ა-1513-შ-26-2011 18 ივლისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ა. მ-ანი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. რ-ში
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის ქ.იზერლონის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ.იზერლონის საოჯახო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლოგუმკლოსტერ კომუნეს თემის/დანიის მმაჩის ბიუროს მიერ 2005 წლის 17 ნოემბერს სარეგისტრაციო ¹..... რეგისტრირებული ქორწინება ა. მ-ანსა და ა. რ-შს შორის გაუქმდა. კომპენსაციის შეთანხმება მხარეთა შორის არ მომხდარა, ხოლო საპროცესო ხარჯები განაწილდა მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. მ-ანმა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების აპოსტილით დამოწმებული ასლითა და მისი ქართულენოვანი თარგმანით დასტურდება, რომ იზერლონის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 23 ოქტომბერს, ამავე გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხე ა. რ-ში ინფორმირებული იყო საქმის განხივის თაობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე იზერლონის ქალაქის მერიის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით ა. მ-ანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.იზერლონის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, რის თაობაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, ამავე განჩინებით ა. რ-შს განემარტა აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლების თაობაზე, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის რაიმე შეტყობინებით არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. მ-ანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.იზერლონის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების აპოსტილით დამოწმებული ასლითა და მისი ქართულენოვანი თარგმანით დასტურდება, რომ იზერლონის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 23 ოქტომბერს, ამავე გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხე ა. რ-ში ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე იზერლონის ქალაქის მერიის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი იზერლონის ქალაქის მერიის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსარულებასაც მხარე მოითხოვს მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქალაქის მერიის მიერ გაცემული ცნობით უდავოდ დასტურდება რა, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემიაღნიშნული საფუძვლით მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა სავალდებულო არაა.
ამდენად, ა. მ-ანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.იზერლონის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. მ-ანის შუამდგომლობა გერმანიის ქ.იზერლონის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.