ას-1130-1157-2011 5 აგვისტო, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდო.ე, მომხსენებელი)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ლ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უღირს მემკვიდრედ ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ლ-ას მიმართ 2006 წლის 20 სექტემბერს ა. ლ-ასა და ო. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ა.ლ-ას უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მამკვიდრებელ ო.მ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, ... IV მიკრორაიონის მე-19 კორპუსში მდებარე ¹6 ბინის მესაკუთრედ მოსარჩელის აღიარების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ლ-ას ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 14618 ლარის ანაზღაურება, ლ.მ-ს უარი ეთქვა 2006 წლის 20 სექტემბერს ა.ლ-ასა და ო.მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ლ-ამ, მოითხოვა თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის მიმართვით ა.ლ-ას სააპელაციო საჩივარი, როგორც საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ამავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სასარგებლოდ 14618 ლარის დაკისრების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით, 366-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და მიიჩნია, რომ კანონმდებლობა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ლ-ას წარმომადგენელმა მაია ჭრელაშვილმა, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, საქალაქო სასამართლოს 2011 წლის განჩინების გაუქმება, რომლითაც ა.ლ-ას საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად, ასევე საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ა.ლ-ას სახელით შეტანილი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივრის შეტანისათვის დადგენილი საპროცესო ვადის 3 (სამი) დღით დარღვევის გამო, აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც და განუხილველად დატოვა საჩივარი.
ა. ლ-ა ჰოლანდიის მოქალაქეა, ვერ ფლობს ქართულ ენას და საქმის შინაარსობრივი და ფაქტობრივი გარემოებები მისთვის უცნობია. 2010 წლის 22 ნოემბერს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უშუალოდ ა.ლ-ასათვის ნიდერლანდებში ჩაბარების თაობაზე საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხის წარმომადგენელმა დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რადგანაც გადაწტყვეტილება მისი გასაჩივრების წესად სწორედ სააპელაციო საჩივრის შეტანას მიუთითებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარისათვის სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ას კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმით დადგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავში მოცემული წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის საგამონაკლისო შემთხვევები და კანონმდებელი კერძო საჩივრის დაშვებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ განჩინების მიმართ, რომლის გასაჩივრების წესად საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
განსახილველ შემთხვევაში ა. ლ-ა კერძო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნად მიუთითებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, რაც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ა.ლ-ას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.
რაც შეეხება ამავე კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინებას, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ა.ლ-ას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით შეტანილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს კერძო საჩივრის შეტანას, თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაა გამოტანილი, აღნიშნულ საკითხზე კერძო საჩივრის განხილვის უფლება სააპელაციო პალატას გააჩნია, რომლის გადაწყვეტილებაც, თანახმად ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, საბოლოოა და მისი საკასაციო წესით გასაჩივრება აღარ დაიშვება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი ასევე განუხილველად უნდა იქნას დატოვებული დაუშვებლობის გამო.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის იმ განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც ა.ლ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაწილში ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის მიმართვით, როგორც საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ამავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სასარგებლოდ 14618 ლარის დაკისრების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი დაუსწრებელი გადაწყვეტლების გამომტანი სასამართლოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 366-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები. ანალოგიური დანაწესი გათვალისწინებულია სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლითაც.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, ა.ლ-ას საჩივარი განსახილველად მიმართვის საფუძველზე დაუბრუნა განსჯად პირველი ინსტანციის სასამართლოს და, მეორე მხრივ, 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით განუხილველად დატოვა იგი, რითაც დაარღვია კანონი, კერძოდ, მას ამავე განჩინებით უნდა განესაზღვრა, რომ განსახილველად გადაცემული სააპელაციო საჩივარი, სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, საჩივარი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე, რომლის საფუძვლიანობის შემოწმება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს კომპეტენციაა და სწორედ ამ განჩინებით უნდა ემსჯელა განსჯადი სასამართლოსათვის საჩივრის განსახილველად გადაცემის საკითხზე. დასახელებული გარემოებები ქმნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების უტყუარ საფუძველს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტებს, რომ ა.ლ-ა არ არის საქართველოს მოქალაქე, არ იცის ქართული ენა, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასთან მიმართებით მის მოსაზრებებს, ვინაიდან აღნიშნული, განსახილველი კერძო საჩივრის საფუძვლებს არ წარმოადგენს, არამედ მიმართულია საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2011 წლის 18 მაისის განჩინების გამოტანის ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობებისკენ და, როგორც უკვე აღინიშნა, რადგანაც ამ ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებელია, საკასაციო პალატა არც ამ არგუმენტების მართებულობაზეა უფლებამოსილი გააკეთოს სამართლებრივი შეფასება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მითითებული არგუმენტების მართებულობას სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეაფასებს, ვინაიდან მის წარმოებაშია ა.ლ-ას კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის განჩინებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ა. ლ-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ლ-ას კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. ა. ლ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.