საქმე # 020141221004279116
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1371-21 25 თებერვალი, 2021 წელი
კ–ა გ., 1371-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ–ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის განაჩენით გ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისულფების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით გ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 საათით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 170 საათით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
გ. კ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. კ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 28 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
6. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. კ–ა გათავისუფლდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაკისრებული სასჯელისაგან. სხვა ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის, 2017 წლის 1 სექტემბრის, 2018 წლის 19 ნოემბრის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენები დარჩა უცვლელად.
8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. კ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
9. მსჯავრდებულმა გ. კ–მ საჩივრით ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პირველი მუხლით და მსჯავრდებული გ. კ–ა გაათავისუფლა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
4. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს გ. კ–ა იყო ნასამართლევი.
5. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ გ. კ–ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გამოყენების თაობაზე.
6. რაც შეეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. კ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია). 2015 წლის 31 ივლისს ამოქმედდა სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც არსებითად შეიცვალა სსკ-ის 260-ე მუხლის სტრუქტურა.
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 სექტემბრის განაჩენით გ. კ–ა დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებისა და შენახვისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონო დამზადებისა და შენახვისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე (მძიმე კატეგორიის დანაშაული).
8. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, ხოლო გ. კ–ა (იმ მომენტისთვის ნასამართლობის არმქონე) ნასამართლევია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა დიდი ოდენობით, 2013 წელს მოქმედი რედაქცია), რაც არ არის შესაბამისობაში მოყვანილი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმასთან. ამდენად, ვიდრე ზემოაღნიშნული მუხლი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესის თანახმად, შესაბამისობაში არ მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან (სსკ-ის მოქმედ რედაქციასთან), საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ გ. კ–ა მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება N4I-15; 2021წლის 12 თებერვლის განჩინება N71-21).
9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისთვის დადგენილ სასჯელზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11იანვრის კანონის მოქმედება, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი გ. კ–ს სრულად აქვს მოხდილი. შესაბამისად, მოხდილ სასჯელზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე