Facebook Twitter

ა-1692-შ-31-2011 18 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ბ. ც-ანი

წარმომადგენელი _ ი. ჯ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე.ჰ-ახ

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს _ გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის დადგენილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის დადგენილებით გაუქმდა 2006 წლის 24 ნოემბერს ფრაიბურგში მმაჩის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ რეგისტრირებული ქორწინება ე.ჰ-ახსა და ბ. ც-ანს შორის, წილების გათანაბრება არ შედგა, ხოლო საპროცესო ხარჯების ანაზღაურება მხარეებს დაეკისრათ ერთმანეთის მიმართ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ბ. ც-ანის წარმომადგენელმა ი.ჯ-შვილმა და მოითხოვა დასახელებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო დადგენილებით ირკვევა, რომ გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2010 წლის 21 აგვისტოს. ასევე ირკვევა, რომ ე.ჰ-ახი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (დადგენილების თანახმად, ეს უკანასკნელი მოსარჩელე მხარეა), ხოლო აპოსტილით დამოწმებული საოჯახო წიგნის მონაცემების შესაბამისად, გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის დადგენილება აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით ბ.ც-ანის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, მასვე განემარტა, აზრის გამოთქმის უფლების, ასევე საქმის ზეპირი განხილვით მოთხოვნის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ბ. ც-ანის შუამდგომლობა გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო დადგენილებით ირკვევა, რომ გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2010 წლის 21 აგვისტოს. ასევე ირკვევა, რომ ე.ჰ-ახი ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (დადგენილების თანახმად, ეს უკანასკნელი მოსარჩელე მხარეა).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული საოჯახო წიგნის მონაცემების შესაბამისად, გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის დადგენილება აღსრულებულია დადგენილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია და არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საფუძვლიდან გამომდინარე ასევე არ არსებობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის წინაპირობა.

ამდენად, ბ. ც-ანის შუამდგომლობა გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ც-ანის შუამდგომლობა გერმანიის ბრაიზგაუშის ფრაიბურგის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.