Facebook Twitter

¹ას-627-851-08 19 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ტ. ბ-ელი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ფ-შვილი (მოპასუხე)

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ტ. ბ-ელმა მოპასუხე ჟ. ფ-შვილის მიმართ და მოითხოვა გარდაცვლილი გ. ფ-შვილის უფლებამონაცვლე პირების დადგენა, ჟ., გ. და ნ. ფ-შვილების უფლებამონაცვლეებად ცნობა და მათთვის სოლიდარულად 2644 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განჩინება და გ. ფ-შვილს დაეკისრა 2644 ლარის გადახდა ტ. ბ-ელის სასარგებლოდ. გ. ფ-შვილი გარდაიცვალა, რის გამოც ხელი ეშლება კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი არა მარტო გ. ფ-შვილისაგან ითხოვდა თანხის დაკისრებას, არამედ მისი მეუღლის – ჟ. ფ-შვილისაგანაც.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეების თვითნებობის გამო საქმე გაჭიანურდა სასამართლო ინსტანციებში. ამ ხნის მანძილზე კედლის აშენებისათვის საჭირო თანხა გაიზრდა, რის გამოც მოითხოვა მოპასუხეებისათვის 3590 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ბ-ელის სარჩელი მოპასუხეების _ ნ. ფ-შვილისა და დ. ფ-შვილის მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ცნობილ იქნენ ნ. და დ. ფ-შვილები გარდაცვლილ გ. ფ-შვილის უფლებამონაცვლედ, ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე @2\107 და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის საქმეზე @¹2ბ\3087-04 გამოტანილ განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაცვლად დადგინდა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელშიც მოვალე გ. ფ-შვილის ნაცვლად მითითებული იქნებოდნენ მისი უფლებამონაცვლეები – ნ. და დ. ფ-შვილები. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებისათვის 3590 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბ-ელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განჩინებით ტ. ბ-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ტ. ბ-ელმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დავის საგნის ღირებულების გამო. მოცემულ საქმეზე არსებობს ახალი გარემოება, კერძოდ, ექსპერტის დასკვნა, რის საფუძველზეც დადგენილია, რომ მოცემულ პერიოდში ახალი დამოუკიდებელი კედლის აშენებისათვის საჭიროა 4125,9 ლარი, რაც ადასტურებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არის არა 946 ლარი, არამედ 1540,90 ლარი. აღნიშნული გარემოება სასამართლომ არ გაითვილისწინა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ტ. ბ-ელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ამავე კოდექსის 365-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის წინაპირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობაა დავის საგნის ღირებულება სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება სააპელაციო სასამართლოში უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

დადგენილია, რომ ტ. ბ-ელმა 2005 წლის 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გარდაცვლილ გ. ფ-შვილის უფლებამონაცვლე პირების დადგენა და მათთვის სოლიდარულად 2644 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბერის ¹2ბ\3087-04 საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ფ-შვილს დაეკისრა 2644 ლარის გადახდა, თუმცა, მისი გარდაცვალების გამო, იგი ვერ აღსრულდება.

მოგვიანებით, ტ. ბ-ელმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებისათვის არა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი 2644 ლარის დაკისრება, არამედ 3590 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ გაჭიანურდა რა გადაწყვეტილების აღსრულება, ამ ხნის მანძილზე გაიზარდა კედლის აშენებისათვის საჭირო თანხის ოდენობა. ამასთან ერთად, დაზუსტებული სარჩელის დასაბუთების მიზნით, ტ. ბ-ელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2006 წლის 16 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, ტ. ბ-ელის სარჩელი, გარდაცვლილ გ. ფ-შვილის უფლებამონაცვლეების დადგენის ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი 2644 ლარის გადახდა დაეკისრათ გარდაცვლილ გ. ფ-შვილის უფლებამონაცვლედ ცნობილ პირებს – ნ. ფ-შვილსა და დ. ფ-შვილს. რაც შეეხება ტ. ბ-ელის მეორე მოთხოვნას, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი 2644 ლარის ნაცვლად, მოპასუხეებისათვის 3590 ლარის დაკისრებას, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი 2644 ლარის ნაცვლად, მოპასუხეებისათვის 3590 ლარის დაკისრების ნაწილში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ტ. ბ-ელის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხეებისათვის დამატებით (3590-2644) 946 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ტ. ბ-ელის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დადგენილ მოთხოვნას დავის საგნის ღირებულების გამო, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა ტ. ბ-ელის სააპელაციო საჩივარი განუხილევლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ბ-ელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.