Facebook Twitter

ა-1943-ბ-15-2011 14 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი _ ნ.ს-ო

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ც-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ.ს-ოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, დადგენილ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

2011 წლის 2 ივნისს ნ.ს-ომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმება და მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2011 წლის 10 იანვარს ჩაჰბარდა მისი წარმომადგენლის, ნ.ფ-ის ოჯახის წევრს (შვილს) გ.ა-ას. რამდენადაც კანონით წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარება ნიშნავს მისი მხარისათვის ჩაბარებას, საკასაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა დაუკავშირა წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს. შესაბამისად, სასამართლომ წარმომადგენელ ნ.ფ-ის მიერ 2011 წლის 18 იანვარს ფოსტით გაგზავნილი განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და დამატებით 15-დღიანი ვადის მიცემის შესახებ, მიიჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად, სავალდებულო საპროცესო მოქმედების მხარის მიერ დროულად შეუსრულებლობის გამო.

განმცხადებელი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. განმცხადებელი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ.ა-ა არის არასრულწლოვანი, მისი დაბადების თარიღია 1994 წლის 22 აგვისტო. აქედან გამომდინარე, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიერ უწყების ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით ჩაბარებად.

განცხადებლის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება წარმომადგენელმა ნ.ფ-მა ჩაიბარა 2011 წლის 6 მაისს. ამის შემდეგ, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა სადავო განჩინების გამოტანის, ასევე მისი საფუძვლების თაობაზე.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე წარმოება განახლდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ.ს-ოს განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კასატორ ნ.ს-ოს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 297.58 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული განჩინება 2011 წლის 10 იანვარს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ ნ.ფ-ის შვილს _ გ.ა-ას. 2011 წლის 21 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადასახდელად (ს.ფ. 167-169; 173-176). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით ნ.ს-ოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელს 2011 წლის 10 იანვარს ჩაბარდა ხარვეზის განჩინება, ამიტომ კასატორისათვის ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 11 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 17 იანვარს. კასატორმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 18 იანვარს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

განმცხადებელი ნ.ს-ო მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, კერძოდ, მისი წარმომადგენლის, ნ.ფ-ის არასრულწლოვანმა შვილმა გ.ა-ამ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, დასახელებული საპროცესო ნორმით გათვალისწინებულია უწყების ადრესატის ოჯახის მხოლოდ სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარების შესაძლებლობა. სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის მიმღები სუბიექტი, კერძოდ, წარმომადგენელ ნ.ფ-ის ოჯახის წევრი გ.ა-ა არის არასრულწლოვანი, განმცხადებელმა წარმოადგინა გ.ა-ას პირადობისა და დაბადების მოწმობები. პირადობის მოწმობის მიხედვით, გ.ა-ას დაბადების თარიღია 1994 წლის 22 აგვისტო. დაბადების მოწმობის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ გ.ა-ა დაიბადა 1994 წლის 22 აგვისტოს და მისი დედაა ნ.ფ-ი. ამდენად, უდავოა, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი გ.ა-ა არის არასრულწლოვანი, ვინაიდან მას 18 წელი უსრულდება 2012 წლის 22 აგვისტოს. შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს სასამართლო შეტყობინების მიღებაზე არაუფლებამოსილ პირს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არაუფლებამოსილი პირისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ვერ ჩაითვლება ადრესატისათვის (ამ შემთხვევაში კასატორისათვის) ჩაბარებად და, აქედან გამომდინარე, ხარვეზის შევსების ვადის ათვლის დასაწყისიც, არ შეიძლება დაუკავშირდეს ასეთ ჩაბარებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებობს ხელწერილი პირადად კასატორისათვის ხარვეზის განჩინების ჩაბარების თაობაზე, კერძოდ, მას გზავნილი ჩაბარდა 2011 წლის 13 იანვარს (ს.ფ. 172). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორის წარმომადგენლისათვის 2011 წლის 10 იანვრის ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად, ამიტომ, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 14 იანვარს (კასატორისათვის ჩაბარების მეორე დღეს) და დამთავრდა 2011 წლის 18 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 18 იანვარს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (ს.ფ. 173-176). შესაბამისად, მას ხარვეზის შევსების ვადა არ გაუშვია და ამ საფუძვლით მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც განცხადება ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს, მოცემულ შემთხვევაში ხარვეზი შევსებულია სრულად, კერძოდ, კასატორის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 505 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს და იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 425-ე მუხლებით, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ს-ოს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება.

3. წარმოებაში იქნეს მიღებული ნ.ს-ოს საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

4. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე.

5. საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.