ა-727-შ-18-2011 14 ივლისი, 2011 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ე. ყ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ბ-ერი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ.ბ-ერისა და ე. ყ-შვილის განცხადება შვილად აყვანის შესახებ, შვილად ამყვანის _ რ. ბ-ერის განცხადებისა და შვილად ასაყვანის _ ე. ყ-შვილის თანხმობით შვილობილს მიეკუთვნა შვილად ამყვანის გვარი _ ბ-ერი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ყ-შვილმა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა შვილად ამყვანისათვის გადაცემის შემდეგ _ 2006 წლის 18 იანვარს. გადაწყვეტილების ტექსტიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (სასამართლომ საქმე განიხილა მისი განცხადების საფუძველზე).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ე.ყ-შვილის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ე.ყ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა გერმანიის ქ.მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის ასლი, ასევე მისი ქართულენოვანი თარგმანი, რომლის თანახმადაც მოცემული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება სავალდებულოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის პირველი იანვრის აპოსტილით დამოწმებული დასკვნის ასლისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის 25 დღემდე გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ საჭირო დოკუმენტები მან გერმანიაში უნდა მოიპოვოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ე. ყ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ვადა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღით და დაევალა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის პირველი იანვრის აპოსტილით დამოწმებული დასკვნის ასლისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ე.ყ-შვილს ეცნობა სატალეფონო შეტყობინებით 2011 წლის 21 ივნისს.
2011 წლის 7 ივლისს ე.ყ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილება, მისი ქართულენოვანი თარგმანი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე. ყ-შვილის შუამდგომლობა მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ე. ყ-შვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ვადა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღით და დაევალა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის პირველი იანვრის აპოსტილით დამოწმებული დასკვნის ასლისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2011 წლის 21 ივნისს.
დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი თხუთმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 22 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 6 ივლისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების მიზნით მომართა 2011 წლის 7 ივლისს, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საპროცესო ვადის დარღვევას საპატიოდ ჩათვლიდა, მაინც არ იარსებებდა ე.ყ-შვილის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების წინაპირობები, რადგანაც, როგორც არაერთხელ აღინიშნა, ე.ყ-შვილს ჯერ 2011 წლის 25 მარტის, შემდგომ, 2011 წლის 31 მაისისა და ბოლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით დაევალა მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის პირველი იანვრის აპოსტილით დამოწმებული დასკვნის ასლისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა, შუამდგომლობის ავტორმა კი საპროცესო ვადის დარღვევით წარმოადგინა არა სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულება, არამედ საქმეში უკვე არსებული მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილება და მისი ქართულენოვანი ასლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ე. ყ-შვილის შუამდგომლობა მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ყ-შვილის შუამდგომლობა მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.