Facebook Twitter

საქმე # 330100119003176227

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №16აპ-21 ქ. თბილისი

მ–ე დ., 16აპ-21 5 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს,- ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ...........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ბ–ი მიკროავტობუსიდან, სახელმწიფო ნომრით ....., ახდენდა საზამთროს რეალიზაციას. აღნიშნული ობიექტიდან საზამთროს შეძენისას, მომხმარებელს - მ. კ–ს, უმნიშვნელო მიზეზისა და ყოველგვარი პირადი მოტივის გარეშე, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. მ–მ. შედეგად, შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ მათ შეჩერებას, თუმცა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დ. მ–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი, კვლავ განაგრძობდნენ მ. კ–ზე ძალადობას, იგინებოდნენ ხმამაღლა, რა დროსაც გამოხატავდნენ აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ. მათმა ქმედებამ გამოიწვია საზამთროს სარეალიზაციო ობიექტის მუშაობის შეჩერება, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. კონფლიქტის განმუხტვისა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, დაახლოებთ ათ წუთში, დ. მ–ი დაბრუნდა, შეიგინა და მიკროავტობუსის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენით:

დ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

დ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 24 აგვისტოდან.

3. გასაჩივრებული განაჩენით დ. მ–ს მსჯავრი დაედო ხულიგნობაში, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, მაშინ, როცა ...........ების ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ბ–ი ყიდდა საზამთროს, მის მომხმარებელს - მ. კ–ს, უმნიშვნელო მიზეზისა და ყოველგვარი პირადი მოტივის გარეშე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. მ–მ თანმხლებ პირთან ერთად. შედეგად, შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ მათ შეჩერებას, რა დროსაც დ. მ–ი განაგრძობდა მ. კ–ზე ძალადობას, თანმხლებ პირთან ერთად იგინებოდა ხმამაღლა და გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ. მისმა ქმედებამ გამოიწვია ლ. ბ–ის საზამთროს სარეალიზაციო ობიექტის მუშაობის შეჩერება, მოქალაქეთა მყუდროების დარღვევა, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიმართ სანქციის ფარგლებით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი მედეა ცირამუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა დ. მ–იმ ხულიგნობა ჩაიდინა ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მის ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის ჩადენა მითითებული კვალიფიკაციით, რის შესაბამისადაც, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დ. მ–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნობის ობიექტურ შემადგენლობას, თუმცა ისინი წინასწარ არ შეთანხმებულან დანაშაულის ჩასადენად და საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დ. მ–სა და მის თანმხლებს პირს შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა; პირიქით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ ადასტურებს მათ მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენას, არამედ გამორიცხავს მსჯავრდებულ დ. მ–ის წინასწარ შეთანხმებას მის თანმხლებ პირთან, კერძოდ:

4. დაზარალებულ მ. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც ეს უკანასკნელი შვილთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის დროს მიკროავტობუსთან, საიდანაც ლ. ბ–ი ახდენდა საზამთროს და ნესვის რეალიზაციას, მას უკნიდან მოესმა მამაკაცის ხმა: „რას მიყურებ, ბიჭო“, მოტრიალებულმა დაინახა, რომ ორი უცნობი ადამიანი მიდიოდა. მან შვილს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რაზეც შვილმა უპასუხა, რომ არაფერი ხდებოდა; ამ დროს აღნიშნულზე მობრუნდნენ და ერთ-ერთმა ჰკითხა ,,მე მითხარი რამეო’’, მანაც აუხსნა, რომ მისთვის არაფერი უთქვამს, შვილს ჰკითხა, რა ხდებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი მის შვილს მიუტრიალდა და უთხრა - „რა არაფერიო“. ამ დროს მან მოატრიალა ეს პირი და დაუწყო საუბარი - ,,რა უნდოდა’’, რაზეც მან უთხრა -,,წამოდი ვიჩხუბოთო’’. მიუხედავად იმისა, რომ მ. კ–მ მას აუხსნა, რომ საჩხუბრად არ იყო იქ მისული, ამის შემდეგ მას დაუწყეს გინება და შეურაცხყოფის მიყენება, რაზეც იქ შეიკრიბა ხალხი და დაიწყეს გაშველება, რა დროსაც კიდევ აგინებდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ჩხუბის დაწყების მომენტში მანაც დაარტყა და მასაც მოხვდა უკნიდან...’’ ჩხუბის დროს კი ორივე უცნობი პირი ურტყამდა და თავდაცვის მიზნით თავადაც იქნევდა ხელებს და დაახლოებით ორი-სამი წუთის მანძილზე ცდილობდა მოეგერიებინა თავდამსხმელები და გარიდებოდა მათ. პროკურორის შეკითხვაზე: ორივე მათგანი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას? დაზარალებულმა განმარტა: ,,ჩხუბის დაწყების მომენტში, როგორც ახსოვს, მოხვდა უკნიდან, მაგრამ ვინ დაარტყა, ვერ დაინახა, მასაც ხვდებოდა და სავარაუდოდ მათაც“. აღნიშნული პასუხის შემდგომ, პროკურორის შეკითხვაზე: სიტყვიერ შეურაცხყოფასაც ორივე აყენებდა? დაზარალებულმა განმარტა: ,,სიტყვიერ შეურაცხყოფას ორივე მათგანი აყენებდა თუ არა, აღარ ახსოვს“.

