Facebook Twitter

საქმე # 330100117002045800

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №600აპ-18 ქ. თბილისი

გ–ე ვ., 600აპ-18 11 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენით ვ. გ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, ახლად დანიშნული სასჯელი შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 31 მაისიდან იმავე წლის 5 ივნისის ჩათვლით.

ვ. გ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 31 მაისს, დაახლოებით 20:20 საათზე, თ............ში, ...........ის ხიდიდან მდინარე ........... მარცხენა სანაპიროზე ჩამავალ პანდუსზე, ვ. გ–ე იმყოფებოდა მ. მ–ს კუთვნილ ,,ვოლვოს” ფირმის ავტომანქანაში (სახ.#......), რა დროსაც უკანონოდ ინახავდა მის მიერ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ, ამინოფენილ-ეთანოლის ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება - a-PVP-ს შემცველ მოთეთრო ფერის ნივთიერებას (გრანულების სახით) და ინსულინის შპრიცს, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისა და ,,ვოლვოს” ფირმის ავტომანქანის (სახ.#.........) ჩხრეკის შედეგად.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტის ნაწილში და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ვ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, ახლად დანიშნული სასჯელი შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ვ. გ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 31 მაისიდან იმავე წლის 5 ივნისის ჩათვლით.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია ვ. გ–ს მიმართ 2017 წლის 3 ივნისის N10დ/2563 განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და 2017 წლის 5 ივნისს ზ. ტ–ის (პირადი N..........) მიერ გადახდილი გირაოს თანხა - 4000 ლარი გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გირაოს თანხის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გირაოს თანხის დაბრუნების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს შემდეგს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 ივნისის განჩინებით ვ. გ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 4000 ლარი, მის გადახდამდე პატიმრობით. გირაოს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეტანილ იქნა 2017 წლის 5 ივნისს (გირაოს შემტანი პირი - ზ. ტ–ი), რის შემდეგაც ვ. გ–ე გათავისუფლდა პატიმრობიდან. წარმოდგენილი ოქმების თანახმად, როგორც გირაოს შემტანი პირი (ზ. ტ–ი), ისე ბრალდებული ვ. გ–ე გაფრთხილებულები იქნენ გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე.

4. სსსკ-ის მე-200 მუხლი გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის და უძრავი ქონების დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ 2 შემთხვევაში: მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას. კერძოდ, მე-8 ნაწილი გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის და უძრავი ქონების დაბრუნებას ითვალისწინებს კუმულაციურად 2 პირობის არსებობის შემთხვევაში: თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოქმედების პერიოდში ვ. გ–მ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც დასტურდება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით. შესაბამისად, დარღვეულია სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის დაბრუნების შესაძლებლობა.

5. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის და უძრავი ქონების დაბრუნების შესაძლებლობას სსსკ-ის მე-200 მუხლი ითვალისწინებს ასევე ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც, „თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში“. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რომ გირაოს შემტან პირს - ვ. ტ–ს პროცესის მწარმოებელი სუბიექტისთვის არ მიუმართია წერილობით, რომ იგი ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას. შესაბამისად, არ არსებობს არც მე-200 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

6. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული ვ. გ–ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, - მოხდისაგან.

7. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ. გ–ს უნდა გაუნახევრდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი (მათ შორის - რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად (რაც მოხდილი აქვს), ხოლო დანარჩენი 2 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ. გ–ეს მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 3 სექტემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებული ვ. გ–ე ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, - მოხდისაგან;

4. მსჯავრდებულ ვ. გ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამავე კანონის შესაბამისად, აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);

5. მსჯავრდებულ ვ. გ–ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი (მათ შორის - რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) - 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად (რაც მოხდილი აქვს), ხოლო დანარჩენი 2 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე