ას-1016-1047-2011 14 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ღ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ღ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება მოპასუხე ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ის” საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹271-273-275-279-281-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასატრო კოდი: ...
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით ლ. ღ-ძის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აეკრძალა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ს” მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების 1/10 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, სარეგისტრაციო მონაცემები: ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართი _ 1565.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი _ 36/6, 36/7, 38/8, 36/9, ..., ..., ..., ..., მისამართი: ქ. თბილისი, ... ქუჩა ¹271-273-275-279-281, საკადასტრო კოდი: ...
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ის” თავმჯდომარე ვ. მ-ძემ და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ამხანაგობის საკუთრების 1/10 ნაწილი სულ ცოტა 100-ჯერ მაინც აღემატება განმცხადებელ ლ. ღ-ძის კუთვნილ წილს და შეტანილ თანხას. საჩივრის ავტორის მითითებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უფრო მეტად ხელის შემშლელია ლ. ღ-ძის მოთხოვნის რეალიზაციისათვის, ვიდრე ხელის შემწყობი, ამდენად, განმცხადებლის მიზანია, ამხანაგობის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნა, რადგან მიღებულ იქნეს ამხანაგობისთვის საზიანო და განმცხადებლისათვის სასურველი, მაგრამ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ (მხარეთა შორის ხელშეკრულებებით ამხანაგობას ეკისრება მშენებლობის დამთავრება და ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის მაქსიმალური ოდენობაა 1350 აშშ დოლარი). ამასთან, საჩივრის ავტორმა ლ. ღ-ძის მიერ არბიტრაჟ “მ-ისათვის” საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართვის ფაქტი სადავოდ მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ის” საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი ვერ მოხდება ამ უფლების რეალიზაცია ანუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფა კი ამის ერთ-ერთი რეალური გარანტიაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონსძიების სახეს, იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ლ. ღ-ძის განმარტებით, მან გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 45 500 აშშ დოლარი, მაგრამ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ს” დღემდე არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს აუკრძალა გარკვეული მოქმედების შესრულება, კერძოდ, ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ს” აუკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ლ. ღ-ძეს საარბიტრაჟო სარჩელით არბიტრაჟ “მ-ისთვის’’ არ მიუმართავს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია თბილისის სამედიატორო სასამართლო მუმივმოქმედი არბიტრაჟი “მ-ის” 2011 წლის 1 ივნისის განკარგულება ლ. ღ-ძის საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოებაში მიღების შესახებ. სასამართლომ საჩივრის ავტორის პოზიცია უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნასთან შეუსაბამობაზე არ გაიზიარა, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ის” საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
დასახელებული ნორმა ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესსა და პირობებს, კერძოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად მხარემ უნდა მიუთითოს, სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტულად რომელი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა.
მოცემულ შემთხვევაში ლ. ღ-ძის განცხადება ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნებს შეესაბამება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, განმცხადებლის განმარტებით, ლ. ღ-ძემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა _ 45 500 აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ს” აღნიშნულის სანაცვლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად დააკმაყოფილა ლ. ღ-ძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველსაყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ვინაიდან ამხანაგობის მიერ სადავო ქონების გასხვისებამ ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვამ შესაძლოა, გადაწყვეტილების აღსრულება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის სადავო ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.
დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ლ. ღ-ძის მიერ არბიტრაჟ “მ-ისათვის” მიმართვის ფაქტი დადასტურებულია თბილისის სამედიატორო სასამართლო მუმივმოქმედი არბიტრაჟი “მ-ის” 2011 წლის 1 ივნისის განკარგულებით ლ. ღ-ძის საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოებაში მიღების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც. დ- 281-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივნისისა და 21 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.