ა-1823-ბ-17-11 4 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ა. ი-ის” განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით შპს “ა. ი-ის” კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად კერძო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.
2011 წლის 25 მაისს შპს “ა. ი-ის” წარმომადგენელმა პ. ხ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ზემოთ დასახელებული განჩინების ბათილად ცნობა და მის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა არ გაუშვია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მას ჩაბარდა 2011 წლის 13 აპრილს, ხოლო კერძო საჩივარი წარადგინა 26 აპრილს, გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება შპს “ა. ი-ის” კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2011 წლის 13 აპრილს (ტ.6 ს.ფ.28), ხოლო კერძო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა იმავე წლის 26 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლის) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დასაბუთებულად მიიჩნევს განცხადების ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მან კანონით დადგენილ გასაჩივრების 12 დღიან ვადაში შეიტანა კერძო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება და საქმეზე წარმოება განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით, 285-ე, 396-ე, 430-ე მუხლებით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ა. ი-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.