Facebook Twitter

ას-1039-1070-2011 3 აგვისტო, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

ს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს “...” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს “...” სარჩელის გამო, მოპასუხეების: შპს “ს. რ-სა” და სს “თ. ც-ის” მიმართ, ასევე, შპს “ს. რ-ს” შეგებებული სარჩელის გამო შპს “...” მიმართ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის, შპს “ს. რკინიგზასა” და სს “თ. ც-ს” შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ზიანის ანაზღაურებისა და შეგებებულ სარჩელში _ საიჯარო ქირის ანაზრაურების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ს. უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა შპს “...” საკასაციო საჩივარი.

ს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შპს “...-ს” საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 14 ივლისს ჩაბარდა ფინანსურ მენეჯერ გ. მ-ეს (ტ.III, ს.ფ.187).

ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა ფინანსურ მენეჯერ გ. მ-ეს. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩაბარება ნამდვილია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 15 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 19 ივლისს. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ შპს “...” დირექტორმა ლ. მ-მა სასამართლოს განცხადებით მომართა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა 2011 წლის 29 ივლისს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

პალატა მიიჩნევს, რომ შპს “..-ს” სასამართლოს მიერ დადგენელ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

შპს “...ს” (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს სადაზღვეო კომპანია ... მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 18 ივლისის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. შპს “...ს” დაუბრუნდეს შპს სადაზღვეო კომპანია ... მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 18 ივლისის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თ.ს არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი ს. უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.