Facebook Twitter

ა-134-შ-1-2011 27 ივლისი, 2011 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ნ. კ-ია

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ბ-შვილი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-იას შუამდგომლობა ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. კ-იამ, წარმოადგინა უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმის _ ნ. კ-იას სარჩელის გამო გ. ბ-შვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ და იშუამდგომლა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. კ-იას მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, ნ. კ-იას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებისა და ამავე გადაწყვეტილების განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარისათვის შეტყობინების შესახებ მტკიცებულების წარდგენა. განემარტა შუამდგომლობის ავტორს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-იას შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ მოწვეული სასამართლო სხდომაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განჩინებით, ნ. კ-იას მიეცა 10 – დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებისა და ამავე გადაწყვეტილების განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარისთვის შეტყობინების შესახებ.

ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით ნ. კ-იამ წარმოადგინა ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება აღსრულებას. ნ. კ-იას მიერვე წარმოდგენილ იქნა უკრაინის მხარის ტერნოვის რაიონის კრივო როგის სასამართლოს მოსამართლე ი.რ ბ-ოვის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც საქმეში ნ. კ-იას სარჩელისა გამო გ. ბ-შვილის მიმართ ბავშვის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოპასუხე გ. ბ-შვილის სასამართლოს სხდომის დღის შესახებ დროულად გაფრთხილების თაობაზე დოკუმენტი არ მოიპოვება.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუქტის თანახმად, საქართველო უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს არ ცნობს, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე, ან ადგილი ჰქონდა სხვა საპროცესო დარღვევებს.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობას უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების სხვა ხელშემკვრელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მხარე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია სასამართლო სხდომაზე და რომლის საწინააღმდეგოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, დადგენილი წესით და დროულად იყო მიწვეული სასამართლოში. ამავე კონვენციის 55-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება, თუკი მოპასუხეს მონაწილეობა არ აქვს მიღებული პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის წარმომადგენელს დროულად და შესაბამისი წესით არ ეცნობა სასამართლოში გამოცხადების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. კ-იას შუამდგომლობა უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. კ-იას შუამდგომლობა უკრაინის ტერნოვის რაიონის კრივო როგის 2003 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.