1285-860(კ-05) 27 თებერვალი, 2006წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 27 იანვარს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ს. ჩ-მა და ა. შ-ემ მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
ა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანების არაკანონიერად აღიარება და ბათილად ცნობა მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში;
ბ. მოსარჩელეთა დაუყოვნებლივ აღდგენა მათ თანამდებობებზე;
გ. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით ს. ჩ-ი გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ......... « ინსპექტორის, ხოლო ა. შ-ე _ იმავე საბაჟოს საბაჟო გამშვები პუნქტი « ...... « ინსპექტორის თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის ნამდვილი შინაარსის არასწორი გაგების გზით. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავდა ამ მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებას, თუკი არ იქნებოდა დაცული ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეებთან მიმართებაში მოპასუხის მიერ ასევე დარღვეული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე უპირატესი დარჩენის თაობაზე, რაზედაც მოპასუხეს საერთოდ არ უმსჯელია. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ისინი სამუშაოდან გათავისუფლდნენ მათი პოლიტიკური მრწამსის გამო, ვინაიდან მხარს არ უჭერდნენ არც ერთ პოლიტიკურ მიმართულებას, სამსახურში დატოვებულ იქნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეთა ადგილზე მიიღო ახალი თანამშრომლები. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მოპასუხემ ასევე დაარღვია ევროკონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოსაზრებით:
საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე, მათ შორის, მოსარჩელეები, გაფრთხილებულ იქნენ რეორგანიზაციის დროს შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისა და თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ძველი და ახალი საშტატო ნუსხების შედარებით ირკვეოდა, რომ განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო «დასავლეთში» შეამცირა 48 საშტატო ერთეული, უშუალოდ საბაჟო გამშვები პუნქტი « ....... « საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 20 საშტატო ერთეულით, ინსპექტორის თანამდებობა შემცირდა 12 საშტატო ერთეულით. თანამდებობათა შემცირებით აღნიშნული სტრუქტურული რეორგანიზაციიის განხორციელების პირობებში, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო მოსარჩელეთათვის სხვა თანამდებობათა შეთავაზების შესაძლებლობას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი არეგულირებდა მოხელის გათავისუფლებას სწორედ შტატების შემცირების მოტივით. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება შეესაბამებოდა აღნიშნული კანონის მოთხოვნებს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ისა და ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანება ს. ჩ-ის ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ...... « ინსპექტორისა და ა. შ-ის საბაჟო გამშვები პუნქტი « ...... « ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ს. ჩ-ი აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « ინსპექტორის თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ა. შ-ე _ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ....... « ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე; ფინანასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა 2005წ. 5 იანვრიდან სამუშაოზე რეალურად აღდგენამდე; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია. სასამართლოს მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლი მოპასუხეს ავალდებულებდა, შტატების შემცირების გამო მოსარჩელეთა გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით, რომელიც ადგენდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების განსაზღვრის წესს. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის აღნიშნული 36-ე მუხლით განსაზღვრული აუცილებელი პროცედურა: არ შექმნა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების საკითხის განმსაზღვრელი კომისია, არ შეისწავლა, ჰქონდათ თუ არა მოსარჩელეებს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხების გამორკვევის შედეგად არ იყო გამორიცხული, მოპასუხეს მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოპასუხემ დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოპასუხეს გააჩნდა თავისუფალი საშტატო ერთეულები და მათზე დანიშნა ისეთი პირები, რომლებსაც რეორგანიზაციამდე არ უმუშავიათ საბაჟო დეპარტამენტში, მაშინ, როდესაც აღნიშნული პირების სამუშაოზე მიღებამდე ვალდებული იყო, გაერკვია, სურდათ თუ არა მოსარჩელეებს სხვა თანამდებობის დაკავება. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების მომზადებისა და გამოცემისას მოპასუხის მიერ უხეშად იყო დარღვეული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და ისინი ექვემდებარებოდნენ სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენას «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეებს უნდა ანაზღაურებოდათ იძულებითი განაცდური სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივებით:
აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო. რეორგანიზაციამდე მოქმედი და რეორგანიზაციის შემდეგ დამტკიცებული საშტატო განრიგების შედარებისას ნათლად ირკვეოდა, რომ განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 ერთეულით, მათ შორის, საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « _ 3 საშტატო ერთეულით, « ....... « _ 20 საშტატო ერთეულით. რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან აღნიშნული პუნქტი არეგულირებდა მოხელის გათავისუფლებას შტატების შემცირების გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებს ითვალისწინებდა, როდესაც ადმინისტრაციას ჰქონდა სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა. კონკრეტული შემთხვევაში, იმის გამო, რომ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 საშტატო ერთეულით, ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. ადმინისტრაცამ იმსჯელა, თუ ვის ენიჭებოდა შტატების შემცირებისას სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე მოხდა მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში, ს. ჩ-ი აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ...... « ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო ა. შ-ე _ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « ინსპექტორის თანამდებობაზე, მათვე აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური 2005წ. 5 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ს. ჩ-ი და ა. შ-ე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით გათავისუფლდნენ, შესაბამისად, რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი «......... « და « ....... « ინსპექტორების თანამდებობიდან. მოსარჩელეთა გათავისუფლება განხორციელდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შტატების შემცირების მოტივით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საბაჟო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა ზოგადად შტატების შემცირება. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ამავე ნორმის თანახმად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლებოდა ამავე კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლი საბაჟო ადმინისტრაციას ავალდებულებდა, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებისას ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის განხილვას. როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, ასეთი რამ აპელანტის მიერ არ მომხდარა და იგი დაეყრდნო მხოლოდ რეგიონალური საბაჟოს ხელმძღვანელის ზეპირ წარდგინებებს. მოსარჩელეთათვის ვაკანტური სამუშაო ადგილი არ შეუთავაზებიათ და არ ყოფილა გარკვეული, თანახმა იყვნენ თუ არა ისინი, დაეკავებინათ სხვა თანამდებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებისას დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენას, რომელთა არსებობაც დგინდებოდა საქმეში წარმოდგენილი საშტატო განრიგით, რაიონულმა სასამართლომ კი ისინი არასწორად აღადგინა ტოლფას თანამდებობაზე, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენის შესახებ. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე კანონის 112-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს უნდა ანაზღაურებოდათ იძულებითი განაცდური.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი და მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ დარღვეული იყო აღნიშნული ნორმის მოთხოვნები, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასაბუთა, რომ სავალდებულო იყო თანამდებობის შეთავაზება ადმინისტრაციის მიერ რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების შემთხვევაში.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 საშტატო ერთეულით, ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებულ რეორგანიზაციამდე მოქმედებდა ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ¹469 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო «დასავლეთის» საშტატო განრიგი, რომლის თანახმად მოხელეთა რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 390 საშტატო ერთეულით, მათ შორის, საბაჟო გამშვები პუნქტი « ...... « _ 7 საშტატო ერთეულით, « ....... « _ 66 საშტატო ერთეულით. რეორგანიზაციის შემდეგ ფინანსთა მინისტრის 2004წ. 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 342 საშტატო ერთეულით, მათ შორის, საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « _ 4 საშტატო ერთეულით, « ...... « _ 46 საშტატო ერთეულით. რეორგანიზაციამდე მოქმედი და რეორგანიზაციის შემდეგ დამტკიცებული საშტატო განრიგების შედარებისას ნათლად ირკვეოდა, რომ განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 48 ერთეულით, საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « _ 3 საშტატო ერთეულით, « ....... « _ 20 საშტატო ერთეულით. დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელეები გათავისუფლდნენ კანონის სრული დაცვით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არეგულირებდა მოხელის გათავისუფლებას შტატების შემცირების გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებს განიხილავდა, როდესაც ადმინისტრაცას ჰქონდა მოხელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაცამ იმსჯელა, თუ ვის ენიჭებოდა შტატების შემცირებისას სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე მოხდა მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანების კანონდარღვევით გამოცემის თაობაზე, კერძოდ, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება გამოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
