ას-1138-1027-2010 3 აგვისტო, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ჭ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იპოთეკის საგნის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჭ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იპოთეკის საგნის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივნისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო. მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... შესახვევის ¹11-ში მდებარე 53.32 კვ.მ უძრავი ქონება და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აღირიცხა ზ. ქ-ის საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით კი გ. ჭ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, 2010 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჭ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გ. ჭ-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება გ. ჭ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იპოთეკის საგნის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გ. ჭ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე _ გ. ჭ-ის გარდაცვალებიდან 7 თვემდე.
როგორც გ. ჭ-ის გარდაცვალების მოწმობიდან ირკვევა, გ. ჭ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 7 ნოემბერს. გარდაცვალებიდან 7 თვე გავიდა 2011 წლის 7 ივნისს.
2011 წლის 6 ივნისს გ. ჭ-ის მეუღლე გ. ზ-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 2 თვით. მან მიუთითა, რომ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. მის პირადობისა და ქორწინების მოწმობაში არის უზუსტობა, რის გამოც იგი უნდა შესწორდეს და ამის საფუძველზე გაიცემა საკვიდრო მოწმობა. ვინაიდან საბუთების შესწორებას სჭირდება დრო, მან მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, ვინაიდან ვერ ასწრებს სასამრთლოს მიერ დანიშნულ ვადაში აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით გ. ჭ-ის მეუღლე გ. ზ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 2011 წლის 7 ივლისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გ. ჭ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ზ. ქ-ის სარჩელისა გამო გ. ჭ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკის საგნის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საქმის წარმოება შეჩერდა გ. ჭ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შემდეგი ვადით: გ. ჭ-ის გარდაცვალებიდან, 2010 წლის 7 ნოემბრიდან 7 თვის ვადით 2011 წლის 7 ივნისამდე.
2011 წლის 6 ივნისს გ. ჭ-ის მეუღლე გ. ზ-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 2 თვით. მან მიუთითა, რომ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. მის პირადობისა და ქორწინების მოწმობაში არის უზუსტობა, რის გამოც იგი უნდა შესწორდეს, რასაც სჭირდება დრო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით გ. ჭ-ის მეუღლე გ. ზ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 2011 წლის 7 ივლისამდე.
2011 წლის 6 ივლისს გ. ზ-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და ისევ მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის წარსადგენად დადგენილი ვადის გაგრძელება 4 დღით ანუ 12 ივლისამდე. 2011 წლის 25 ივლისს კი სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ჭ-ის შვილმა _ თეა ჭ-მა და მოითხოვა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება 15 დღით, იმის გამო, რომ გ. მზ-ს გარდაეცვალა დედა და იგი იმყოფება რაიონში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გ. ზ-ს სასამართლოში სამკვიდრო მოწმობა 2011 წლის 7 ივნისამდე უნდა წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ მას გაუგრძელდა ვადა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად, მან დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზს განმცხადებელი ვერ ადასტურებს, ხოლო საპროცესო ვადის უსაფუძვლო გაგრძელება კანონით დაუშვებელია და არღვევს მოწინააღმდეგე მხარის უფლებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალებისას) _ გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჭ-ის კერძო საჩივარი უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჭ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.