Facebook Twitter

ას-164-158-2011 1 აგვისტო, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ჭ. ჯ-ე, მ ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ჭ. ჯ-ის, შპს “...-ის”, მ ჯ-ისა და შპს “მერქნის” მიმართ დავალიანების გადახდის დავალდებულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ჭ. ჯ-ეს, მ ჯ-ეს, შპს “მ-ა” და შპს “ ...-ს” სს “... ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 073 263,97 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების დაფარვისას თითოეული თავდების – შპს “ ...-ის”, შპს “მ-სა” და მ ჯ-ის – სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება 627.360.28 აშშ დოლარისა და მ ჯ-ის, შპს “მ-ის”, შპს “...-ის” საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ჭ. ჯ-ის, მ ჯ-ის, შპს “მ-ის”, შპს “ ....-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის 1 073 263,97 აშშ დოლარის დაკისრებისა და სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში გაუქმდა და სს “... ბანკის” სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჭ. ჯ-ეს, მ ჯ-ეს, შპს “მ-ს”, შპს “ ....-ს” სს “... ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 627,360.28 აშშ დოლარისა და 2009 წლის 30 მაისიდან ძირითადი თანხის _ 577,101.73 აშშ დოლარის 15% წლიური სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დავალიანების დაფარვისას თითოეული თავდების _ შპს “...-ის”, შპს “მ-სა” და მ ჯ-ის _ სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:L

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 23 მაისს სს “... ბანკსა” და ჭ. ჯ-ეს შორის გაფორმდა ¹13.1.8897 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, სს “... ბანკსა” და ჭ. ჯ-ეს შორის, 2008 წლის 23 მაისს გაფორმდა ¹13.1.8897 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 310 000 აშშ დოლარით, ვადა _ 120 თვით, სარგებელი _ წლიური 15%-ით. მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა კრედიტით დაფარვის გრაფიკი.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს “... ბანკსა” და ჭ. ჯ-ეს შორის 2008 წლის 23 მაისს ასევე გაფორმდა ¹.... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარით, ვადა _ 120 თვით, სარგებელი წლიური _ 15%-ით. მხარეები შეთანხმდნენ კრედიტის დაფარვის გრაფიკზე.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს “... ბანკსა” და ჭ. ჯ-ეს შორის 2008 წლის 23 ივნისს გაფორმდა ¹.... შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება 190 000 აშშ დოლარზე, 119 თვით წლიური 15%-ის დარიცხვით.

2008 წლის 8 მაისს, ერთი მხრივ, სს “... ბანკსა” და, მეორე მხრივ, მ და ჭ. ჯ-ეებს შორის გაფორმდა ¹... იპოთეკის ხელშეკრულება. ჭ. ჯ-ეს და ბანკს შორის გასაფორმებელი ¹... გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ ჯ-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ტაბახმელაში მდებარე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი.

ამავე ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.

2008 წლის 18 ივნისს სს “... ბანკს” და, მეორე მხრივ, ეკატერინე კელენჯერიძესა და ჭ. ჯ-ეს შორის გაფორმდა ¹.... იპოთეკის ხელშეკრულება. ჭ. ჯ-ეს და ბანკს შორის გაფორმებული ¹13.1.8897 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სს “... ბანკის” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ე. კ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქ.თბილისში, მ-ის ქუჩა ¹8-ში მდებარე ¹50-51 ბინებზე. იპოთეკით დატვირთული ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე არის მ ჯ-ე. ამავე ხელშეკრულებაში აისახა 5.6. პუნქტი ზემოხსენებული შინაარსით.

2008 წლის 23 მაისს სს “... ბანკსა” და შპს “ ...-ს”, მ ჯ-ეს და შპს “მ-ს” შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების მე-4 მუხლით სოლიდარული პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით.

ჭ. ჯ-ემ 2008 წლის 23 მაისის ¹..., ¹..., ¹.... შემადგენელი საკრედიტო ხელეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია. სს “... ბანკის” მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, 2009 წლის 30 მაისის მდგომარეობით ჭ. ჯ-ის დავალიანება შეადგენს 627.369.28 აშშ დოლარს.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში სადავოს წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე, 2018 წლის 11 მაისამდე, მოპასუხეებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრება.