5. მოწმე ნ. გ–ას ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს, როდესაც ის ქმარ-შვილთან ერთად იმყოფებოდა და საზამთროს საყიდლად გააჩერეს ავტომანქანა ..............ის ქუჩაზე, საზამთროს გამყიდველის მიკროავტობუსთან ახლოს, ავტომანქანიდან გადავიდნენ მისი მეუღლე - მ. კ–ი და შვილი - ნ. ჭ–ა. მას მალევე შემოესმა ხმამაღალი საუბარი და დაინახა მეუღლე, ბავშვი და ორი მამაკაცი, რომელთაც უსიამოვნო საუბარი ჰქონდათ, რის გამოც გადავიდა ისიც ავტომანქანიდან. ორი უცნობი პირიდან ერთ-ერთი იყო შავი მაისურით, მეორე კი - თეთრით. ერთ მომენტში მ. კ–მ ერთ-ერთ ბიჭს უთხრა: ,,გააჩერე შენი ძმაკაცი, ნუ მეუზრდელება, რა უნდაო“, თუმცა ამ სიტყვების თქმის დროს ისევ დაძაბული სიტუაცია იყო, არასასიამოვნო პასუხები და ამ საუბრის დროს უკვე დაიწყო ჩხუბი, მის მეუღლეს ურტყამდნენ. მოწმის განმარტებით, შავმაისურიანი პირი იყო აგრესიული, იწევდა საჩხუბრად და ეუბნებოდა მის მეუღლეს ,,წამოდი ვიჩხუბოთო“, მეორე - მისი ძმაკაცი იყო ჩართული, თითქოს გაშველება უნდოდა, მაგრამ რადგან ძმაკაცი იყო, მის მხარეზე იყო, მისი მეუღლე კი ეუბნებოდა - ,,დაენებებინა თავი, რა უნდოდა’’, ხოლო მეორეს უთხრა -,,მიეხედა მისი ძმაკაცისათვის, რა უნდოდა, რატომ უზრდელობდა’’. მოწმის განმარტებით, მათი მხრიდან იყო აგრესიული საუბარი, კონკრეტული სიტყვები არ ახსოვს, რაც იცის იყო ის, რომ შავმაისურიანი დაემუქრა მის მეუღლეს - ,,ნახე, შენ თუ არ დაგბრიდოო’’, ორჯერ გაუმეორა, ხოლო თეთრმაისურიანი თავიდან შუაში იდგა და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა, შემდეგ ორივე საჩხუბრად იწევდა, არ ჩერდებოდნენ და ორივემ მიაყენა შეურაცხყოფა; ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა. მეუღლე თავს ორივესგან იცავდა. თავდაპირველად რომელმა მიაყენა შეურაცხყოფა მის მეუღლეს, არ ახსოვს, რადგან უცებ ატყდა ჩხუბი, მაგრამ ადასტურებს რომ ერთ-ერთმა დაიწყო ჩხუბი და შემდეგ ორივე მათგანმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ერთ მომენტში, როგორც მას ახსოვს, როდესაც თეთრმაისურიანი ეჩხუბებოდა შავმაისურიანის გამო მის მეუღლეს, რომელიც უკვე მოტრიალებული იყო მის მხარეს და ისიც პასუხობდა, მეორე - შავმაისურიანი მას უკნიდან მიეპარა და ჩაარტყა კეფაში, ეს ხდებოდა წამებში. მისმა მეუღლემ მეორისგანაც დაიცვა თავი. იქ იყო ხელჩართული ჩხუბი. აგრეთვე, მოწმის განმარტებით, როგორც შემდეგ მისი მეუღლისა და შვილისგან გახდა ცნობილი, კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო ის, რომ როდესაც მისი მეუღლე და შვილი მივიდნენ საზამთროს საყიდლად, გამოუვლია ორ მამაკაცს და ნ–ის უთქვამთ - „რას მიყურებ, ბიჭო“, მისი მეუღლე მოტრიალებულა და უკითხავს მისი შვილისთვის - ,,რა ხდებაო’’, ნ–ს კი უთქვამს, რომ არაფერი ხდებოდა; ხოლო ერთ პირს, რომელიც ნასვამი იყო, უთქვამს, ,,რა არაფერიო’’ და წასულა ბავშვისკენ, რის გამოც მისმა მეუღლემ ჰკითხა მას ,,თუ რა უნდოდა’’ და აქედან დაიწყო არასასიამოვნო საუბარი და მოხდა დაპირისპირება მის მეუღლეს და ამ პირებს შორის. თავიდან ნ. გ–ა არ შესწრებია ამ საუბარს, რადგან ავტომანქანაში იჯდა და შემდეგ გაიგო ხმამაღალი საუბარი და გადმოვიდა ავტომანქანიდან.

