ა-1584-ა-14-2011 25 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ გ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ ... ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ ... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ი/მ “გ. კ-ძეს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40345,37 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების თანხის გადახდევინების განხორციელდა მოპასუხე ე. კ-ძის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული ქ.ქობულეთში, … ... 598-ში მდებარე 1688კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 101კვ.მ შენობა-ნაგებობის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი …... ) რეალიზაციის გზით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. კ-ძემ და ე. კ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით გ. კ-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 12-დღიიანი ვადის დარღვევის გამო.
2011 წლის 11 მაისს გ. კ-ძემ წარმოადგინა საქართველოს ფოსტის ფილიალი “აჭარის ფოსტის” უფროსის მოადგილის _ ვ.გ-ძის მიერ გაცემული ცნობა და ქვითრები და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ მან კერძო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ გ. კ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლის) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინება გ.კ-ძეს ჩაბარდა 2011 წლის 22 თებერვალს, ხოლო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ფილიალი “აჭარის ფოსტის” უფროსის მოადგილის _ ვ.გ-ძის მიერ გაცემული ცნობისა და ქვითრების თანახმად, გ. კ-ძემ კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 7 მარტს, ე.ი. კანონით დადგენილ ვადაშიგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.