ას-428-404-2011 2 აგვისტო, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი”
დავის საგანი – დაუსწრებელი გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ის, მ. შ-ისა და თინათინ შ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: მსესხებელ გ. შ-ეს და სოლიდარულ მოვალეებს: თინათინ შ-ესა და მ. შ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ სს “... ბანკის” სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 20446,47 აშშ დოლარის ოდენობით, გ. შ-ეს დაეკისრა ... ქარდის ხელშეკრულების დავალიანებაზე 2321,61 ლარის გადახდა სს ... ბანკის” სასარგებლოდ, მოპასუხეებს: გ. შ-ეს, მ. შ-ესა და თინათინ შ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ, სს “... ბანკის” სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 426.70 ლარის ანაზღაურება, სს “... ბანკს” დაუბრუნდა 2009 წლის 21 სექტემბერს საგადასახადო დავალება ¹1-ით სს “... ბანკში” წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟIდან 426.70 ლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტმბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტ გ. შ-ის გამოუცხადებლობის გამო გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული და გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “... ბანკის” წარმომადგენელ რ. გ-ლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა გ. შ-ის წარმომადგენელმა მ. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემული საქმის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2010 წლის 20 ოქტომბერს, მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ. შ-ის წარმომადგენელ მ. ტ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საჩივრის ავტორის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოდგენილი განცხადება სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა პირდაპირ არ მიუთითებდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობას, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკისრებული თანხის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით გ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით საკსაციო საჩივარი მითითებული მუხლის საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას გამოვლინდა ხარვეზი, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლისა და 372-ე, 185-ე მუხლების დებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრის ავტორს, გ. შ-ის წარმომადგენელ მ. ტ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 2 (ორი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის წარმომადგენელი საკასაციო საჩივრით ყურადღებას ამხვილებს მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს განსჯადი არ არის. ამასთან, დ. ტ-ეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეეძლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განეხორცილებინა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, პირებს, რომელსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.
2011 წლის 1 აგვისტოს გ. შ-ემ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი განუხილევლად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. შ-ის მიერ, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, ვერ გახდება ხარვეზის შევსების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესახებ განჩინებით დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივრით ყურადღება იყო გამახვილებული მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს განსჯადი არ არის. თუმცა მიუხედავად ამისა, მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ხარვეზი არ აღმოფხვრილა და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებად ისევ მითითებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება ამავე სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რაც საკასაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. გ. შ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 395.45 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.