Facebook Twitter

ას-1050-1080-2011 12 აგვისტო, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ხ-შის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ ო. ი-ძის სარჩელის გამო, მოპასუხე _ გ ხ-შის მიმართ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ ხ-შის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ვინაობის დაზუსტება, თუ სადაო საკასაციო საჩივარი შეტანილია ა. ბ-ლის მიერ, მხარეს ასევე დაევალა დვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა, ხოლო თუ საკასაციო საჩივრის ავტორი შ-ეა, მაშინ ამის შესახებ უნდა მიეთითებინა საკასაციო საჩივარში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ ძირათად მისამართზე, მაგრამ არ ჩაბარდა რადგანაც კასატორი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლომ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაუგზავნა გ ხ-შის წარმომადგენელ ა. ბ-ლს, მაგრამ არც მას ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი შეტყობინებაზე გამოუცხადებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ, მხარის ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩათვალა და კასატორის წარმომადგენელ ა. ბ-ლს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 5 აგვისტოს, რისი დამადასტურებელი აქტიც საქმეშია წარმოდგენილი (ტ. V, ს.ფ. 253, რწმუნებულება იხ. ტV, ს.ფ. 238).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 6 აგვისტოს და ამოიწურა 2011 წლის 10 აგვისტოს. გ ხ-შის წარმომადგენელმა ა. ბ-ლმა კი სასამართლოს განცხადებით მომართა 2011 წლის 11 აგვისტოს, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, კასატორის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა და მოითხოვა საპროცესო ვადის 3-4 დღით გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის გადასხდელად. საპროცესო ვადის დარღვევასთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც რომ, გარდა სასამართლოს კანცელარიის სარეგისტრაციო შტამპზე მითითებული თარიღისა, განცხადების შედგენის თარიღად მისი ავტორი უთითებს 2011 წლის 11 აგვისტოს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლოს განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ გ ხ-შს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი ვადაში არ შეუვსია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ ხ-შის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქაქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.