Facebook Twitter

საქმე # 330100119003203478

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №624აპ-20 ქ. თბილისი

ჯ–ი ზ., 624აპ-20 5 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ჯ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განაჩენით ზ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

.........ში, ..........ის ქუჩა, მე-.. შესახვევის #..-ში, ზ. ჯ–ი ყოფილ მეუღლეს - ვ. ფ–ა-ჯ–ს ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რამაც გამოიწვია ვ. ფ–ა-ჯ–ის ფსიქიკური ტანჯვა.

2019 წლის 1 სექტემბერს ...........ში, ..........ის ქუჩა, მე-.. შესახვევის #..-ში, ზ. ჯ–ი, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი, ყოფილ მეუღლეს - ვ. ფ–ა-ჯ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ვ. ფ–ა-ჯ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით:

ზ. ჯ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული 6 თვით პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ - სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. ჯ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ზ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №635აპ-19) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ზ. ჯ–ს მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. დაზარალებულმა ვ. ფ–ა-ჯ–მა ზ. ჯ–ი ამხილა მის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში. სასამართლოს არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ მუქარის ფაქტი მან უარყო ზ. ჯ–სთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მითუფრო, როცა მან მიუთითა, რომ ზ. ჯ–ი, როდესაც ნასვამია ან ეჭვიანობს, ეუბნება, რომ მოკლავს, თუმცა მის ამ სიტყვებს იგი რეალურად არ აღიქვამს. მუქარის რეალურად აღქმა კი აღნიშნული დანაშაულის აუცილებელი ელემენტია.

8. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ. ჯ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ჯ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში.

10. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ზ. ჯ–ს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე