Facebook Twitter

ას-1095-1124-2011 3 აგვისტო, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად.

2011 წლის 25 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2011 წლის 30 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ავთნდილ ღ-ის განცხადება დარჩე განუხილველად.

აღნიშნულო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ა. ღ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 1 აგვისტოს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქმის განხილვისაგან მომხსენებელი მოსამართლე თეიმურაზ თოდრიას აცილება, მაგრამ არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში ა.ღ-ს არ შეუვსია საკასაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ხარვეზი, კერძოდ, არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ასევე ა.ღ-ისთვის კერძო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ღ-მა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რის გამოც, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

რაც შეეხება ა. ღ-ის შუამდგომლობას საქმის განხილვისაგან მომხსენებელი მოსამართლე თეიმურაზ თოდრიას აცილების თაობაზე, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან, თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. მითითებული ნორმა განსაზღვრავს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობისასაც მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკრეტული საქმის განხილვაში.

მოცემულ შემთხვევაში ა. ღ-ი შუამდგომლობაში ვერ უთითებს მოსამართლის აცილების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს, რის გამოც დასახელებული შუამდგომლობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას მოსამართლე თეიმურაზ თოდრიას მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, აღნიშნულ საქმეში თ.თოდრიას მონაწილეობით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის არც ერთი დანაწესი არ ირღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე თეიმურაზ თოდრიას აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.