ა-673-შ-16-2011 29 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ა. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. პ-რი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ-ძესა და ტ. პ-გერს შორის 2005 წლის 21 ნოემბერს საბურთალოს მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ¹მნ ... ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 2 აპრილს.
ა. მ-ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ა. მ-ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა.მ-ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
განსახილველ შემთხვევაში ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შევიდა კანონიერ ძალაში 2008 წლის 2 აპრილს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება აღსრულებულია გადაწყვეტიილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს გადაწყვეტილების მიმღები კომპეტენტური სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მისი აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია და არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საფუძვლიდან გამომდინარე ასევე არ არსებობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. მ-ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ძის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ჰერნალსის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.