილისა და 6 მაისის განჩინებებზე და განმარტა, რომ 2011 წლის 18 მაისის განცხადებაში მითითებული გარემოება სასამართლოს მიერ განხილულია და ამ საფუძვლით მას უარი ეთქვა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ისე მისი გადახდის გადავადებაზე, განცხადება არ შეიცავდა მითითებას ახალ ფაქტზე, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განცხადება არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იყო დასაშვები, ვინაიდან მხარეს, სასამართლოს ვარაუდით, საკმარისი ვადა მიეცა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის, ამასთან, ყურადღება გაამახვილა განცხადების მითითებაზე, რომ აპელანტის წარმომადგენლის დასაბუთებული ვარაუდით, დ.ნ-ძის ოჯახის წევრები ვერ მოახერხებენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას და დავის გაგრძელებაზე უარის თქმა მოუწევთ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ 2011 წლის 24 მაისისათვის მხარეს დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება ჩაბარებული ჰქონდა 2011 წლის 11 მაისიდან, ამ დროიდან 10 დღის ვადაში _ 2011 წლის 23 მაისისათვის, ვინაიდან 21 მაისი არასამუშაო დღე იყო, მხარეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა, ამ ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლით და მიიჩნია, რომ დ.ნ-ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ნ-ძის წარმომადგენელმა მ. ყ-შვილმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ, 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით განუმარტა აპელანტს, რომ პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენს მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე მსჯელობის საფუძველს, თუმცა აღნიშნული შესაძლებელია გამხდარიყო დავის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე მსჯელობის საგანი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი იყო ის გარემოებები, რომ აპელანტი იხდის სასჯელს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და მეუღლე, მისი ოჯახის წევრები თანხის მოძიებას ვერ მოახერხებდნენ, ამასთან, რადგანაც აპელანტი თანხის გადახდას ვერ მოახერხებდა, იძულებული გახდებოდა, უარი ეთქვა დავის გაგრძელებაზე, რაც დაარღვევდა მის უფლებებს.

მართალია, სასამართლო ხარჯების გადავადების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს უდავო პრეროგატივაა, თუმცა სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები და მხარისათვის უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ნ-ძის წარმომადგენელ მ. ყ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემული საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით დ. ნ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საქპოცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობაში ყოფნის ფაქტი საკმარისი არ არის დასახებული ნორმის საფუძველზე მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დადასტურების მიზნით კვლავ მიუთითა აპელანტის პატიმრობის ფაქტზე, ამავე განცხადებით განმარტებულია, რომ დ.ნ-ძემ და მისმა ოჯახის წევრებმა სახელმწიფო ბაჟის თანხის მოძიება ვერ შეძლეს, აღნიშნულის გამო მხარე იძულებული გახდება, უარი თქვას დავის გაგრძელებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს, ამასთან, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა 7 დღით.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რაც დააფუძნა იმ ფაქტს, რომ აპელანტის ოჯახის წევრებმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საკმარისი თანხა ვერ მოიპოვეს.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სასამართლოსათვის მნიშვნელოვან საფუძველს, დაეკმაყოფილებინა მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ამავე კოდექსის 48-ე მუხლი კი ადგენს, რომ სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

დასახელებული ნორმები მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სასამართლო მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს ფიზიკური პირების ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს მხარის სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებას.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სასამართლო ხარჯების გადახდასთან მიმართებით შუამდგომლობას აფუძნებდა მხოლოდ იმას, რომ დ.ნიბერიძე იხდის სასჯელს, რაც დადასტურებულია როგორც საქმის მასალებით, ისე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ხოლო მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მითითებით, რომ თ.ნ-ძეს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი და ოჯახმა ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ პირის პატიმრობაში ყოფნის ფაქტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა თუ მისი გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არის, რადგანაც მხოლოდ იმის მტკიცება, რომ პირი პატიმარია, არ წარმოადგენს იმის უტყუარ დადასტურებას, რომ მას შემოსავალი არ გააჩნია და არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი (საპროცესო ვადის გაგრძელება) არ განეკუთვნება იმპერატიულ ნორმათა კატეგორიას და ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას და არა ვალდებულებას საპროცესო ვადის გაგრძელებასთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს ორჯერ გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტს საკმარისი ვადა ჰქონდა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის და აღარ არსებობდა ამ ვადის კვლავ გაგრძელების აუცილებლობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი და სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა დ. ნ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ნ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.