პალატის მითითებით, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე, 2018 წლის 11 მაისამდე, სარგებლის დაკისრებას ითხოვს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხიმგებლობის დაკისრების წინაპირობას. მოსარჩელეს მხედველობაში აქვს ის ზიანი, რაც შეიძლება მას მიადგეს კრედიტის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში, რაც არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელის მოსაზრება, ემყარება ვარაუდს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. აღსანიშნავია, რომ ბანკი წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციას და მისი საქმიანობის სფეროა კრედიტის გაცემა მომხმარებელზე, შესაბამისად, კრედიტის ვადამდე დაფარვის შემთხვევაშიც შესაძლებელია საკრედიტო რესურსის გამოყენება სარგებლის მიღების მიზნით. ასევე, 2009 წლის 30 მაისის მდგომარეობით არსებული დავალიანების შესახებ ბანკის მიერ წარმოდგენილი ცნობის შესაბამისად, კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვისათვის მოვალეს მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა სამივე ხელშეკრულებიდან გადასახდელი თანხის 3%, რაც შეადგენს 17,313.06 აშშ დოლარს (გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.5 პუნქტი).

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში მოვალის პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოვალის დავალიანება შეადგენს 627.369.28 აშშ დოლარს. ვალდებულება მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნულ ნორმასთან შესაბამისობაშია ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.4. პუნქტი. მხარეთა შეთანხმებით, დადგინდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის პირობებში სარგებლის გადახდა მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფილობით თუ იძულებით აღსრულებამდე. წლიური სარგებელი განისაზღვრა 15%-ით. მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის (2009 წლის 30 მაისის მდგომარეობით), შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესასრულებელი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 577,101.73 აშშ დოლარს.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ვადის გადაცილების მომენტიდან, 2009 წლის 30 მაისიდან, ძირითადი თანხის 577,101.73 აშშ დოლარის წლიური 15% კრედიტორისათვის თანხის დაბრუნების მომენტამდე.

მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი აღიარებს ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას 2009 წლის 30 მაისის მდგომარეობით, რაც, სს “... ბანკის” მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შეადგენს 627,369.28 აშშ დოლარს, მათ შორის _ სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, ვადაგადაცილების ჯარიმა, ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში, მოპასუხემ ცნო სარჩელი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი (იპოთეკარი) კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით და მიიჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებებით. პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა აპელანტის განმარტება, რომ აღსრულება უნდა მიექცეს მხოლოდ თავდებთა ქონებაზე, ვინაიდან ძირითად მოვალეს და თავდებს თანაბარწილად ეკისრებათ პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებისათვის (სოლიდარული ვალდებულება). ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, დადგენილია მხარეთა ნება და შეთანხმება იმის თაობაზე, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით არ უქმდება კრედიტორის მოთხოვნა და იპოთეკის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ნაკლებობისას აღსრულება მიექცევა სოლიდარული მოვალეების (ძირითადი მოვალე _ ჭ. ჯ-ე, თავდები პირები _ შპს “ ...”, შპს “მ-ი”, მ ჯ-ე) საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ და ჭ. ჯ-ეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო შემთხვევაში მსესხებელსა და ბანკს შორის საკრედიტო ურთიერთობის და ქონებრივი პასუხისმგებლობის ყველა საკითხი განისაზღვრა სს „... ბანკსა“ და ჭ. ჯ-ეს შორის გაფორმებული 2008 წლის 23 მაისის ¹... გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით.

მხარეებმა მკაფიოდ განსაზღვრეს მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის სანივთე და უფლებრივი უზრუნველყოფის ფარგლები, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულება უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნებზე, აგრეთვე, სოლიდარულ მოვალეთა მთელ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით.

აღნიშნული ჩანაწერი საკრედიტო ხელშეკრულებაში სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ჭ. ჯ-ის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის საგნების ღირებულებით და სოლიდარულ მოვალეთა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. მისი ვალდებულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს იპოთეკის საგნების რეალიზაციის და ზემოაღნიშნულ სოლიდარულ მოვალეთა ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, თუნდაც მათი ღირებულება არ ფარავდეს დავალიანების ოდენობას.

თუკი მხარეები თანხმდებოდნენ, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების განსხვავებულ წესზე, ასეთი შეთანხმება მოცემული უნდა იყოს საკრედიტო და არა იპოთეკის ხელშეკრულებაში, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების განსხვავებული წესი მოცემულია სწორედ გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომელმაც მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით მსესხებლის პასუხისმგებლობა შემოფარგლა კრედიტორის მიერ იპოთეკისა და სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებების საგნით დაკმაყოფილების მიღების გზით. აღნიშნულის შემდეგ კი კრედიტორის მოთხოვნა უნდა გაუქმდეს.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლო მოსაზრება, რომ არ შეიძლება აღსრულების მიქცევა მხოლოდ თავდებთა ქონებაზე, მაშინ, როდესაც არსებობს ძირითადი მოვალის ვალდებულება. აღსრულების სტადიაზე ძირითადი მოვალის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება და იგი წყდება მხოლოდ იპოთეკის საგნების რეალიზაციისა და თავდებთა ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, რის შემდეგაც ბანკის მიმართ მსესხებლისა და სოლიდარული მოვალეების ვალდებულება წყდება ერთდროულად, ვინაიდან ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ მხარეები. ამის შემდეგ ძირითადი მოვალის ვალდებულება ბანკის მიმართ წყდება, მაგრამ არაპირდაპირ მაინც აგრძელებს არსებობას, რადგან იპოთეკის მესაკუთრეებს და თავდებებს უჩნდებათ რეგრესული მოთხოვნა მის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 23 მაისს სს ,,... ბანკსა’’ და ჭ. ჯ-ეს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება, სადაც აისახა მსესხებლისათვის კრედიტის გაცემის პირობები. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,... ბანკსა’’ და ჭ. ჯ-ეს შორის 2008 წლის 23 მაისს და 23 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ჭ. ჯ-ეზე ერთობლიობაში გაიცა 600 000 აშშ დოლარი. მითითებული ხელშეკრულებით განისაზღვრა თანხის გადახდის ხანგრძლივობა, სარგებელის ოდენობა. მხარეთა შორის შედგა თანხის დაფარვის გრაფიკიც.

2008 წლის 8 მაისს სს ,,... ბანკსა’’ და მ ჯ-ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჭ. ჯ-ესა და ბანკს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ ჯ-ის საკუთრებაში არსებული ქონება სოფელ ტაბახმელაში. იგივე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ეკატერინე კელენჯერიძის კუთვნილი ქ.თბილისში მცხეთის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის მესაკუთრე დღეისათვის მ ჯ-ეა. ამავე მიზნით სს ,,... ბანკსა’’ და შპს ,,...-ს’’ შორის, ასევე სს ,,... ბანკსა’’ და მ ჯ-ეს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც შპს ,,...-მა” და მ ჯ-ემ მსხესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტის თანხის გადახდისა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკს უფლება ეძლეოდა, კონტრაჰენტისათვის წაეყენებინა მოთხოვნა მსხესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თავდებები კისრულობდნენ მსხესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდას.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მსხესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ბანკის წინაშე ვერ შეასრულა და მას დაეკისრა თანხის გადახდა ბანკის სასარგებლოდ. კასატორის საკასაციო პრეტენზია ძირითადად სასამართლოს მიერ დადგენილ აღსრულების წესს შეეხება. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებლის პასუხისმგებლობა შემოფარგლულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ კრედიტორმა დაკმაყოფილება მიიღოს იპოთეკით დატვირთული და ასევე თავდებთა ქონებით, რის შემდეგაც კრედიტორის მოთხოვნა უნდა გაუქმდეს.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, შეთანხმება აღსრულების განსხვავებული წესის თაობაზე უნდა აისახოს აუცილებლად იპოთეკის ხელშეკრულებაში, არასწორია. კასატორის მიერ მითითებული ნორმის მე-3 ნაწილში საუბარია არა კონკრეტულად იპოთეკის ხელშეკრულებაზე, არამედ მითითებულია ამ საკითხზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის აუცილებლობაზე. იგივე შინაარსის დებულებებს შეიცავს სამოქალაქო კოდექსის (დღეს მოქმედი) 301-ე მუხლის 11 მუხლის შინაარსიც. ამ ნორმაშიც საუბარია მხარეთა შეთანხმებაზე და არა მხოლოდ და მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებაზე.

