ა-1595-ბ-18-2011 4 ივლისი 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი _ ფ. ძ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. რ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინება
განცხადების ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ძ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. რ-შვილის წინააღმდეგ იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ძ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ძ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ფ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიქრია ძამანაშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით ფ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. განუხილველობის საფუძვლად საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფ. ძ-შვილის წარმომადგენელ დ. მ-შვილის მეუღლე ტ. გ-იას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 22 თებერვალს, საკასაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2011 წლის 25 მარტს, ანუ საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ფ. ძ-შვილმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
მოცემულ საქმეზე ფ. ძ-შვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის განჩინება, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა, ჩაიბარა აპრილში. განმცხადებელი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის წარმომადგენელ დ. მ-შვილს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 25 თებერვალს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს 2011 წლის 25 თებერვლიდან და ამ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადაა 2011 წლის 27 მარტი. აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ ფ. ძ-შვილის წარმომადგენელი არ იმყოფება ქორწინების რეგისტრაციაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მეუღლე არ ჰყავს. გარდა აღნიშნულისა საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კასატორის წარმომადგენელი 2011 წლის 7 მარტიდან 2011 წლის 25 მარტამდე იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში რეზერვისტად და ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადის 202-ე სარეზერვო მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სიებში ჩარიცხული იყო და მსახურობდა სამხედრო სარეზერვო შეკრებაზე. აღნიშნული არგუმენტები კი, რაც განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება, ცახდყოფს, რომ კასატორის წარმომადგენელს საკასაციო საჩივარი ვადის დაცვით აქვს წარდგენილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მტკიცებულებას და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება ფ. ძ-შვილის წარმომადგენელ დ. მ-შვილის მეუღლის სტატუსით 2011 წლის 22 დეკემბერს ჩაიბარა ტ. გ-იამ. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ფ-. ძ-შვილის წარმომადგენელმა დ. მ-შვილმა წარადგინა 2011 წლის 25 მარტს, საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით ფ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება გახდეს დამთავრებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა სასამართლოს მომართა 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლებზე მითითებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
განცხადების ავტორი განმარტავს და შესაბამისად, 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ფ. ძ-შვილის წარმომადგენელ დ. მ-შვილს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 25 თებერვალს, ხოლო საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა აითვალა 2011 წლის 22 თებერვლიდან, როდესაც დასახელებული განჩინება ჩაჰბარდა ტ. ლ-ძეს. განმცხადებელმა საკასაციო სასამართლოს წარუდგინა შესაბამი მტკიცებულება რაც ცხადყოფს, რომ დ. მ-შვილი ტ-. ლ-ძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება, რაც გამორიცხავს მათ შორის ნათესაურ კავშირს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი განსაზღვრავს ადრესატის არყოფნის შემთხვევაში უწყების ჩაბარების წესს. უწყებასთან ერთად ამ ნორმის შინაარსი გულისხმობს სხვა საპროცესო დოკუმენტების ჩაბარებასაც, მათ შორის განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით –სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ტ. ლ-ძე არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში დ. მ-შვილთან, ის არ შეიძლება მივიჩნიოთ მისი ოჯახის წევრად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტ. ლ-ძე არ იყო ის უფლებამოსილი პირი, ვისთვისაც შეიძლებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინების ჩაბარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის გასაჩივრებული განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და განახლდეს საქმის წარმოება.
საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე კოდექსის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის 5 %-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალსწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლიდა სახელმწიფო ბაჟის გადავადებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი ამავე კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს უნდა მიეცეს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადასახდელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 430-ე, 401-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ. ძ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს.
ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 აპრილის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება.
ფ. ძ-შვილს დაევალოს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).
თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველად დარჩება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს კასატორს
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.