6. მოწმე ლ. ბ–ის ჩვენებით დადგენილია ასევე, რომ შემთხვევის დროს, როდესაც მასთან მივიდა კლიენტი შვილთან ერთად, ლ. ბ–ი შებრუნებული იყო ავტომანქანისკენ, რა დროსაც ამოიარა ორმა უცნობმა პირმა, როგორც ახსოვს, ერთ-ერთმა დაიძახა ბავშვის მისამართით - ,,რას მიყურებო’’ და ბავშვი უცებ შეცბა; ამბის გასაგებად ჩაერია მამა და ჰკითხა ბავშვს - ,,რა ხდებაო’’ და რომელმაც უთხრა - ,,არაფერიო’’. ამის შემდეგ, ეს პირი შემობრუნდა და ამას მოჰყვა შეკამათება. სიტყვიერ შელაპარაკებასა და შეურაცხყოფას მყისიერად მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. მოწმემ განმარტა, რომ მის კლიენტს აგრესია არ გამოუვლენია, პირიქით, ის მხოლოდ თავს იცავდა. ადგილზე ხალხი მოგროვდა, რადგან კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე იგინებოდა, ის ორი ბიჭიც ურტყამდა ხელს მის კლიენტს, რადგან ჩხუბი იყო, თუმცა ლ. ბ–მ და ხუთმა-ექვსმა კაცმა მალევე გააშველეს მოჩხუბრები. მოწმის განმარტებით, აგრესია ერთი პირისაგან უფრო მოდიოდა, მის კლიენტს ფაქტიურად ერთ პირთან მოუვიდა კონფლიქტი; დ. მ–ი ამოიცნო, ხოლო მისი თანმხლები - მეორე პირის ამოცნობა არ შეუძლია, რადგან ვისაც კონფლიქტი მოუვიდა, ის პიროვნება უფრო კარგად აღიქვა. ასევე, მოწმის განმარტებით, იჩხუბეს ერთმა პირმა და მისმა კლიენტმა, სხვას არავის უჩხუბია, თუმცა პროკურორის შეკითხვაზე: მის მომხმარებელს ჩხუბის მომენტში ორივე მათგანი ურტყამდა თუ არა? მოწმემ განაცხადა: ,,კი, ჩხუბობდნენ ესეც და ისინიც, ერთი უფრო აქტიურობდა’’; მათი გაშველების შემდეგ კლიენტი შვილთან ერთად მალევე წავიდა და ყველა დაიშალა.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ მ. კ–სა და მოწმეების - ლ. ბ–ისა და ნ. გ–ას ჩვენებებით ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ ორი პირიდან კონფლიქტის ინიციატორი არის ერთი, რომელიც იწყებს შელაპარაკებას და კონფლიქტს დაზარალებულთან, რასაც შემდეგ მოჰყვა დაზარალებულის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებისას ერთი პირი იყო კონფლიქტური და იწევდა საჩხუბრად დაზარალებულის მიმართ, რა დროსაც მ. კ–ი მეორეს მოუწოდებდა მისი შეჩერებისაკენ და თავიდან ეს უკანასკნელიც ცდილობდა კონფლიქტის განმუხტვას, თუმცა ერთ-ერთმა პირმა დაიწყო ჩხუბი, შემდეგ ჩაერთო მეორე და მათი მხრიდან უკვე ერთობლივად განხორციელდება ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობა. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული გარემოებები გამორიცხავს მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობას, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ქმედება ჩაითვალოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად, ხოლო ხულიგნობის ჩადენის პროცესში დამნაშავეთა ერთობლივი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად.

8. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დ. მ–იმ ხულიგნობა ჩაიდინა მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

9. საკასაციო სასამართლოს ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული პოზიცია არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამავე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც გულისხმობს რომ ხულიგნობის ჩამდენი ძალადობას ან ძალადობის მუქარას სჩადის ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის (ნებისმიერი საგანი, რითაც შეიძლება ადამიანი ან ქონება დაზიანდეს) გამოყენებით. ამდენად, ქმედების სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, რომ პირი ძალადობის ჩადენისას (ან ძალადობის მუქარისას) იყენებდეს ცეცხლსასროლ იარაღს ან იარაღად სხვა საგანს. დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე ძალადობას ან ძალადობის მუქარას სჩადის ცეცხლსასროლი იარაღისა თუ სხვა საგნის გამოყენებით.

10. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კონფლიქტის განმუხტვის და შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში, დ. მ–ი დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, შეიგინა და მიკროავტობუსის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია და არც ბრალდების მხარე არ ხდის სადავოდ, რომ დ. მ–ს უშუალოდ ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების პროცესში (ძალადობის ჩადენისას) ცეცხლსასროლი იარაღი ან იარაღის მსგავსი საგანი არ ჰქონია და არ გამოუყენებია. ხოლო ის ფაქტი, რომ კონფლიქტის დასრულების და შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემდეგ, დ. მ–ი დაახლოებით ათ წუთში დაბრუნდა უკან და იარაღის მსგავსი საგნიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანა, ვერ იქნება შეფასებული ხულიგნობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების გაგრძელებად მითუმეტეს, რომ მოცემული მომენტისათვის დაზარალებული მ. კ–ი და მისი თანხმლები პირები შემთხვევის ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ და შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ მოწმე ლ. ბ–ი (რაც დასტურდება საქმის მასალებით და არც ბრალდების მხარე უარყოფს). შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია, რომ ვინაიდან დ. მ–ი მ. კ–ს დაემუქრა - დაბრუნდებოდა და მოკლავდა, ხოლო დაბრუნების შემდეგ შეაგინა ლ. ბ–ს და გაისროლა მიკროავტობუსის მიმართულებით (რაზედაც მიუთითებენ მოწმეები), აღნიშნული ადასტურებს ხულიგნობის ფაქტსა და დ. მ–ის უკანასკნელ ქმედებას შორის კავშირს, რის გამოც ხულიგნობა არ დასრულებულა იმ მომენტში, როდესაც მხარეები ერთმანეთს განარიდეს. შესაბამისად, კასატორის მტკიცებით, დ. მ–იმ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

11. კასატორი - პროკურორი მედეა ცირამუა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა - ხულიგნობა დასრულდა იმ ეტაპზე, როდესაც მხარეები განარიდეს ერთმანეთს - არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან დ. მ–ის ქმედება - მის მიერ განხორციელებული გასროლა - შეფასების გარეშე რჩება.

12. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. კერძოდ, ბრალდების მხარეს სამართლებრივად ცალკე უნდა შეეფასებინა დ. მ–ის ქმედება ამ ნაწილში.

13. სასამართლომ კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13), ხოლო სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან ბრალდების მხარეს არც გამოძიებისა და არც სასამართლოში საქმის განხილვისას (ასევე არც საკასაციო საჩივარში) არ მოუხდენია დ. მ–ის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასება სსკ-ის შესაბამისი მუხლით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს დ. მ–ის მიერ სავარაუდოდ განხორციელებულ გასროლას.

14. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული დ. მ–ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1- ნაწილით დანიშნული სასჯელის - 8 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. მ–ს დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს და გათავისუფლებულია პენიტენციური დაწესებულებიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებული დ. მ–ი ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე