ას-152-146-2011 1 აგვისტო, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. კ-ვა
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ ... “, ზ. უ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ აგრეგატებზე სასარგებლო მოდელების დანერგვით მიღებული მოგებიდან პატენტმფლობელისათვის 50000 ლარის გადახდა ან აგრეგატის საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანა, სასარგებლო მოდელზე “საქპატენტის” მიერ გაცემული პატენტების ჰიდროელექტროსადგურ “ვარციხჰესის” მითითების ნაწილში გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ ...-ის” მიმართ და მოითხოვა აგრეგატებზე სასარგებლო მოდელების დანერგვით მიღებული მოგებიდან პატენტმფლობელისათვის 50000 ლარის გადახდა ან აგრეგატის საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანა შემდეგი საფუძვლებით: 1976 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის 1 მარტამდე მოსარჩელე მუშაობდა ვარციხეჰესების კასკადში სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო 1985 წლიდან – დირექტორად. მისი უშუალო მონაწილეობით გაეშვა ოთხივე სადგური, მისივე ხელმძღვანელობით 1993 წლიდან 2004 წლის იანვრამდე კოლექტივი მუშაობდა საგანგებო რეჟიმში, უმძიმეს პირობებში. მოსარჩელის მიერ აგრეგატებზე სასარგებლო მოდელების დანერგვის და 2004 წლის ბოლოსათვის მისი სრულყოფის შედეგად შესაძლებელი გახდა აგრეგატების მუშაობა.
გ. კ-ას სახელზე საქპატენტის მიერ 2007 წელს გაიცა პატენტები შემდეგ სასარგებლო მოდელებზე: 1) ტურბინის საკისრის გაგრილების სისტემა-პატენტი P 4179 ძალაშია 2005 წლის აპრილიდან; 2) ტურბინის მიმმართველი საკისრის შემჭიდროება U 1386, ძალაშია 2006 წლის 24 მარტიდან; 3) ჰიდროაგრეგატის გენერატორის, სტატორისა და საკისრების გაგრილების ხერხი U 1366, ძალაშია 2006 წლის 28 ნოემბრიდან. მოსარჩელემ პატენტების ირგვლივ მოლაპარაკება აწარმოვა 2005 წლის 21 მარტს სს „ ... “ ბაზაზე შექმნილ შპს „ ....-ის“ ხელმძღვანელობასთან, სადაც დირექტორის მრჩევლად მუშაობა ვერ მოასწრო, რადგან 2006 წლის 1 მარტიდან ყოვლად უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
პატენტების მიღების შემდეგ გ. კ-ამ წერილობით მიმართა ჯერ შპს „ ...-ის”, ხოლო შემდგომ შპს „ჯ. მ-ის“ დირექტორებს, რომელთაც წერილობით პასუხში ბრალი დასდეს საქპატენტს სადავო პატენტების არასწორად გაცემაში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასარგებლო მოდელების ბიულეტინებში გამოქვეყნების შემდეგ რაიმე პრეტენზიის არსებობისას დაინტერესებულ პირს სამი თვის ვადაში უნდა მიემართა საქპატენტისათვის. საქპატენტს არავინ არ მიმართა, რის გამოც მის სახელზე პატენტები გაიცა საქართველოს საპატენტო კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.
შპს “ ...-მა” ასევე მიმართა სასამართლოს სარჩელით გ. და შ. კ-ვების მიმართ ჰიდროელექტროსადგურ “ვარციხჰესის” მითითების ნაწილში სასარგებლო მოდელზე “საქპატენტის” მიერ გაცემული U 1386 და U 1366 პატენტების გაუქმების მოთხოვნით შემდეგი მოტივებით: გ. და შ. კ-ვებმა „საქპატენტიდან“ მიიღეს პატენტები და ავტორობა სასარგებლო მოდელებზე ისე, რომ სასარგებლო მოდელების არსებობა არ შეუმოწმებია. აღნიშნული პატენტების არსებობა, შპს „ ...-ის“ უფლებებს არღვევს და მუდმივად შეუქმნის ამის საშიშროებას მომავალში. გ. კ-ამ “ვ. კასკადში” დირექტორად მუშაობის პერიოდში განახორციელა საწარმოს ბალანსზე რიცხულ ჰიდროაგრეგატებსა და ტურბინებზე ცვლილებები ისე, რომ არ შეატყობინა ამის შესახებ არც ზემდგომ ორგანოებს და არც სპეციალურ საზედამხედველო სამსახურებს. რაც მთავარია, ეს მოქმედება ეწინააღმდეგება აღნიშნული დანადგარების ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ წესებს და განხორციელდა მათ დაუკითხავად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებების შესრულებაში თეორიულად და პრაქტიკულად მონაწილეობდა საწარმოს სხვადასხვა თანამშრომელი, მითითებული შესრულდა უშუალოდ გ. კ-ვას მითითებით და პასუხისმგებლობაც ამის შესახებ მას ეკისრება.
ჰიდროაგრეგატსა და ტურბინებზე აღნიშნული ცვლილებების შესახებ წლების განმავლობაში გ. კ-ას არც ერთ დოკუმენტში ან რაიმე საბუთში არ მიუთითებია. საწარმოს ამჟამინდელმა მესაკუთრემ საწარმო შეიძინა რაიმე ვალდებულებების გარეშე, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა „საქპატენტმა“ მაინც გასცა გ. კ-ას სახელზე პატენტები.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განჩინებით აღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებადD და მიენიჭა ერთი ნომერი. ამავე სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით გ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს “ ...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. და შ. კ-ების სახელზე U1386 და U1366 პატენტები ჰიდროელექტროსადგურ “ვ-ში” (ამჟამად “ ...”) მათი დანერგვის მითითების ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. კ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1976 წლის ოქტომბრიდან გ. კ-ა მუშაობდა სს “ ... “ სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, 1986 წლიდან დირექტორად და გათავისუფლდა თანამდებობიდან 2005 წლის 1 მარტს. 2007 წელს “საქპატენტმა” გ. და შ. კ-ების სახელზე გასცა პატენტები შემდეგ სასარგებლო მოდელებზე: 1) ტურბინის საკისრის გაგრილების სისტემა-პატენტი 4179 ძალაშია 2005 წლის აპრილიდან; 2) ტურბინისმიმმართველი საკისრის შემჭიდროება 1386, ძალაშია 2006 წლის 24 მარტიდან; 3) ჰიდროაგრეგატის გენერატორის, სტატორისა და საკისრების გაგრილების ხერხი 1366, ძალაშია 2006 წლის 28 ნოემბრიდან.
“საქპატენტის” მიერ სასარგებლო მოდელებზე გაცემულ 1386 და 1366 პატენტებში მიეთითებულია ჰიდროელექტრო სადგურ “ვ-ში” (ამჟამად “...”) მათი დანერგვის შესახებ.
სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული 2009 წლის 4 ოქტომბრის ექსპერტის დასკვნით, შპს “...-ის” ¹1 კასკადის ¹1 აგრეგატზე ამჟამად არსებულ დანადგარებზე დანერგილია მოსარჩელის სახელზე გაცემული P4179, U 1366 და U 1386 პატენტებით გათვალისწინებული ექსპლუატაციის წესები, თუმცა საქმეში არ არსებობს ეკონომიკური გაანგარიშება ამ მეთოდის დანერგვით მიღებული მოგების ოდენობის შესახებ, ამდენად, შეუძლებელია, დადგინდეს აღნიშნული მეთოდის ეფექტურობა და გამართულობა. შესაბამისად, პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ “საქპატენტის” მიერ სასარგებლო მოდელებზე გაცემულ U 1386 (ტურბინისმიმმართველი საკისრის შემჭიდროება) და U 1366 (ჰიდროაგრეგატის გენერატორის, სტატორისა და საკისრების გაგრილების ხერხი) პატენტებში მითითებული ექსპლუატაციის წესები შპს “ ....-ში” დანერგილი არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების: ს.გ-ის, ა.ყ-ის, გ.რ-ის, ა.გ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 1990-იან წლებში, გ. კ-ას დირექტორად მუშაობის პერიოდში, საწარმოს თანამშრომელთა მონაწილეობით, აგრეგატებზე განხორციელდა ცვლილებები, რაც გამოწვეული იყო იმ დროისათვის ობიექტური აუცილებლობით, თუმცა ასეთი გადაკეთება იმ დროს მოქმედი წესების შესაბამისად ქარხანადამამზადებელთან, მესაკუთრესთან და სათანადო ორგანოებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სარჩელის წარდგენის დროისათვის მოქმედი “საქართველოს საპატენტო კანონის” მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტით, 53-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4 და 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ, მართალია, შპს “...” ¹1 კასკადის ¹1 აგრეგატზე, ამჟამად არსებულ დანადგარებზე დანერგილია მოსარჩელის სახელზე გაცემული U1366 და U 1386 პატენტებით გათვალისწინებული ექსპლუატაციის წესები, მაგრამ აღნიშნული წესები დაინერგა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, “საქართველოს საპატენტო კანონის” 53-ე მუხლის შესაბამისად, ამდენად, შპს “..ს” უფლება აქვს, ინდივიდუალურად გამოიყენოს იგი პატენტის მოქმედების მიუხედავად (წინათსარგებლობის უფლება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა, რომ შპს “...-მა” აგრეგატებზე სასარგებლო მოდელების დანერგვით მიღებული მოგებიდან პატენთმფლობელს გადაუხადოს თანხა ან გადაიყვანოს აგრეგატები საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე, არ გამომდინარეობს “საქართველოს საპატენტო კანონის” 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან, რაც უსაფუძვლოს ხდის სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა, რომ 2009 წლის 4 ოქტომბრის ექსპერტის დასკვნით, საქმეში არ არსებობს ეკონომიკური გაანგარიშება სასარგებლო მოდელის დანერგვით მიღებული მოგების ოდენობის შესახებ, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული მეთოდის ეფექტურობის დადგენა და გ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა 50 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
პალატამ არ გაიზიარა გ. კ-ას მოსაზრება, რომ მოგებასთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილი გაანგარიშება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამის სათანადო მტკიცებულებას და საკმარისია სასარგებლო მოდელის დანერგვით მიღებული მოგების დასადგენად.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, დაიცვას მისი სახელი, თუ სხვა უნებართვოდ სარგებლობს მისით და ამით ფიზიკური პირის ინტერესები ილახება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელის სახელზე გაცემულ U 1366 და U1386 პატენტებში სასარგებლო მოდელზე პატენტის აღწერილობაში მითითებულია, რომ ტურბინისმიმმართველი საკისრის შემჭიდროების, ასევე ჰიდროაგრეგატის გენერატორის, სტატორისა და საკისრების გაგრილების ხერხი დანერგილია ჰიდროელექტროსადგურ “ვარციხეჰესში” (შპს “...”). აღნიშნული ჩანაწერი გახდა შპს “...ათვის” თანხის დაკისრებისა და აგრეგატების საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანის მოთხოვნით გ. კ-ას სარჩელის წარდგენის საფუძველი.
ამდენად, დასაბუთებულია შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა, მისი სახელი გამოყენებულ არ იქნას მოსარჩელის სახელზე გაცემულ U 1366 და U 1386 პატენტებში სასარგებლო მოდელზე პატენტის აღწერილობაში. პალატამ გამართლებულად ჩათვალა მისი იურიდიული ინტერესი, ამოირიცხოს მითითებული პატენტებიდან შპს “...” სახელი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს “...” ¹1 კასკადის ¹1 აგრეგატზე ამჟამად არსებულ დანადგარებზე არ იყო დანერგილი მოსარჩელის სახელზე გაცემული U 1366 და U 1386 პატენტებით გათვალისწინებული ექსპლუატაციის წესები, მაგრამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რა გ.კ-ას სარჩელი და დაკმყოფილდა შპს “...” სარჩელი, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. კ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით მოწინააღმდეგე მხარისათვის გ.კ-ას კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების შპს “...” მიერ გამოყენების გამო 50000 ლარის დაკისრება ან აგრეგატების საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა “პატენტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12, მე-13, 48-ე და 53-ე მუხლები. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაკითხული “საქპატენტის” თანამშრომლების განმარტება, რომელთაც დაადასტურეს, რომ სადავო პატენტები გაიცა კანონიერად. საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ პატენტები დანერგილი იყო ვარციხეჰესის აგრეგატებზე. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია პ4179 პატენტზე, რომელიც გაიცა მოწინააღმდეგე მხარის სარგებლობაში არსებულ გამოგონებაზე. შპს “ვარციხე 2005-მა” გ.კ-ასთან შეთანხმების გარეშე შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და დაამატა U1386 და U1366 პატენტების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ გ. კ-ა (კასატორი) 1976 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის 1-ლ მარტამდე მუშაობდა სს ,,ვარციხეჰესების კასკადში’’ სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის, საწარმოს დირექტორის თანამდებობაზე. 2007 წელს ,,საქპატენტმა’’ გ. და შალვა კ-ებზე გასცა პატენტები შემდეგ სასარგებლო მოდელებზე _ 1. ტურბინის საკისრის გაგრილების სისტემა (პატენტი 4179), 2. ტურბინის მიმმართველი საკისრის შემჭიდრება (პატენტი 1386) და 3. ჰიდროაგრეგატის გენერატორის, სტატორისა და საკისრების გაგრილების ხერხი (1366). საქპატენტის მიერ U1386 და U1366 სასარგებლო მოდელებზე გაცემულ პატენტებში მითითებულია ჰიდროელექტრო სადგურ ,,ვარციხჰესში’’ მისი დანერგვის თაობაზე. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში გასაზიარებელია საკასაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ პატენტი 4179 გაცემულია გამოგონებაზე და არა სასარგებლო მოდელზე.
სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ამ პატენტებში მითითებული ექსპლუატაციის წესი არ არის გამოყენებული ,,ვარციხე 2005-ში’’. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პატენტში მითითებული ექსპლუატაციის წესებს შპს ,,...” იყენებს 1990-იანი წლებიდან, რის გამოც ,,საქართველოს საპატენტო კანონის’’ 53-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს გამოიყენოს იგი პატენტის მოქმედების მიუხედავად.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებული ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება ამ საქმეზე დამდგარ შედეგს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილადაა ნაცნობი სადავო პატენტებში მითითება სადგურ ,,ვ-ში’’ ამ პატენტების დანერგვის თაობაზე, მაშინ როდესაც ეს ფაქტი დადგენილია საქმის მასალებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პატენტში მითითებული ჩანაწერი – ელექტროსადგურ ,,ვ-ში’’ ამ სასარგებლო მოდელების დანერგვის თაობაზე, არღვევს ,,...’’ სახელის უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი უფლებებიც ილახება მისი სახელის უნებართვოდ სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან მასზე უარის თქმა. ნორმა დარღვეული უფლების რეალიზაციას უკავშირებს ორ შემთხვევას: 1. როდესაც პირს ეცილებიან მისი სახელის ტარების უფლებაში და 2. როდესაც პირის უფლება ილახება მისი სახელის უნებართვო გამოყენებით. ,,...’’ სახელის ტარებაში ბუნებრივია, არავინ ეცილება. სააპელაციო პალატამ ,,ვარციხე-2005-ის’’ უფლება შელახულად მიიჩნია იმის გამო, რომ პატენტში გაკეთებული ჩანაწერი საფუძველი გახდა შპს ,, ...-ისათვის’’ თანხის დაკისრების, ასევე აგრეგატების საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანის მოთხოვნით სარჩელის წარდგენისა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 42) და ამ უფლების გამოყენება არ შეიძლება მივიჩნიოთ იმ პირის უფლების შელახვად, ვის წინააღმდეგაც შეტანილია სარჩელი. სააპელაციო სასამართლო სხვა არგუმენტს აღნიშნული ჩანაწერის გასაბათილებლად ვერ უთითებს. ამ საფუძვლით კი შეუძლებელია, სახელის უფლების დარღვეულად მიჩნევა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის დადგენა.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილებით გაბათილებულია ჩანაწერი ადმინისტრაციული ორგანოს _ ,,საქპატენტის’’ მიერ გამოცემულ აქტში, რაც ამ ორგანოს საქმეში მონაწილეობისა და შესაბამისი პალატის მიერ საქმის განხილვის გარეშე დაუშვებელია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული თვალსაზრისით შეუძლებელია სარჩელის დაკმაყოფილება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით დადგენილია პატენტით გათვალისწინებული ექსპლუატაციის წესების საწარმოში დანერგვის ფაქტი. აღნიშნული კი თავისთავად, “საქართველოს საპატენტო კანონის” თანახმად, მოთხოვნის დაყენების საფუძველია. მითითებული კანონის 48-ე მუხლის თანახმად, პატენტმფლობელს აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გამოგონება, სასაგრებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე თუ პატენტი კანონშესაბამისადაა ცნობილი, და მას იყენებს სხვა პირი, ამ ნორმაში მითითებული ყველა უფლება წარმოეშობა პატენტმფლობელს, მიუხედავად იმისა მითითებულია თუ მისი დანერგვის ადგილსამყოფელი პატენტის ტექსტში.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპერტის დასკვნით არ ირკვევა სასარგებლო მოდელის დანერგვით მიღებული მოგების ოდენობა, რადგან საქმეში არ არსებობს ამის თაობაზე ეკონომიკური გაანგარიშება. აღნიშნულის თაობაზე გასაზიარებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს კასატორის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების თაობაზე. ამასთან, შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის გაზიარებაც, რომ მოგების ოდენობის დაუდგენლობა შეუძლებელს ხდის აღნიშნული მეთოდის ეფექტურობისა და მისი გამართულობის შეფასებას.
სასარგებლო მოდელის ან გამოგონების ეფექტურობა დასტურდება პატენტის მეშვეობით და არა სასამართლოს მიერ. შეუძლებელია არაეფექტურ და უსარგებლო მოდელზე ან გამოგონებაზე გაიცეს პატენტი. საპატენტო კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პატენტით შეიძლება დაცული იქნეს ისეთი გამოგონება, რომელიც პატენტუნარიანია და აკმაყოფილებს სიახლის, გამოგონებისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პატენტით შეიძლება დაცული იქნეს ის სასარგებლო მოდელი, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ მოწყობილობას, ნივთიერებას ან ხერხს და რომელიც აკმაყოფილებს საიხლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს. დღეისათვის კასატორის სახელზე გაცემული პატენტები ძალაშია და შეუძლებელია ვისაუბროთ მის არაეფექტურობაზე. პატენტის არსებობა თავისთავად პრეზუმფციაა იმისა, რომ მისით დაცული სიკეთე აკმაყოფილებს სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს. პალატა ამ თვალსაზრისითაც არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული სასარგებლო მოდელები თუ გამოგონება შექმნილია ავტორის მიერ მოპასუხის საწარმოში მუშაობის დროს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, ხომ არ არის პატენტები გაცემული სამსახურებრივ ნაწარმოებებზე საპატენტო კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და რა უფლება გააჩნია მასზე როგორც მოპასუხეს ისე მოსარჩელეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნულის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იგივე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.