მხარეთა შეთანხმება არ შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით. მხარეთა შეთანხმება მოიცავს ზემოთ ჩვენს მიერ მითითებულ ყველა ხელშეკრულებას ერთობლიობაში, რომელთა ანალიზიდან ცალსახად იკვეთება, რომ მსხესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს როგორც იპოთეკით დატვირთული ქონებით, ასევე თავდებთა ქონებით, რომლებმაც მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარული ვალდებულება.

კასატორის მითითება მსესხებლის ქონებაზე აღსრულების დაუშვებლობის თაობაზე ეწინააღმდეგება სოლიდარული პასუხისმგებლობის არსს და გამორიცხავს ასეთი სახის ვალდებულების არსებობის შესაძლებლობას. სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარული მოვალეს, როგორც მთლიანად ისევე ნაწილობრივ. ვალდებულების ბოლომდე შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

კანონი ყველა მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების ერთნაირ წესს აწესებს და იგი არ ითვალისწინებს რომელიმე მოვალის ვალდებულების გამორიცხვის შესაძლებლობას მოვალის შეხედულებისამებრ. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თუ მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება ბოლომდე მსესხებლის ვალდებულება ძალაში რჩება და იგი ვალდებულია, დააკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა ისევე, როგორც სხვა მოვალეებმა.

მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებათა ანალიზი ცალსახად ადასტურებს სოლიდარული ვალდებულების არსებობას, რაც გულისხმობს ერთდროულად რამოდენიმე მოვალის არსებობას და თითოეული მათგანის (მოცემულ შემთხვევაში კი როგორც თავდებთა, ისე მსესხებლის) სოლიდარულ პასუხისმგებლობას კრედიტორის მიმართ. აღნიშულის მაგალითია თუნდაც საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულების შესახებ ¹13.1. 8897 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების როგორც სათაური, ასევე ტექსტი შეიცავს მითითებას სოლიდარული ვალდებულების არსებობის თაობაზე. ამასთან, შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ კონტრაჰენტი თანახმაა და იღებს ვალდებულებას, მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისროს სოლიდარულად, რის საფუძველზეც ბანკს ეძლევა უფლება წაუყენოს კონტრაჰენტს მოთხოვნა მსხესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. აღნიშნული პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ბანკის წინაშე შპს ,,...’’ ვალდებულებას კისრულობს მსესხებელთან ერთად. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია და არა ვალდებული ვალდებულების შესასრულებლად მიმართოს ნებისმიერ მათგანს. იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით და არა ვალდებულებით მიმართოს შპს ,,...-ს’’ მსესხებლის მიმართ მოთხოვნის წაყენებამდე და მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენებამდე. აღნიშნული არ გამორიცხავს ბანკის მიერ ჯერ მსესხებლის მიმართ მოთხოვნის დაყენების შესაძლებობას. ხელშეკრულების მითითებული დებულება სწორედ სოლიდარული ვალდებულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარეობს და სოლიდარული პასუხისმგებლობისაგან განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორადაა დადგენილი აღსრულების წესი. პალატა თვლის, რომ აღსრულება უნდა მოხდეს უზრუნველყოფილი ქონებიდან, ხოლო თუ ეს ქონება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, აღსრულება უნდა გაგრძელდეს მსესხებლის ქონებაზეც.

ამდენად, პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ და ჭ. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.