Facebook Twitter

ას-1188-1117-2011 29 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ დ.ა-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ.თ-ი, ს.მ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მ.თ-ისა და ს.მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ თბილისში, ... ¹15-ში ... ქ.¹47-ში მდებარე 51.93კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 36795 აშშ დოლარის გადახდა, მ.თ-ისა და ს.მ-ას შეგებებული სარჩელი, რომლითაც მათ მოითხოვეს ვ.ბ-ის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ... ქ.¹47/15-ში ლიტ “ა-ში” მდებარე 26.99კვ.მ ¹4-1, 23.67კვ.მ ¹4-2 ოთახების, საპირფარეშოსა და სააბაზანო ¹4-2-1 ოთახის, ფართით 5.52კვ.მ, აგრეთვე, სამზარეულოს და დერეფნის ფართით 13.10კვ.მ, ¹4-1-1 სარდაფის ფართით 9.10კვ.მ, მესაკუთრეებად ცნობა, ზიანის ანაზღაურება 12500 აშშ დოლარის ოდენობით, აგრეთვე, 2004 წლის ივნისის თვიდან საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოწინააღმდგე მხარისათვის ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის დაკისრება, არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 47-55).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.თ-მა და ს.მ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ისინი ცნობილ იქნებოდნენ ვ.ბ-ის საკუთრებაში არსებული თბილისში, ... ქ.¹47-სა და ... ქ.¹15-ში მდებარე ლიტ “ა-ში” მათ მიერ დაკავებული შემდეგი ფართების მესაკუთრეებად: ოთახი ¹4-1 ფართით 27.65კვ.მ; ოთახი ¹4-2 ფართით 10.72კვ.მ; ოთახი ¹4-2-2 ფართით 13.56კვ.მ; ¹3 სანკვანძი ფართით 3.99კვ.მ; ¹4 დერეფანი ფართით 18.60კვ.მ; სამზარეულო ¹5 ფართით 4.24კვ.მ, მთლიანობაში 78.76კვ.მ ფართის მესაკუთრეებად, დასახელებული ფართების საბაზრო ღირებულების (71 850 აშშ დოლარი) 25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, რაც შეადგენდა 17962.5 აშშ დოლარს (ტომი II, ს.ფ. 65-77).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.თ-ისა და ს.მ-ას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება ვ.ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს მ.თ-ისა და ს.მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ქუჩის ¹47-ში მდებარე 78.76კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 53887.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ლარებში გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ტომი III, ს.ფ. 46-57).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით ვ.ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტომი III, ს.ფ. 102-112).

2010 წლის 14 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ამავე სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2011 წლის 20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ.თ-ისა და ს.მ-ას წარმომადგენელმა გ.ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის უფლებამონაცვლეზე გაცემა და ყადაღის დადება უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ... 47/... 15-ში (საკადასტრო კოდი ...), ასევე ავტომობილ “...”, სანომრე ნიშანი ... (საკუთრების უფლება დადასტურებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით) (ტომი III, ს.ფ. 133-135).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით მ.თ-ისა და ს.მ-ას განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, აღნიშნულ საქმეში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ვ.ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ.ა-ე, განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის ნაწილში, ყადაღა დაედო დ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ, თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ¹47-ში მდებარე უძრავ ქონებას, მიწის (უძრავი ქონების) კოდი: ¹... (ტომი III, ს.ფ. 171-178).

2011 წლის 31 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა დ.ა-ემ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო დ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ, თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ¹47-ში მდებარე უძრავ ქონებას, მანვე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება მხოლოდ მ.თ-ისა და ს.მ-ას მიერ დაკავებულ ფართზე.

საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ დ.ა-ის საკუთრებაში აღრიცხულ მთლიან უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება არ არის ადეკვატური ღონისძიება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და ზღუდავს მესაკუთრის კანონიერ ინტერესს. იმის გათვალისწინებით, რომ დ.ა-ე ფლობს თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ¹47-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს ¹2, ¹5, ¹9 ლიტ “ა-დან” საერთო ფართობით 204.24 კვ.მ და ¹3 და ¹4 ლიტ “ბ-დან” საერთო ფართობით 74 კვ.მ 7/35 ნაწილს და მას მ.თ-ისა და ს.მ-ასათვის გადასახდელი აქვს 53887.50 აშშ დოლარი 78.76 კვ.მ ფართის დათმობის სანაცვლოდ, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის დავის საგნის ტოლფასი. ის ფართი, რომელიც აპელანტებს უჭირავთ, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 71850 აშშ დოლარად (ტომი III, ს.ფ. 184).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინებით დ.ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის ადეკვატური თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და ზღუდავს მესაკუთრის ინტერესს. საჩივრის ავტორი ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიება შენარჩუნდეს მხოლოდ მ.თ-ის და ს.მ-ას მიერ დაკავებულ ფართზე, ანუ 78.76 კვ.მ-ზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ერთხელ უკვე გაასხვისა სადავო ქონება, ამასთან, იპოთეკით და სხვა უფლებებით ტვირთავენ სადავო საცხოვრებელ სადგომს და ამით ამცირებენ მის ღირებულებას, არსებობს საშიშროება, რომ საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ქუჩის ¹47-ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება დ.ა-ის საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს, სრულად გამოიყენოს თუ არა მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამასთან, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს დავის საგნის ტოლფასი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი იყო მიკუთვნებითი, აღსრულებითი ხასიათის. სასამართლოს განმარტებით, ეს იმას გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის (მიზანი) დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარასებობის პირობებში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც (იძულებითი რეალიზაციით) გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ანდა სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება.

სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ქუჩა ... ¹15/ ქუჩა ... ¹47, მიწის (უძრავი ქონების) კოდი: ¹..., მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, 2010 წლის 2 აგვისტოს გ.შ-სა და დ.ა-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა გ.შ-ის იპოთეკის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 18 მარტის დასკვნით უშუალოდ მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართი (78.76 კვ.მ) შეფასებულია 71850 აშშ დოლარად, სასამართლოს მიერ კი დაყადაღებულია თბილისში, ქუჩა ... ¹15 ქუჩა ... ¹47 დ.ა-ის კუთვნილი მთელი ქონება, თუმცა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატური იყო, შემდეგი გარემოებების გამო:

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ 2010 წლის 2 აგვისტოს დ.ა-ის საკუთრებაში რიცხულ მთელ უძრავ ქონებაზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა იპოთეკა, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო უძრავი ქონების უფლებრივ ნაკლად, რომელიც წარმოიშვა შეფასების შემდეგ. უფლებრივი ნაკლი თავისთავად ნიშნავს იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულების შემცირებას;

რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დ.ა-ის კუთვნილი და უშუალოდ მოპასუხეთა მიერ დაკავებული ფართი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდგომ ისეთი ღირებულებისაა, რომ საკმარისია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქმეში არ მოიპოვება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 21 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით (ტომი III, ს.ფ. 247-252).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ა-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.თ-ისა და ს.მ-ას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება ვ.ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ.ბ-ეს მ.თ-ისა და ს.მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ თბილისში, ... ქუჩის ¹15-სა და ... ქუჩის ¹47-ში მდებარე 78.76კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ 53887.50 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ლარებში გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ტომი 3, ს.ფ. 46-57).

მ.თ-ისა და ს.მ-ას განცხადების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო დ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ქუჩა ... ¹15/ ქუჩა ... ¹47, მიწის (უძრავი ქონების) კოდი: ¹... (ტომი III, ს.ფ. 171-178).

წარმოდგენილი საჩივრით დ.ა-ე მოითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებას იმგვარად, რომ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა, დარჩეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს აქვს დაკავებული. საჩივრის ავტორის დასახელებული მოთხოვნა მოტივირებულია იმით, რომ უზრუნველყოფის სახით მიღებული ღონისძიება არ არის ადეკვატური თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისათვის და ზღუდავს მესაკუთრის ინტერესს.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის ადეკვატური თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისათვის და ზღუდავს მესაკუთრის ინტერესს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ – საკუთრების უფლებას. ყადაღის დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევის (შეზღუდვის) გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი უდაოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზღუდვისას ამგვარი მიზნის მითითება ლეგიტიმურია.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, არის თუ არა ადეკვატური თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის პოზიცია ამ თვალსაზრისით არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რისი მტკიცების ტვირთიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლების შესაბამისად, სწორედ მას აკისრია.

საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების (რომლის უზრუნველსაყოფადაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება) კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ქუჩა ... ¹15/ ქუჩა ... ¹47, 2010 წლის 2 აგვისტოს გ.შ-სა და დ.ა-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა გ.შ-ის იპოთეკის უფლება.

ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მის აღსრულებამდე, აღსრულებაზე ვალდებული პირის (მოვალის) საკუთრებაში არსებული ქონება გახდა უფლებრივი ნაკლის მქონე. აღნიშნული გარემოება თავისთავად ასაბუთებს იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება შემცირდა.

საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მისი კუთვნილი და მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდგომ ისეთი ღირებულებისაა, რომ იგი საკმარისია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება პროპორციულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ას-1088-1117-2011 17 ოქტომბერი, 2011წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

განიხილა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით დ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინება.

დასახელებულ განჩინებაში საქმის ნომრად მითითებულია: ¹ას-1188-1117-2011, ნაცვლად საქმის ნომრისა: ¹ას-1088-1117-2011.

ზემოაღნიშნული განპირობებულია საქმეზე სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიის მიერ თავდაპირველად მითითებული ნომრის უსწორობით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ ტექნიკური ხასიათის ხარვეზს.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და ¹ას-1188-1117-2011 საქმის ნომრის ნაცვლად მიეთითოს ¹ას-1088-1117-2011.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებაში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ნაცვლად საქმის ნომრისა _ ¹ას-1188-1117-2011, საქმის ნომრად მიეთითოს _ ¹ას-1088-1117-2011.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.