Facebook Twitter

ას-1084-1113-2011 5 აგვისტო, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ს. და ლ. გ-ვები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, უნებართვოდ აგებული ღობის მოშლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ვას მიმართ ქ.თბილისში, ჯ-ის ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარედ არსებული, მოსარჩელის კუთვნილი ¹1/20 ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონოდ აგებული ღობის მოშლის მოთხოვნით.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ ს. და ლ. გ-ვები.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ., ს. და ლ. გ-ვებს აეკრძალათ ი. მ-ისათვის ქ.თბილისში, ჯ-ის ქუჩაზე, ბაზრობის ჩასასვლელის მიმდებარედ არსებული ¹1/20 მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლა და დაევალათ ი. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ აგებული ღობის მოშლა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაკისრებული ქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება ექნება, აღნიშნული მოქმედება განახორციელოს მოპასუხეთა ხარჯებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. და ლ. გ-ვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, ს. და ლ. გ-ვების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული 2011 წლის 13 მაისის სატელეფონო შეტყობინების აქტით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების: ს. და ლ. გ-ვების წარმომადგენელ H. შ-ლს 2011 წლის 25 მაისის სხდომის დღის შესახებ ეცნობა, შესაბამისად, მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლო უწყების შინაარსი, ხოლო გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსთვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და განმარტა, რომ, ვინაიდან 2011 წლის 25 მაისის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები ს. და ლ. გ-ვები, ასევე მათი წარმომადგენელი H. შ-ლი, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელ ზურაბ ჯორბენაძის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანი იყო და არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. და ლ. გ-ვების წარმომადგენელმა H. შ-ლმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ გამოუცხადებელ მხარეს სასამართლო სხდომის დღე ტელეფონით ეცნობა, რადგანაც განჩინებაში არ არის მითითებული სასამართლო შეტყობინების მიმღები პირის ვინაობა და შეტყობინების ჩაბარების თარიღი. მოსარჩელე ი. მ-ის წარმომადგენელ ზურაბ ჯორბენაძეს აპელანტების და მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო არ ჰქონდა უფლება ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული განმარტების საფუძველს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტების წარმომადგენელ H. შ-ლის შუამდგომლობა და ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძეს დაევალა შესაბამისი ცნობის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი არ არის ნასამართლევი ან მის მიმართ საქმის წარმოება შეწყვეტილია და/ან გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. შ.შ-ლის განმარტებით, აპელანტთათვის უცნობია ადვოკატმა ზ.ჯორბენაძემ შეასრულა თუ არა სასამართლოს ზემოაღნიშნული დავალება, დადებით შემთხვევაში, სასამართლოს ცნობა აპელანტებისათვის უნდა გაეგზავნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინაიდან ზ.ჯორბენაძის მიმართ იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე, იგი არ იყო უფლებამოსილი დაეყენებინა ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. და ლ. გ-ვების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკამყოფილებს კერძო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები და არც მათი წარმომადგენელი, რომელთაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომლებითაც განსაზღვრულია უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის შემთხვევების და უწყების გაგზავნის წესი, კერძოდ, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებების თანახმად (ტ.I, ს.ფ.52; 133), აპელანტები უფლებას ანიჭებენ მათი ინტერესების სასამართლო წესით დაცვაზე Hშ. შ-ლს, ამდენად, ეს უკანასკნელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი პირია სასამართლო შეტყობინების ჩაბარებაზე, რომლის კანონით დადგენილი ფორმით ინფორმირების ნამდვილობასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი “ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ” (იხ. ტ.II, ს.ფ.61).

დასახელებული საფუძვლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტებს: ლ. და ს. გ-ვებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო შეტყობინების თაობაზე, რაც გასაჩივრებულ განჩინებაშივეა აღნიშნული.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება და არც კერძო საჩივრითაა სადავოდ მიჩნეული ის გარემოება, რომ არც აპელანტები და არც მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, ამასთან, მხარეებს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არც წინასწარ და არც შემდგომ უცნობებიათ.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტთა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, აპელატთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტთა (მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის) არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, არსებობდა ს. და ლ. გ-ვების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველი.

პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მოსარჩელე ი. მ-ის წარმომადგენელ ზურაბ ჯორბენაძეს არ ჰქონდა უფლება, ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტების და მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.

მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი.მ-მა მის წარმომადგენელ ზ.ჯორბენაძეს კანონით დადგენილი წესით მიანიჭა მისი უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (იხ.ტ.II, ს.ფ.531), ამდენად, ზ.ჯორბენაძე ითვლება უფლებამოსილ წარმომადგენლად, რომელსაც შეეძლო, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, მოეთხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

რაც შეეხება მითითებას, რომ ზურაბ ჯორბენაძე იყო არაუფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც არ ჰქონდა უფლება ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ვინაიდან სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი გახდა ამ უკანასკნელის წარმომადგენლობის უფლებამოსილების ნამდვილობის დადასტურდება, საკასაციო სასამართლო აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, როლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესი, როლმლის თანახმადაც სწორედ შუამდგომლობის ავტორი იყო ვალდებული, ემტკიცებინა ზ.ჯორბენაძის უფლებამოსილების ნაკლი და ამ უკანასკნელთა მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა წარმომადგენლის უფლებამოსილების ნამდვილობაში “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების აკრძალვაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ წარმოადგენს.

დასახელებული მსჯელობის საწინააღმდეგოდაც კი, თუ ზ.ჯორბენაძე არ იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.შ-ლის კერძო საჩივარი მაინც უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მისი ძირითადი პრინციპის _ დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მხარეებს ავალდებულებს მათი უფლება-მოვალეობანი განახორციელონ კეთილსინდისიერად, მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და საპატიო მიზეზით არ ცხადდება, ვალდებულია, სასამართლოს წინასწარ აცნობოს ამ მიზეზის შესახებ კანონით დადგენილი წესით. დასახელებული ვალდებულების დარღვევისათვის კანონდებელი ადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც ერთგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზ.ჯორბენაძის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის ან არაუფლებამოსილ წარმომადგენლად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დადგენილ დროს მისი სასამართლოში გამოცხადება სათანადოდ არ ჩაითვლებოდა და სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულ.ნ გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, მან სწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები და სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ს. და ლ. გ-ვების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. და ლ. გ-ვების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.