ას-984-1018-2011 14 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ჩ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ხ-შვილი, ქ. ბ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ხ-შვილმა და ქ. ბ-იამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში Bბ. ჩ-იას მიმართ და მოითხოვეს მხარეებს შორის 2010 წლის 14 იანვარს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ბ. ხ-შვილისა და ქ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მოპასუხემ. ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ბ. ჩ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ბ. ჩ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. აღნიშნულ ვადაში აპელანტ ბ. ჩ-იას წარმომადგენელმა გ. ც-ავამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის მოტივით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, მე-3 მუხლის მეორე ნაწილით და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე – მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, ბ. ჩ-იამ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმით გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე უარი თქვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ პერიოდში, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ინტერესის არარსებობა, ამდენად, სასამართლომ ჩათავლა, რომ ბ. ჩ-იას სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს, და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ჩ-იამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა განპირობებული იყო მხარეთა შეთანხმებით. ამჟამად მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია აღნიშნული შეთანხმების პირობები, რის გამოც აპელანტს კვლავ გაუჩნდა ინტერესი სააპელაციო საჩივრის განხილვის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჩ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს თანმდევი სამართლებრივი შედეგები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგად მას იმავე სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა აღარ მიეცემა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ბ. ჩ-იამ განცხადებით გამოხატა ნება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მისი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, მოცემულ ეტაპზე ბ. ჩ-იას სააპელაციო საჩივრის განხილვის ან სააპელაციო საჩივრის ხელახლა შეტანის საპროცესო შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ჩ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.