Facebook Twitter

ა-1723-ა-16-11 22 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს “ე.ჯ-ას” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით სს “ე.ჯ-ას” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. კასატორს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 399.8 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).

2011 წლის 19 მაისს სს “ე.ჯ-ამ” განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც ხარვეზი იყო დადგენილი სს “ე.ჯ-ას” ჩაბარდა ამა წლის 29 აპრილს. სს “ე.ჯ-ამ” განჩინებით დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი და შესაბამისი განცხადება ჩააბარა საქართველოს ფოსტას 2011 წლის 3 მაისს ვადის ბოლო დღეს. განმცხადებელმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა საფოსტო გზავნილების 2011 წლის 3 მაისის რეესტრი, სადაც ფოსტის ბეჭდით დადასტურებულია, რომ მან გზავნილები ჩააბარა 3 მაისს და თითოეულ გზავნილს მისცა შესაბამისი ნომერი.

საკასაციო პალატა გაეცნო სს “ე.ჯ-ას” მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკამაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არ ყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან დროულად შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სს “ე.ჯ-ამ” განცხადებას დაურთო საფოსტო გზავნილების 2011 წლის 3 მაისის რეესტრი და საფოსტო შეტყობინება. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებებს ვერ მიიჩნევს ხარვეზის შევსების დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი არ შეიცავენ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა სახის კორესპონდენცია გაეგზავნა კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ე.ჯ-ას“ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.