Facebook Twitter

ას-1073-1103-2011 1 აგვისტო, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ვ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს დ. კ-ის მიმართ 2009 წლის 2 აპრილს ნ. ი-ესა და მ. ვ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის განჩინებით მოცემულ დავაში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბმულ იქნა მ. ვ-ი, რომელმაც სარჩელი ასევე არ ცნო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ნ. ი-ესა და მ. ვ-ს შორის 2009 წლის 2 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულება მ. ი-ის კუთვნილ ¼ წილზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-ემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს ნოტარიუსმა დ. კ-ემ და მ. ვ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისისა და 20 ივნისის განჩინებებით ნოტარიუს დ. კ-სა და მ. ვ-ის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.

მ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილელად დატოვების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გადაცემის დამადასტურებელი საფოსტო ბარათის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ვ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 20 მაისს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 372-ე მუხლებზე, 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 21 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 3 ივნისს, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე ან დასვენების დღეს, ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ვ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივარის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება მას 2011 წლის 3 ივნისამდე ჰქონდა. დადგენილი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე _ 2011 წლის 2 ივნისს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მან სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად, მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა დაცული აქვს. მითითებული გარემოების დადასტურების მიზნით მ.ვ-მა წარმოადგინა საფოსტო ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, ასევე, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველი საქმის მასალების შესწავლით უტყუარად დასტურდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება მ. ვ-ს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 20 მაისს (ტ.I, ს.ფ.218).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

დასახელებული ნორმა ადგენს სასამართლო შეტყობინების მნხარისათვის ჩაბარების ზოგად წესს და განმარტავს, რომ უწყება (სასამართლო შეტყობინება) მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც იგი ბარდება პირადად მხარეს, მის წარმომადგენელს ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სუბიექტს (74-ე მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც მხარე ხდის სადავოდ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღის მომდევნო კალენდარულ დღეს _ 2011 წლის 21 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 3 ივლისს _ პარასკევს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის თანახმად, მ.ვ-მა სააპელაციო საჩივრით შპს “ს. ფოსტის” მეშვეობით სასამართლოს მიმართა 2011 წლის 6 ივნისს (ტ.II, ს.ფ.21), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლისა და 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.

რაც შეეხება კერძო საჩივარის ავტორის მიერ წარმოდგენილ შპს “ს. ფ-ის” ¹... ქვითარს, რომლის თანახმადაც შეკვეთილის წერილი ¹... ასპინძის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2011 წლის 2 ივნისს, საკასაციო სასამართლო მ.ვ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის დამადასტურებელ მტკიცებულებად აღნიშნულს ვერ მიიჩნევს. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შპს “ს. ფ-ის” კონვერტისა (¹...) და ამავე ფოსტის ქვითრის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ უპირატესი იურიდიული ძალა უნდა მიენიჭოს საქმეში თავდაპირველად არსებულ მტკიცებულებას _ საფოსტო კონვერტს, რომლითაც დასტურდება, რომ მ.ვ-მა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 6 ივნისს, საწინააღმდეგოდ საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემული მასალებით დასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა, პალატა არ იქნებოდა უფლებამოსილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი გადაეწყვიტა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილის საწინააღმდეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.