ას-999-1032-2011 14 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “ი. ვ-ი” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ უ. ზ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ი. ვ-ის” მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარისა და 2010 წლის სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე აღნიშნული თანხის წლიური 14%-ის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა საააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით შპს “ი. ვ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 5 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული განჩინების ასლი 2011 წლის 10 მაისს ჩაბარდა შპს “ი. ვ-ის” წარმომადგენელ დ. ფ-ძის მეუღლე ე.გ-ავას. პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 10 მაისიდან 16 მაისამდე, თუმცა მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს “ი. ვ-ის” დირექტორმა დ. კ-ავამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტმა სააპელაციო საჩივარში იშუამდგომლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. კერძო საჩივრის ავტორმა წარადგინა დოკუმენტი, რომ შპს “ი. ვ-ი” რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, საზოგადოებამ ახლახანს გადაიხადა ქ.ქუთაისის მერიის მიმართ არსებული დავალიანება 10000 ლარის ოდენობით, იკისრა მშენებლობის დასრულების ვალდებულება 2013 წლის 12 იანვრამდე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მხარეს გაკოტრება ემუქრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ი. ვ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ შპს “ი. ვ-ს” დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულისათვის მხარეს განესაზღვრა 5 დღე. სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 10 მაისს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში შპს “ი. ვ-ს” სასამართლოსათვის თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უდავოდ დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო მისი მითითება, რომ კომპანიას გააჩნია დავალიანება და სახელშეკრულებო ვალდებულებანი, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ი. ვ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.