ას-923-962-2011 05 აგვისტო, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. რ-ამ მოპასუხე მ. დ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2010 წლის 14 აპრილს ნოტარიულად დამოწმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად აღიარება (ს.ფ. 2-13).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ა. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 207-208).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. რ-ამ (ს.ფ. 218-228).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით ა. რ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ა. რ-ას ჩაჰბარდა 2011 წლის 1 აპრილს; ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 26 აპრილს, რომელიც 2011 წლის 27 აპრილს გადაგზავნილ იქნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე დასართავად და მასთან ერთად გადმოგზავნის მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, 374-ე მუხლზე, რომლებიც ადგენენ, რომ: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან; ფოსტის ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით; სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ა. რ-ას გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2011 წლის 1 აპრილს. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2011 წლის 15 აპრილი. მიუხედავად ამისა, ა. რ-ამ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2011 წლის 26 აპრილს, ანუ სააპელაციო საჩივრის 14-დღიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის დანაწესიდან და განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ს.ფ. 231-233).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 მაისის განჩინება ა. რ-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ა. რ-ას ჩაჰბარდა 2011 წლის 1 აპრილს, რაზეც მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა ფოსტის მეშვეობით, 2011 წლის 15 აპრილს. აღნიშნულს ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ქვითარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო საჩივრის ფოსტაში დროულად ჩაბარების შემთხვევაში ვადა დაცულად ითვლება. აქედან გამომდინარე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია შეტანილი, რის გამოც იგი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. რ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინება და ა. რ-ას სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლის დასაწყისად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აპელანტ ა. რ-ასათვის ჩაბარების დღე _ 2011 წლის 1 აპრილი, ხოლო ამ ვადის დასრულების დღედ _ 2011 წლის 26 აპრილი. აღნიშნული თარიღის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ა. რ-ას სააპელაციო საჩივარზე დასმული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შტამპი, რომელშიც სააპელაციო საჩივრის შემოსვლის თარიღად მითითებულია 2011 წლის 26 აპრილი. მითითებული დროისათვის აპელანტის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა უკვე გასული იყო.
წარმოდგენილი კერძო საჩივრით ა. რ-ა სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის შეტანის ზემოაღნიშნულ თარიღს, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააპელაციო საჩივრის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივრის ასლს, რომელიც არაა ჩაკერებული საქმეში, თან ერთვის საფოსტო კონვერტი, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით 2011 წლის 15 აპრილს. აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა. რ-ას მიერ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით სწორედ 2011 წლის 15 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე, კერძოდ, 2011 წლის 15 აპრილს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა არ გაუშვია. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების საფუძვლით ა. რ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. რ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ნოემბრის განჩინება და საქმე ა. რ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.