Facebook Twitter

ას-822-874-2011 1 აგვისტო, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. მ-ის მიმართ სესხად გაცემული თანხის _ 6000 აშშ დოლარის, სარგებლის _ ძირითადი თანხის 5%-ისა დაკისრებისა და ქ.ბათუმში, გ-ვის ქ¹38-ში მდებარე 56.47 კვ.მ იპოთეკით დატვირთული ¹27 ბინის რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ. მ-ს დაეკისრა მ. გ-ას სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მასზე დარიცხული ყოველთვიური 5%-ის გადახდა, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის 5900 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს. დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდა ქ.ბათუმში, გ-ვის ქ¹38-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული, შ.მ-ის საკუთრებაში რიცხული ¹27 ბინის რეალიზაცია. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 656 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული 2011 წლის 10 მარტის სატელეფონო შეტყობინების აქტებით დადგენილად მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტ შ. მ-სა და მოწინააღმდეგე მხარე მ. გ-ას წარმომადგენელ თორნიკე ნინიძეს 2011 წლის 29 მარტის სასამართლოს მთავარი სხდომის დღის შესახებ ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით, ამდენად, მხარეებისათვის ცნობილი იყო სასამართლო უწყების შინაარსი, ხოლო გამოუცხადებელ მხარეებს სასამართლოსთვის არ უცნობებიათ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან 2011 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შ. მ-ი, ასევე მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ა და მისი წარმომადგენელი თორნიკე ნინიძე, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად. ამავე განჩინებით, შ. მ-ს დაეკისრა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 476 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებით დაკისრებული სახელმწიფი ბაჟის 476 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ან საქმის წარმოების დროებით შეჩერება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას თვალთმაქცურად, მოტყუების გზით დაადებინეს იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკის ძირითადი პირობა არ შესრულდა და მისთვის თანხა არ გადაუციათ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შ.მ-მა მიმართა პროკურატურას, სადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

შ.მ-ის განმარტებით, მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის გამო, იძულების წესით გაიყიდა მისივე კუთვნილი ქ.ბათუმში, გ-ვის ქუჩა ¹38-ში მდებარე ¹27 ბინა. შ.მ-ი აღნიშნავს, რომ მას სხვა ქონება არ გააჩნია, არის მარტოხელა, უმუშევარი, იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება, მას ასევე არ შეუძლია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის _ 476 აშშ დოლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმით დადგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავში მოცემული წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის საგამონაკლისო შემთხვევები და კანონმდებელი კერძო საჩივრის დაშვებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ განჩინების მიმართ, რომლის გასაჩივრების წესად საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.

განსახილველ შემთხვევაში შ.მ-ი კერძო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნად მიუთითებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიმართ კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისიწნებს, რაც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შ.მ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკამყოფილებს კერძო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე და/ან მისი წარმომადგენელი, რომელთაც სასამართლოს მთავარი სხდომის დროის შესახებ ეცნობათ სატელეფონო შეტყობინების გზით (იხ. ტ.II, ს.ფ.143-144).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. მითითებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესახებ აცნობოს მითითებულ პირთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს. ამ სუბიექტებიდან რომელიმეს ინფორმირება კი, საკმარისია საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ უწყება შესაძლოა მხარეს (წარმომადგენელს) ჩაბარდეს ასევე ტელეფონით.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტებისა და კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე მხარის ინფორმირების ფაქტს და აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შ.მ-ს აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის და საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა გახდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია აპელანტისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ხოლო მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიული შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი.

მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს რა ის გარემოება, რომ აპელატი და მოწინააღმდეგე მხარე (მისი წარმომადგენელი რწმუნებულება იხ. ტ.II, ს.ფ.24) სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა კანონის ზემოაღნიშნული ნორმებით და სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

რაც შეეხება შ.მ-ის მითითებას, რომ ის სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულს და მას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლედ ვერ მიიჩნევს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კერძო საჩივრით მხარეს არც კანონით გათვალისწინებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის და არც სხვა საპატიო მიზეზის თაობაზე მიუთითებია, რისი დადასტურებაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს შ.მ-ის მითითებას გასაჩივრებული განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 476 აშშ დოლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ არასწორად დაკისრების თაობაზე, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული განჩინების გამოტანის საფუძველი გახდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე აპელანტს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე. ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმა საჩივრის ავტორისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შ.მ-ს უნდა დაკისრებოდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 476 აშშ დოლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე (სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება) და 280-ე მუხლის (სასამართლოს უფლება შეაჩეროს საქმის წარმოება) არც ერთი დებულება სისხლის სამართლის საქმის განხილვის გამო საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ერთადერთი საფუძველი, როდესაც სხვა საქმის გადაწყვეტამდე შეუძლებელია საქმის განხილვა და სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და შეეხება იმ საქმეს, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამდენად, შ.მ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნა ასევე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.მ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. მ-ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. შ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების, ამავე განჩინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.