¹ ბს-1289-864(კ-05) 15 თებერვალი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
მესამე პირი _ ნ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი _ აუქციონის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 22 ნოემბერს თ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირად მიუთითა ნ. გ-ეზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2004 წლის 31 აგვისტოს სასამართლო აღმასრულებელმა დანიშნა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი მის საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ........ ¹16, ბინა 30, მაგრამ მყიდველის არარსებობის გამო, ბინის რეალიზაცია არ მოხდა. აუქციონის ოქმში აღინიშნა, რომ განმეორებითი იძულებითი აუქციონი დაინიშნებოდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-77-ე მუხლების მიხედვით, თუმცა 2004 წლის სექტემბერში ისე დაინიშნა და ჩატარდა განმეორებითი აუქციონი, რომ მისი ჩატარების დრო და ადგილი სასამართლო აღმასრულებელს მოსარჩელისთვის არ უცნობებია, მაშინ, როდესაც ხსენებული კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებული იყო, მისთვის უწყებით ეცნობებინა აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი. მოსარჩელე, თავის მხრივ, მზად იყო განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე განცხადებით მიემართა სასამართლოსთვის აუქციონის ჩატარების შეჩერების თაობაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 304-ე მუხლის თანახმად, თავიდან აეცილებინა მისი ჩატარება, რაც ვერ შეძლო სასამართლო აღმასრულებლის უკანონო მოქმედების შედეგად. მოსარჩელის ბინის აუქციონზე რეალიზაცია მოხდა ისე, რომ მისთვის არ უცნობებიათ აუქციონის დრო და ადგილი, რამაც მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულის შედეგად უხეშად დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა.
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედებისა და 2004 წლის 23 სექტემბრის განკარგულების უკანონოდ ცნობა და 2004 წლის 21 სექტემბრის განმეორებითი იძულებითი აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა, აგრეთვე _ ქ. თბილისში, ......... ¹16-ში მდებარე 30-ე ბინაზე მისი საკუთრების უფლების აღდგენა.
ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო თ. მ-ის სარჩელი და აღნიშნა, რომ ხსენებული სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან პირველ იძულებით აუქციონს ესწრებოდა თვითონ მოვალე თ. მ-ი და მისი არაოფიციალური წარმომადგენელი მ. ო-ე. ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ მეორე აუქციონის ჩატარების შესახებ თ. მ-ს გაუგზავნა დაზღვეული წერილი, რომელიც თ. მ-ს ჩაჰბარდა 2004 წლის 15 სექტემბერს (ფოსტიდან ამონაწერის ასლი ერთვოდა შესაგებელს) და მეორე იძულებითი აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით. აღნიშნულ აუქციონს, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ დაესწრო თ. მ-ი, ხოლო დაესწრო მისი არაოფიციალური წარმომადგენელი მ. ო-ე, რომელმაც თავისი დასწრება დაადასტურა ორ ოქმზე ხელმოწერით. ამდენად, მეორე იძულებითი აუქციონის ჩატარებით არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2004 წლის 21 სექტემბერს გამართა განმეორებითი იძულებითი აუქციონი, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2004 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თ. მ-ი ინფორმირებული იყო აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რაც დადასტურებული იყო მოცემულ საქმეში ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი ¹......... სააღსრულებო საქმის 29-ე ფურცელზე არსებული დაზღვეული წერილის გზავნილის ქვითრის დედნით, რომელზეც ჩაბარების თარიღად მითითებულია 2004 წლის 15 სექტემბერი, ხოლო მიმღებად “მ-ი”. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ გააჩნდა საფუძველი, ეჭვი შეეტანა ზემოხსენებული საფოსტო ქვითრის ნამდვილობაში, მით უმეტეს, რომ თ. მ-ს პირველი აუქციონის ჩატარებაც ფოსტის მეშვეობით ეცნობა, რომელშიც მან თვითონ მიიღო მონაწილეობა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ საფოსტო გზავნილის ქვითარი დაზღვეული კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ განმეორებითი აუქციონის ჩატარების დღე ცნობილი იყო აპელანტისთვისაც, ხოლო სხვა რაიმე არგუმენტი აპელანტს არ წარუდგენია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
კასატორის განმარტებით, მას სასამართლო უწყებით ეცნობა, რომ სხდომა დანიშნული იყო 14.00 საათზე და დროულად გამოცხადდა სასამართლოში, ხოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებოდა სხდომის დაწყებას, რის შემდეგაც დატოვა სასამართლოს შენობა, ვინაიდან იფიქრა, რომ სხდომა აღარ შედგებოდა. როგორც შემდგომ კასატორმა გაიგო, სასამართლო ჩატარდა, ხოლო მის მიერ მიღებული განჩინება ჩაიბარა 2004 წლის 27 ივლისს. არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ თ. მ-ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ვინაიდან იგი დროულად გამოცხადდა სასამართლოში, მაგრამ სხდომას ვერ დაესწრო მისივე ბრალის გარეშე _ მას არ აცნობეს, თუ რატომ არ ტარდებოდა სასამართლო სხდომა. კასატორისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზიც რომ ყოფილიყო სახეზე (რაც სასამართლოს არ გაურკვევია), ეს იქნებოდა პირველი და არა განმეორებით არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და