დადგენილია, რომ მოსარჩელეები ს. ჩ-ი და ა. შ-ე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹24-კ ბრძანებით გათავისუფლდნენ რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საბაჟო გამშვები პუნქტი « ........ « და « ....... « ინსპექტორების თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმა არეგულირებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შემთხვევაში, ამასთან, ამ მუხლის განმარტება და გამოყენება დაუშვებელია იმგვარად, რომ საჯარო მოხელე შტატების შემცირების შემთხვევაში უპირობოდ, ავტომატურად უნდა დაექვემდებაროს სამუშაოდან გათავისუფლებას. აღნიშნული ნორმის ამგვარი გამოყენება მოხელის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საჯაროსამართლებრივი ნორმების მიზანი, უწინარეს ყოვლისა, სტაბილური საჯარო წესრიგის დამკვიდრება და ხელშეწყობაა, მათ შორის, საჯარო-შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში. კანონმდებლის მიერ საჯარო სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-13 მუხლის «თ» პუნქტის თანახმად, აღიარებულია საჯარო მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის პრინციპი, ვინაიდან სახელმწიფო აპარატი ეფექტურად ფუნქციონირებს მხოლოდ სტაბილური და პროფესიული საჯარო სამსახურის პირობებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გულისხმობს დაწესებულების შტატების შემცირების შემთხვევაში ადმინისტრაციისათვის მოხელის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობის მინიჭებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, შტატების შემცირების შემთხვევაში დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს დარჩენილ საშტატო თანამდებობებზე დასატოვებელ პირთა წრე, ანუ უნდა გამოარკვიოს უპირატესი დარჩენის საკითხი აღნიშნულ 36-ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთანავე, თუკი არ არსებობს იმავე საშტატო ერთეულზე მოხელის დასაქმების შესაძლებლობა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოხელის დათხოვნა მაინც დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება იმავე დაწესებულებაში მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და მოხელე თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ადმინისტრაცია ვალდებულია, შესთავაზოს მოხელეს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არა აქვს შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მისი გათავისუფლება. დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოსაცემად უნდა მომზადდეს ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული აუცილებელი პროცედურის დაცვის გზით, რომლის უგულებელყოფა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევას წარმოადგენს და ამდენად, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ საბაჟო დეპარტამენტს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ განუხილავს მოსარჩელეთა სამუშაოზე დარჩენის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეთა გათავისუფლების შემდეგ სამუშაოზე მიიღო ახალი თანამშრომლები, რომელთაც მანამდე არ უმუშავიათ საბაჟო სისტემაში. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ აღნიშნულ გარემოებებს და ვერც იმ გარემოებას ასაბუთებს, რომ მოსარჩელეთათვის საბაჟო სისტემაში სხვა ვაკანტური თანამდებობების შეთავაზების შესაძლებლობა მას, რეალურად, არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება დაუშვებელია, თუკი დაწესებულებას აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე აღნიშნული მოხელის დანიშვნის შესაძლებლობა. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შტატების შემცირების შემთხვევაში, შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასატოვებელ მოხელეთა წრე უნდა განისაზღვროს დაწესებულებაში მომუშავე მოხელეთა ფარგლებში. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო, რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებზე, პირველ რიგში, დაესაქმებინა საბაჟო სისტემაში რეორგანიზაციამდე დასაქმებული მოხელეები, ხოლო თუკი მას, რეალურად, გააჩნდა შესაბამისი ვაკანტური საშტატო ერთეულები, დაუშვებელი იყო შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელეთა გათავისუფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საბაჟო დეპარტამენტს არ დაუცავს მოსარჩელეთა სამუშაოზე გათავისუფლების აუცილებელი პროცედურა, რომლის დაცვის შემთხვევაში არ მოხდებოდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 53-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.