Facebook Twitter

ას-931-969-2011 1 აგვისტო, 2011 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჯ-ის, ნ. ბ-სა და ქ. ო-ძის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: სს „... ბანკსა“ და დ. ჯ-ეს შორის 2008 წლის 29 მაისს 10000 ლარზე გაფორმდა ¹45.61.134 საკრედიტო ხელშეკრულება 36 თვით, წლიური 29%-ით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „... ბანკსა“ და ნ. ბ-ლს შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც მან იკისრა სოლიდარული ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „... ბანკსა“ და ქ. ო-ძეს შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც მან იკისრა სოლიდარული ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე. მსესხებელმა დაარღვია მის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის პირობები. მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 10744.56 ლარს, აქედან ძირითადი თანხა _ 7 765.07 ლარია, პროცენტი - 2608.78 ლარი, ხოლო ჯარიმა _ 370.71 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს 2009 წლის 7 ივლისს გაეგზავნათ გაფრთხილება, შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაენიშნათ საბანკო 14_დღიანი ვადა. მიუხედავად ამისა, ვალდებულება არ შეუსრულებიათ. ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით ბანკმა დაკარგა ის პროცენტი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.

მოპასუხეებმა დ. ჯ-ემ, ნ. ბ-ლმა და ქ. ო-ძემ სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: ბანკი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას და არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად წარმოადგენს ფორსმაჟორულ ვითარებას. ნ. ბ-ლს რაიმე სოლიდარული ვალდებულება სესხის წინასწარ გადახდაზე არ აუღია. მხარეებს შორის საკრედიტო ხელშეკრულების ვადა 2011 წლამდე გრძელდება, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა. რაც შეეხება გრაფიკის დარღვევას, ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული ვითარებებით, საომარი მოქმედებითა და შემდგომი ეკონომიკური კრიზისით. ამგვარ ვითარებაში ბანკის მხრიდან პირგასამტეხლოსა და ჯარიმების გამოყენება გაუმართლებელია. სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არასწორია, ვინაიდან ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების დრო ჯერ არ დამდგარა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, ფორსმაჟორული ვითარების გამო შექმნილი პრობლემა აღმოიფხვრება და ვალდებულებაც შესრულდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ჯ-ეს, ნ. ბ-ლსა და ქ. ო-ძეს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 744,56 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უწყება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა დ. ჯ-ის წარმომადგენელ თ. გ-ეს. შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა ფირმაში მომუშავე ერთ-ერთ იურისტ თ.გ-ეს. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ სს “... ბანკის” წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დააკმაყოფილა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ჯ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის საფუძვლად დასახელდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ჯ-ის წარმომადგენელ თ.გ-ეს 2011 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და სააპელაციო პალატას არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ აცნობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2011 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომის შესახებ ამავე წლის 6 აპრილს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, კერძოდ, სასამართლო უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ თ. გ-ეს და ჩაჰბარდა თგ-ის მიერ მითითებულ მისამართზე საადვოკატო ფირმა ,,მეოხის” ერთ-ერთ იურისტ გიორგაძეს (ტ.2. ს.ფ.50).

აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორს უწყების ჩაბარება სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ უთითებს გასაჩივრებული განჩინების სამართლის ნორმების დარღვევით გამოტანაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაჰბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილი კი ადგენს, რომ მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოხსენებულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთი მათგანის, მათ შორის, წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე მყოფ პირს, რომელიც თავისი ხელმოწერით დაადასტურებს სასამართლო უწყების მიღებას და ადრესატისათვის მისი გადაცემის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უწყების მხარისა და მისი წარმომადგენლის მიერ მიღების თარიღად მიიჩნევა უწყების მიმღები პირის მიერ უწყების მიღების თარიღი.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში 2011 წლის 6 აპრილს აპელანტ დ. ჯ-ის წარმომადგენელ წარმომადგენელ თ.გ-ის სამუშაო ადგილზე თანამშრომლისათვის 2011 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო უწყების ჩაბარება თ. გ-ისა და დ. ჯ-ისათვის ჩაბარებადაც უნდა ჩაითვალოს.

საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის ან სხვა ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს იმ გარემოებათა არსებობა, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა გამოტანილი და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.