სასამართლო სხდომა ჩაატარა კანონის დარღვევით, რასაც მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატამ სრულად არ შეისწავლა საქმის მასალები და მტკიცებულებები, ვინაიდან კასატორი ამტკიცებდა, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ გაგზავნილი საფოსტო შეტყობინება არ მიუღია და ხელმოწერა, თუ იგი არსებობდა, არ ეკუთვნოდა ადრესატს. ის ფაქტი, რომ ხელმოწერა ნამდვილად თ. მ-ს ეკუთვნის და მან შეტყობინება მიიღო, არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას შეეძლო თავისი ინიციატივით გამოეთხოვა სათანადო მტკიცებულებები ქ. თბილისის ¹90 ფოსტიდან, ხოლო სასამართლო სხდომაზე კასატორის დასწრების შემთხვევაში, იგი თვითონ მოითხოვდა აღნიშნული მტკიცებულების გამოთხოვას და თუ აღმოჩნდებოდა მასზე მისი ხელმოწერა, აუცილებელი გახდებოდა კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად, ვინაიდან თ. მ-ს რეალურად არანაირი შეტყობინება არ მიუღია და, შესაბამისად, არც ხელი მოუწერია, ხოლო დაზღვეული წერილის გაგზავნა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადრესატის მიერ მის მიღებას. აქედან გამომდინარე, შესაბამის მტკიცებულებათა უტყუარობა საეჭვოა და არ შეიძლება მათი სარწმუნო მტკიცებულებებად მიჩნევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერება, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემული საქმის მასალებიდან, კერძოდ, პირველი იძულებითი აუქციონის შესახებ ოქმიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2004 წლის 31 აგვისტოს ჩაატარა პირველი იძულებითი აუქციონი თ. მ-ის საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ......... ¹16 (ბინა 30), მაგრამ მყიდველთა გამოუცხადებლობისა და არარსებობის გამო, აღნიშნული ბინის რეალიზაცია არ შედგა. ხსენებულ ოქმში აღინიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-77-ე მუხლების თანახმად, დაინიშნებოდა განმეორებითი იძულებითი აუქციონი. თ. მ-ის საცხოვრებელ ბინაზე განმეორებითი იძულებითი საჯარო აუქციონის 2004 წლის 21 სექტემბერს გამართვის თაობაზე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2004 წლის 10 სექტემბერს თ. მ-ს გაუგზავნა წერილი-შეტყობინება. განმეორებითი იძულებითი აუქციონის შესახებ ოქმიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ იძულებით აუქციონში მონაწილე ნ. გ-ემ გამოთქვა აუქციონზე გამოტანილი უძრავი ქონების შეძენის სურვილი და შეიძინა კიდეც იგი. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების მიღების ქვითრიდან ირკვევა, რომ თ. მ-ს განმეორებითი იძულებითი აუქციონის გამართვის შესახებ აღნიშნული საფოსტო შეტყობინება ჩაჰბარდა 2004 წლის 15 სექტემბერს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2004 წლის 21 სექტემბერს განმეორებითი იძულებითი აუქციონის გამართვის შესახებ საფოსტო შეტყობინების თ. მ-ისთვის 2004 წლის 15 სექტემბერს ჩაბარების ფაქტი უდავოდაა დადგენილი მოცემული საქმის მასალებით, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ქვითარზე არის თ. მ-ის ხელმოწერა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის XIII თავში მოცემულია ნორმები იძულებითი აუქციონის შესახებ. აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიცვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა და განმეორებითი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს დროულად აცნობა შესაბამისი უწყების გადაცემით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თ. მ-ი ინფორმირებული იყო აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რაც დადასტურებული იყო მოცემულ საქმეში ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი სააღსრულებო საქმის 29-ე ფურცელზე არსებული დაზღვეული წერილის გზავნილის ქვითრის დედნით, რომელზეც ჩაბარების თარიღად მითითებული იყო 2004 წლის 15 სექტემბერი, ხოლო მიმღებად “მ-ი”.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ არ არსებობს ზემოხსენებული საფოსტო ქვითრის ნამდვილობაში ეჭვი შეტანის საფუძველი, მით უმეტეს, რომ თ. მ-ს პირველი აუქციონის ჩატარებაც ფოსტის მეშვეობით ეცნობა, რომელშიც მან თვითონ მიიღო მონაწილეობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა თ. მ-ის არგუმენტი ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ და მართებულად მიიჩნია, რომ საფოსტო გზავნილის ქვითარი დაზღვეული კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ განმეორებითი აუქციონის ჩატარების დღე ცნობილი იყო თ. მ-ისთვის.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და სასამართლო სხდომა ჩაატარა კანონის დარღვევით, რასაც მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება და სააპელაციო პალატამ სრულად არ შეისწავლა საქმის მასალები და მტკიცებულებები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას რეალურად არანაირი უწყება არ მიუღია განმეორებითი აუქციონის თაობაზე. აღნიშნული მოსაზრების ნამდვილობის დასადასტურებლად კასატორს არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსთვის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის მასალებით დამტკიცებულია, რომ თ. მ-მა ნამდვილად ჩაიბარა შესაბამისი შეტყობინება და იცოდა განმეორებითი იძულებითი აუქციონის გამართვის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. თ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.