Facebook Twitter

ა-1748-შ-33-11 22 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ს-ევას შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი უკრაინის დონეცკის ოლქის ქ. შახტარსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ვ. ს-ევას მიმართ განქორწინების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. ს-ევას შუამდგომლობა ვ.ს-ევას მიმართ, განქორწინების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს, ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ნ. ს-ევას მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ უკრაინის დონეცკის ოლქის ქ. შახტარსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შეთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. Uუწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. Uუწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

აღნიშნული განჩინების ასლი ნ. ს-ევას გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2011 წლის 21 ივნისს მის შვილს. შესაბამისად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამავე წლის 1 ივლისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ევას შუამდგომლობა უკრაინის დონეცკის ოლქის ქ. შახტარსკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.